(რეზონანსი)ბოლო 5 წელიწადში მოზარდებში კიბოს დიაგნოზი 6-ჯერ გაიზარდა. პაციენტებს კი ეფექტური და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სერვისების შესაძლებლობა არ აქვთ,- ამის შესახებ სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
„საკმაოდ მძიმეა ონკოპაციენტების მდგომარეობა. ბოლო 5 წელიწადში მოზარდებში კიბოს დიაგნოზების რაოდენობა 6-ჯერ გაიზარდა, ხოლო საერთო სიკვდილიანობის 14% მოდის ამ დაავადებებზე, სამწუხაროდ არ არსებობს ერთიანი სახელმწიფო პროგრამა და პაციენტებს გართულებულად, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში მიუწვდებათ ხელი საკმაოდ ძვირადღირებულ მკურნალობის კურსსა და მედიკამენტებზე",-ნათქვამის ანგარიშში.
ომბუდსმენი მოუწოდებს მთავრობას შეიმუშაოს პროფილური პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ონკოლოგიურ დაავადებათა ახალი შემთხვევების დროულად გამოვლენას და ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობას ხელმისაწვდომს გახდის.
ჯანდაცვის პოლიტიკის მენეჯერი გიორგი ლომინაძე ბავშვთა ონკოლოგიის შემაშფოთებელ სტატისტიკას აფასებს და ამბობს, რომ 4 წელიწადში ასეთი ზრდა არარეალურია.
„ვინც ოდნავ მაინც არის მედიცინის გარტყმაში, შეუძლებელია არ დაეჭვდეს იმ სტატისტიკის ჭეშმარიტებაში, რომ 2011-დან 2015 წლამდე მოზარდებში სიმსივნის დიაგნოზის სიხშირე 6-ჯერ გაიზარდა. გამორიცხულია, რომ ოთხ წელიწადში ასეთი ზრდა რეალურად მომხდარიყო. აგრეთვე, მიაქციეთ ყურადღება, რომ ეს ოთხწლიანი პერიოდი ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის დანერგვას ემთხვევა. ჩემი ღრმა რწმენით, საქმე ჰიპერდიაგნოსტიკასთან გვაქვს" - აცხადებს გიორგი ლომინაძე.