თელავში ყოფილმა ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა ჭონქაძის ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით ყოფილმა ქმარმა ჯერ ცოლს ესროლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა. ადგილობრივები „რეზონანსთან" ჰყვებიან, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მამაკაცი თბილისიდან ყოფილ ცოლთან შვილების სანახავად ჩავიდა.
მათივე ინფორმაციით, ცოლ-ქმარი დიდი ხანია ერთად აღარ ცხოვრობენ და მამაკაცი ბავშვების სანახავად ხშირად დადიოდა. გარდაცვლილი ქალის მეზობლები ამბობენ, რომ მკვლელობამდე არანაირი ხმაურის ან ჩხუბის ხმა არ გაუგონიათ. მხოლოდ იარაღიდან ორჯერ გასროლის ხმა გაიგონეს. ადგილზე მისულებს კი ქალი გარდაცვლილი დახვდათ, მამაკაცი კი დაჭრილი. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანა.
„არაფერი ვიცით, რა გახდა მათი კონფლიქტის მიზეზი. ერთ ის ვიცით, რომ ერთად დიდი ხანია აღარ ცხოვრობენ. 50-წლამდე ქალია და ორი შვილი ჰყავთ. კაცი თბილისში ცხოვრობდა და ვხედავდით ხოლმე შვილების სანახავად რომ მოდიოდა. არაფერი ზედმეტი ჩხუბის ხმა არასდროს გაგვიგია.
"როგორც ამბობენ ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც ქმარმა ცოლს ესროლა და შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. ქალი ადგილზევე გარდაიცვალა და ეს მამაკაცი წაიყვანა სასწრაფო დახმარებამ. ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყოო, თქვეს, სხვა ისე არაფერი არ ვიცით",-აცახდებს გარდაცვლილი ქალის მეზობელი.
ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობას წინ ყოფილ ცოლ-ქმარს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. მკვლელობის მოტივს ოჯახის ახლობლები ვერ აკონკრეტებენ. მათი თქმით, ქალი საზღვარგარეთ სამუშაოდ იმყოფებოდა და ახალი დაბრუნებული იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.