საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 20 ვაკანტურ თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატების მოსმენა. წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგით, 23 სექტემბერს კომიტეტს უნდა მოესმინა ორი კანდიდატისთვის - თამარ ალანიასა და მერაბ გაბინაშვილისთვის, თუმცა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს შესთავაზა, რომ დეტალური განხილვის და შეკითხვებზე ამომწურავი პასუხების უზრუნველსაყოფად ყოველ სხდომაზე ერთ კანდიდატისთვსი თამარ ალანიასთვის მოესმინა.
გასაუბრება კომიტეტში სიტყვიერი დაპირისპირების და კამათის ფონზე წარიმართა. ალანიას ის გახმაურებული საქმეები გაუხსენეს, რომელზეც მას განაჩენი აქვს გამოტანილი. მათ შორის არის ე.წ „მუხროვანის ამბოხის" სახელით ცნობილ ბრალდების საქმე, რომელიც მოსამართლე თამარ ალანიას თავმჯდომარეობით თბილისის სააპელაციო სასამართლომ განიხილა. მისმა კოლეგიამ ძირითად ნაწილში ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რეინჯერთა ბატალიონის ყოფილ მეთაურს, ლევან ამირიძეს 28 წლით თავისუფლების აღკვეთა, კობა ოთანაძეს - 29 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჯავშან-სატანკო ბატალიონის ყოფილ მეთაურს, შოთა გორგიაშვილს - 19 წელი შეეფარდათ. 2012 წელს საქართველოს პარლამენტმა მუხროვანის ამბოხის საქმეზე მსჯავრდებული 20 პირი პოლიტიკურ პატიმრად ცნო. ალანია მიიჩნევს რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნებოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და განაჩენი კანონის ფარგლებში იქნა მიღებული.
მას ასევე კითხეს, ახსოვს თუ არა იმ ადამიანის ვინაობა ვინც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა შესთავაზა. ალანიას განცხადებით, მას არ ახსოვს კონკრეტულად ვინ დაუკავშირდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან და აცნობა 2018 წლის დეკემბერში პარლამენტისთვის წარსადგენ სიაში მისი კანდიდატურის ჩასმის შესახებ.
„ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე ასევე დაინტერესდა როგორ მოხვდა თამარ ალანია 2018 წლის დეკემბერში იუსტიციის საბჭოდან გიორგი მიქაუტაძის მიერ პარლამენტისთვის გადაგზავნილ 10-კაციან სიაში და ვინ აცნობა მას კონკრეტულად სიაში ჩასმასთან დაკავშირებით.
„გაიარა თუ არა გიორგი მიქაუტაძემ კონსულტაცია რომ თქვენს ნომინირებას აპირებდა?"- ჰკითხა კახიძემ ალანიას.
როგორც ალანიამ აღნიშნა, მას საბჭოდან მობილური ტელეფონის საშუალებით საბჭოს თანამშრომელი დაუკავშირდა, თუმცა მას კონკრეტულად არ ახსოვს რომელმა თანამშრომელმა დარეკა.
„სატელეფონო საუბარი მქონდა. დამირეკეს, ვიდრე სია წარდგებოდა. ზუსტად არ მახსოვს თანამშრომელი და შემდგომ ყველანი ერთად შევხვდით. მე არ ვიცი ზუსტად რომელი თანამშრომელი იყო. მითხრეს, რომ ბატონ გიორგი მიქაუტაძესთან გვექნებოდა საუბარი. შევხვდით და ვისაუბრეთ",- განაცხადა ალანიამ. მოსამართლემ დასძინა, რომ აღნიშნულ შეხვედრას არ ესწრებოდნენ საბჭოს არამოსამართლე წევრები.
ოთარ კახიძე ასევე დაინტერესდა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის გარშემო მომხდარ სკანდალთან დაკავშირებით, რა დროსაც თამარ ალანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო და კანდიდატს კითხვით მიმართა.
„ტესტებმა გაჟონა, მაშინ როცა ეს იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პასუხისმგებლობა. საბჭოს მდივანი მაშინ ლევან მურუსიძე იყო, თქვენ - წევრი და საბჭოს თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო. სერიოზული დანაშაულია, როდესაც ასეთი უწყებიდან ეს ინფორმაცია გადის. რა ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით და დაადგინა ვინმემ რამე გარემოება? - იკითხა კახიძემ.
რაზეც თამარ ალანიამ უპასუხა, რომ „ეს იყო ძალიან რთული საკითხი სასამართლოსთვისაც, რადგან მსგავსს არ ჰქონია ადგილი არც მანამდე და არც მერე, რაც ეს ფაქტი დაფიქსირდა".
„საბჭომ აწარმოა მოკვლევა ყველა შიდა ინფორმაციაზე, რაც გააჩნდა, ეს არის ფარული და საიდუმლო - ტესტებს ვინ ადგენს, როგორ დგება, ეს არის საიდუმლო ინფორმაცია. ეს ინფორმაცია საბჭომ პროკურატურას გადაუგზავნა. მე არ ვიცი გამოძიებამ რა დაადგინა. მე არ დავუკითხივარ, არ ვიცი დაკითხვაზე იყო თუ არა ბატონი მურუსიძე", - განაცხადა ალანიამ.
იუსტიციის არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის თამარ ალანიას მსგავსად სხვა მოსამართლეებიც მალავენ ვინ შესთავაზა მათ სიაში შეყვანა და კონკრეტული ადამიანების ვინაობას არ ამხელენ.
იუსტიციის არამოსამართლე წევრი ამბობს, რომ როგორც ჩანს, საქმე ადამიანთა იმ ჯგუფთან გვაქვს, რომლებიც ერთიანად შეთანხმდნენ კანდიდატებზე და ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს არ შეატყობინეს.
ჯანეზაშვილი ამბობს, რომ სწორედ ეს ადამიანები არიან ე.წ. კლანის წევრები, რომლებიც ყველაფერს ცდილობენ იმისთვის, რათა ისევ იმ კანდიდატების გაყვანა მოხდეს, რომლებიც წინა 10 კაციან სიაში იყვნენ.
„თამარ ალანია ისევ ის კანდიდატია, რომელიც წინა 10 კაციან სიაშიც იყო. ამიტომაც მის მიმართ გარკვეული ეჭვები არსებობს, რომ ის ე.წ. კლანის წევრების ფავორიტია. ალანია შეგნებულად არ ასახელებს იმ ადამიანის ვინაობას, ვინც მას უზენაესი მოსამართლის კანდიდატობა შესთავაზა.
"ალანიას მსგავსად კიდევ სხვა კანდიდატები არიან, რომლებიც არაფრით ამბობენ, სიაში შეყვანა ვინ შესთავაზათ. ალანია არის იმ ადამიანების რიცხვში, ვინც ჩინჩალაძის ე.წ. კლანის წევრებში დიდი ნდობით სარგებლობს.
"თამარ ალანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო. მის მიმართ ძალიან ბევრი კითხვებია დაგროვილი, თუნდაც მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ის ხელს აწერდა და ყოველთვის თავგამოდებით იცავდა იმ სისტემას, რომელიც მურუსიძე-ჩინჩალაძემ შექმნა", - აცხადებს ჯანეზაშვილი.