უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ უმრავლესობის რამდენიმე წევრს პირადი ცხოვრების კადრებით აშანტაჟებენ.
“უკანონო ჩანაწერი, რაც გავრცელდა, ნამდვილად არის ჩაწერილი წინა ხელისუფლების დროს. თუმცა ეს არის მონტაჟი ახლა რაც გავრცელდა. წინა ხელისუფლების დროს ამის გავრცელება ვერავინ გაბედა. მე ვიცოდი რომ ეს ჩანაწერი არსებობდა. არც მაშინ არ შემშინებია და არც დღეს. ვიცი რომ არის კიდევ რამდენიმე ადამიანი, ვისაც ამით აშანტაჟებენ დღეს და რაღაცნაირად მინდა მაგალითი მივცე. მე ვიცი რამდენიმე ასეთი ადამიანი, თვითონ უთქვამთ. მე ვიცი რომ ასეთი ადამიანები არსებობენ. მე მინდა რომ ეს მოჯადოებული წრე გაირღვეს, - “განაცხადა ბესელიამ.
კითხვაზე, ეს ჩანაწერები წინა ხელისუფლების დროს არის გაკეთებული თუ ამჟამინდელის, ბესელია პასუხობს რომ არ იცის, თუმცა ამბობს, რომ სწორედ ფარული ჩანაწერებით შანტაჟი იყო რამდენიმე ადამიანისთვის უმრავლესობიდან შემაკავებელი ფაქტორი და ეს ზუსტად იცის. კითხვის პასუხად ბესელია ამბობს, რომ დაშანტაჟებულებს შორის არა მხოლოდ ქალები, არამედ მამაკაცებიც არიან.