დროთა განმავლობაში თეთრის გარდა, სხვა ფერის ტაქსი დედაქალაქში საერთოდ ვეღარ ივლის
თეო გუდავაძე
23.09.2019

 ერთ კვირაში თბილისში, ძირითადად, თეთრი ტაქსები უნდა მოძრაობდნენ. შეზღუდვა პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება და თვითდასაქმებულ მძღოლებს ბევრ თავსატეხს გაუჩენს. "ბიზნეს-რეზონანსი" დაინტერესდა, ზუსტად რა შეზღუდვები დაუწესდებათ ტაქსისტებს, გარდა იმისა, რომ ავტომობილი თეთრი უნდა იყოს და რა განსხვავებაა "ა" და "ბ" კატეგორიის ტაქსებს შორის. 

ძალიან მალე თბილისში მოძრავი ლიცენზირებული ტაქსები თეთრი ფერის, მარცხენასაჭიანი და ხუთკარიანი უნდა იყოს, გავლილი ჰქონდეს ტექდათვალიერება, ასევე ფლობდეს ლიცენზიას, რომელიც ამჟამად თბილისში 31 784 მძღოლს აქვს აღებული. თბილისის მერია უზრუნველყოფს "ა" კატეგორიის ტაქსებს (თეტღი ფერია ავტომობილებს) ახალი ტიპის ტრაფარეტებით, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი მარტივად მიხვდება გამვლელი ტაქსი არის თუ არა თავისუფალი. 

მერიის სატრანსპორტო სამსახურში აცხადებენ, რომ მონიტორინგი აუცილებლად ჩატარდება ქუჩებში და მუნიციპალიტეტს ამ საქმეში დაეხმარება საპატრულო პოლიციაც. მძღოლები დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმდებიან. "ა" კატეგორიის ტაქსების შესაძლებლობა ექნებათ, ქუჩიდანაც აიყვანონ მგზავრები და იმავდროულად აპლიკაციითაც ისარგებლონ, ხოლო "ბ" კატეგორიის ტაქსს არ ექნება, უფლება ტაქსის ტრაფარეტი გამოიყენოს და ქუჩიდან აიყვანოს მგზავრი, მათ მხოლოდ შეეძლებათ აპლიკაციის გამოყენება და "ქოლ ცენტრიდან" შეკვეთის მიღება. 

"ფიქსირებული გადასახადი ტაქსებისათვის, ორივე კატეგორიას თანაბარი ექნება. ელექტრომობილები არ გადაიხდიან არც ერთ თეთრს, ჰიბრიდები - 50 ლარს ხოლო შიგაწვის ძრავიანი ავტომობილები - 100 ლარს. ეს იქნება გადასახადი, რომელსაც მძღოლი წელიწადში ერთხელ გადაიხდის. თეთრ ავტომობილებს ქუჩაში მგზავრის აყვანის უფლება ექნება და იმავდროულად შეეძლება შეკვეთები როგორც აპლიკაციიდან ასევე "ქოლ ცენტრიდანაც" მიიღოს, ხოლო "ბ" კატეგორიის ავტომობილებს ამის ფლება არ ექნებათ და მათი სამუშაო დამოკიდებული იქნება მხოლოდ სატაქსო კომპანიებსა და აპლიკაციებზე. 

"ბ" კატეგორიის ავტომობილებს არ ექნებათ უფლება ატარონ ტაქსის ტრაფარეტი, რაც მათ ხელს შეუშლის აპლიკაციის გარეშე მუშაობაში, ხოლო თბილისის მერია ძალიან მალე დაურიგებს მძღოლებს სპეციალურ ტრაფარეტებს, რომელიც ორ ფერად - წითლად და მწვანედ განათდება. მძღოლს თუკი ექნება მწვანე ფერი ანთებული, ეს ნიშნავს, რომ ტაქსი არის თავისუფალი, ხოლო თუ წითელი ნათურით გაანათებს, ესე იგი ტაქსი დაკავებულია. ქუჩაში მდგომი ადამიანი მარტივად მიხვდება და მისთვისაც უფრო მოსახერხებელი იქნება, მძღოლისთვისაც და ზოგადად ყველასთვის. 

ავტომობილებზე სარეკლამო სივრცე იქნება. ეს ადგილებია მარჯვენა და მარცხენა კარებებზე და უკანა საქარე მინა, რომელიც შეეძლებათ გამოიყენონ რეკლამის განსათავსებლად. "ა" კატეგორიის ტაქსებს შესაძლებლობა ექნებათ უფასო პარკირებით ისარგებლონ, მათთვის განკუთვნილ ადგილას. მთავარია, რომ "ა" კატეგორიის ტაქსი არავითარ შემთხვევაში არ იყოს მარჯვენასაჭიანი და ორკარიანი", - განუცხადეს "ბიზნეს-რეზონანს" თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურში. 

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მერმა რეგულაციების ამოქმედებამდე, პირველ ეტაპზევე განაცხადა, რომ დედაქალაქში ძალიან იაფია ტაქსი და ასე არ უნდა გაგრძელდეს, მგზავრობის ღირებულების მატებაზე საუბარს ამ დრომდე ყველა ერიდება. არადა, ფაქტია, რეგულაციები ყოველთვის ახდენს ზეგავლენას ბაზარზე და საფასო პოლიტიკაზე. 

"პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ სფეროს მოწესრიგება ნამდვილად სჭირდება და რეგულაციაც დროული იყო. მისი აზრით, ახალი წესები მომსახურებას არ გააძვირებს 

"ტაქსით გადაადგილების ფასი არ გაიზრდება მხოლოდ იმიტომ, რომ მძღოლებს რაღაც აკრძალვები აქვთ ან ავტომობილების გადაღებვა მოუწიათ. მგზავრობის ღირებულების ზრდა მეტწილად ყოველთვის დამოკიდებულია საწვავის ფასზე. ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1-ლი ოქტომბრიდან ტაქსის მომსახურებაზე ფასი არ გაიზრდება. ამ სფეროში კონკურენცია ისედაც დიდია. საერთოდ კი, ლიცენზიერებული ტაქსები კი ძალიან კარგია, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე კომპანიებისთვისაც",  აღნიშნა კვაშილავამ.  

ბოლო პერიოდში გაჩნდა მოსაზრება, რომ ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად მოიმატებდა მოთხოვნა თეთრი ფერის ავტომობილებზე და განსაკუთრებით ჰობრიდებზე. ტაქსისტები ეცდებოდნენ დროულად შეეცვალათ თავიანთი სატრანსპორტო საშუალება და ეს გამოწვევდა თეთრი მანქანების გაძვირებასაც. ასეთი ტენდენციის შესახებ  ავტოიმპორტიორებს ჯერჯერობით პასუხი არ აქვთ. ისინი "ბიზნეს-რეზონანსთან" ამბობენ, რომ დიდად არც მოთხოვნა გაზრდილა და ამ ეტაპზე თეთრი ფერის ავტომობილის ფასზეც ახალ რეგულაციას გავლენა არ მოუხდენია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×