ერთ კვირაში ხორბლის საავტომობილო გზით ქვეყანაში შემოტანა საბოლოოდ აიკრძალება, რაც ბუნებრივად გამოიწვევს ტრანსპორტირების ფასის ზრდას და შესაბამისად, მოიმატებს პურის ღირებულებაც. ეს იმ შემთხვევაში, თუკი ფინანსთა სამინისტრო მორატორიუმის ვადას არ გაახანგრძლივებს, რომელიც შარშან პირველ ოქტომბერს ამოქმედდა.
2018 წელს ფინანსთა მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიაზე ხორბლის იმპორტისა და ექსპორტისას გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. კერძოდ, საბაჟო ტერიტორიიდან აღნიშნული პროდუქციის გატანა შესაძლებელი გახდა მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით. ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის თანხმობით, კი საქონლის შემოტანა/გატანა შესაძლებელია განხორციელდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებით.
ფინანსთა სამინისტროს აღნიშნულ გადაწყვეტილებას გასული წლის ზაფხულში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისა და ხორბლის ექსპორტ/იმპორტიორების ნაწილის პროტესტი მოჰყვა, რის შემდეგაც ფინანსთა მინისტრმა გადაწყვეტილების ძალაში შესვლა ერთი წლით გადაავადა. მორატორიუმს ვადა ზუსტად ერთ კვირაში, 1-ელ ოქტომბერს გაუვა. ,,ბიზნეს-რეზონანსი” მთელი დღის განმავლობაში, უშედეგოდ ცდილობდა დაკავშირებოდა ფინანსთა სამინისტროს და მიეღო პასუხი, გაგრძელდება მორატორიუმი თუ ქართული ბაზარი ახალი რეალობის წინაშე დადგება.
რამდენიმე დღის განმავლობაში ,,ბიზნეს-რეზონანსი” უშედეგოდ ცდილობდა კომენტარის მოპოვებას ეკონომიკის სამინისტროდანაც. მიუხედავად დაპირებისა, უწყებში არ ამბობენ, რა ალეტრნატიული გზებით და რამდენი ხორბალი შემოვა. არც იმაზე აკეთებენ კომენტარს, რამდენია დღეს საქართველოში ხორბლის მარაგი.
სამაგიეროდ, საკმაოდ პესიმისტურ პროგნოზი აქვთ დარგში მომუშავე ბიზნესმენებს და სპეციალისტებს. პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი მალხაზ დოლიძე ,,ბიზნეს-რეზონანსთან” ამბობს, რომ თუ მორატორიუმი კიდევ ერთხელ არ გადავადდა, საქართველოში პური და პურპროდუქტები გარდაუვალად გაძვირდება.
,,ფასწარმოქმნაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს დიდი სატვირთო მანქანებით შემოტანილი ხორბალი. წესით ოქტომბრიდან მათ ტრანსპორტირება აეკრძალებათ, ამ დროს კი ყაზახეთიდან არ ისმის კარგი ამბები. როგორც ცნობილია, წელს იქ საკმაოდ დაბალი მოსავალია. შესაბამისად, დროებით მაინც აუცილებელია მორატორიუმის ვადის გახანგრძლივება.
პური დღეს ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია და არ შეიძლება მის ფასზე ასეთი დარტყმის მიყენება. მგონია, რომ ასეთი ხისტი გადაწყვეტილებები არ არის კარგად გაანალიზებული და შესწავლილი.
ისედაც საკმაოდ მაღალია ფქვილის ფასი 1 კგ დაახლოებით 1.20 ლარი ღირს. კიდევ უფრო მომატება უკვე კატასტროფულად გააძვირებს პურს. დღეს რა ფასიცაა ფქვილზე, ფაქტობრივად, ადრე არასდროს დაფიქსირებულა ასეთი მაღალი ღირებულება. კიდევ დამატებითი წნეხი ძალიან მტკივნეულად "დაარტყამს" მოსახლეობას, მით უფრო, რომ პურის ფასი ისედაც მხოლოდ წონის კლებისა და ხარისხის დაცემის ხარჯზე ნარჩუნდება”, - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს” დოლიძემ.
მორატორიუმი არათუ უნდა გადავვადეს, არამედ საერთოდ უნდა მოიხსნას. ასე აფასებს ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა დღეს ბაზარზე შექმნილ მდგომარეობას. მისი აზრით, კანონი ბაზარზე კონკურენციას საგრძნობლად შეზღუდავს.
,,საქართველოს ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის პოზიცია თავიდანვე იყო ის, რომ ჩვენ ამ შეზღუდვას მხარს არ ვუჭერდით. მიზეზი მარტივია - ეს დადგენილება ხელს უშლის ბიზნეს სუბიექტებს შორის კონტაქტს და შესაძლოა გამოიწვიოს კონკურენციის შეზღუდვა. გამომდინარე აქედან, ჩვენი ასოციაცია ემხრობა ფინანსთა მინისტრის დადგენილების გაუქმებას და არა გადავადებას, იმთავითვე არ უნდა ყოფილიყო შემოტანილი.
როგორც ვიცით, 1-ელ ოქტომბერს გასდის დადგენილებას ვადა. რომ გითხრათ, რომ ამას ბაზარზე დიდი გავლენა ექნება, ამ ეტაპზე ასე ნამდვილად არაა, რადგან მანქნაები როგორც მოძრაობდნენ, ისე მოძრაობენ ახლაც. მეტი კომენტარი ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიმაჩნია. თუმცა სამომავლოდ ვითარება შეიძლება საგრძნობლად შეიცვალოს.
რაც შეეხება ფასს, ამ მხრივ მდგომარეობა სტაბილურია, რუსეთში ნირმალური მოსავლის გამო. დღეს სამი მიმართულებიდან შემოდის მარცვლეული (გემით, რკინიგზით და სამანქანო გზით). თუ გადავხედავთ სტატისტიკას, საავტომობილო ხაზი ყველაზე მეტადაა შემცირებული, რადგან იმ რაიონებში, რომელიც ლარსის მხრიდან გვესაზღვრება, საექსპორტო ხორბლის ოდენობა ცოტაა. ამიტომ ბოლო სამ წელთან შედარებით შემცირებულია.
კიდევ ერთხელ ვამბობ ამ დადგენილების ამოქმედება ამ მომენტისთვის ბაზარზე სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ თუ გრძელვადიან პერსპექტივაში შევხედავთ ან თვითონ საკანონმდებლო კუთხით, ეს ნამდვილად არის პრობელემა.
შარშან საქართველოში 70 000 ტონა ხორბალი შემოვიდა ყაზახეთიდან, წელს კი დაახლოებით 50 000 ტონა, ანუ მონაცემები დაახლოებით ერთნაირია. აქვე უნდა აღნიშნოს ისიც, რომ ყაზახური ხორბალი საქართველოში რუსულს ფასით კონკურენციას ვერ გაუწევს და ეს ხაზი უფრო მარაგებისა და ფორსმაჟორებისათვის ამოქმედდა. საქართველოს რომ ალტერნატიული გზაც ჰქონდეს გარდა რუსეთისა, ეს მიზანი ნამდვილად მიღწეულია ამ შეთანხმების შედეგად, რაც ეკონომიკის მინისტრმა გააფორმა”, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" სილაგავამ.
დადგენილებას ყველაზე მწვავედ ის გადამზიდავები აღიქვამენ, რომლებსაც ლარსის გზით ხორბალი საქართველოში შემოაქვთ. ერთ-ერთიმათგანი ,,ბიზნეს-რეზონანსთან” ამბობს, რომ პროტესტი იქნება უფრო მწვავე, ვიდრე გასულ წელს, თუ ხელისუფლება არ შეცვლის პოზიციას.
,,ჯერჯერობით კიდევ გავქვს იმედი, რომ შეიცვლება გადაწყვეტილება და ეყოფათ ჭკუა ეს აკრძალვა არ მიიღონ არავითარ შემთხვევაში. არ მესმის შეზღუდვა საერთოდ რას ემსახურება, გარდა ბიზნესის ჩაძირვისა და იმ ხალხის უფრო გაღარიბებისა, რომელსაც ისედაც არ აქვს შემოსავალი.
ჯერ კიდევ იმედი გვაქვს, რომ ეს საშეღავათო პერიოდი გაგრძელდება ან ის დადგენილება გაუქმდება, თორემ პროტეტსი იქნება უფრო მწვავე, ვიდრე იყო შარშან. ვისთანაც კი მილაპარაკია გადამზიდავებიდან, ყველა აამას ამბობს”, - აცხადებს ერთ-ერთი გადამზიდავი, რომელსაც ჯერჯერობით საკუთარი ვინაობის დასახელება არ სურს, თუმცა თუ არაფერი შეიცვალა, კამერების წინაც ხმამაღლა გააპროტესტებს არსებულ მდგომარეობას.