დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძეს მიაჩნია, რომ ყველა მოსამართლეს უნდა მოუსმინონ, თუმცა არცერთ კანდიდატს მხარი არ უნდა დაუჭირონ, საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რა მოსამართლეებთან გვაქვს საქმე და როგორ ხდება „ქართული ოცნების“ მიერ პირდაპირ ადეიშვილი-სააკაშვილის დროინდელი სისტემის მოსამართლეების გადაბარება.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლა უნდა მოხდეს, რათა ეს მანკიერი სისტემა დაინგრეს. თავად ის მეთოდი, რა მეთოდითაც საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები შეარჩია, უკვე მიუღებელია, როგორც გინდა კარგი კანდიდატურა იყოს. საქმე კი იმაშია, რომ ამ სიის უმეტესობა ადეიშვილი-სააკაშვილის სისტემაში კარგად გამოზრდილი ადამიანები არიან. ამიტომაც მიმაჩნია, რომ მოვუსმინოთ ყველა ამ კანდიდატურას და შემდეგ ეს სია ჩავაგდოთ.
„საზოგადოებამ კარგად დაინახოს ვისთან გვაქვს საქმე და ხელისუფლება როგორ მოსამართლეებზე აკეთებს არჩევანს. გუშინდელი მოსამართლის, თამარ ალანიას გასაუბრება საკმაოდ კარგი მაგალითი იყო იმის, თუ როგორ არიდებს ის გირგვლიანის საქმეზე დასმულ კითხვებს. მე პირადად მას დავუსვი კითხვა გირგვლიანის საქმეზე მურუსიძის მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებდა თუ არა. მან ადრე თქვა, რომ ყველა მოსამართლე ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ახლაც იგივე აზრზეა, ასეთი მოსამართლის სამართლიანობის ვინმეს უნდა სჯეროდეს!?“ - აცხადებს ლევან კობერიძე.
მისივე თქმით, მართალია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლა არაკონსტიტუციურია, მაგრამ თუ კი ქვეყანას და საქმეს სჭირდება, კონსტიტუციის შეცვლაც საჭიროა. სხვაგვარად, კობერიძე ფიქრობს, რომ ისევ სააკაშვილი-ადეიშვილის სასამართლოს სისტემას მივიღებთ, რომელსაც ახლა „ოცნების“ ხელისუფლება გააკონტროლებს.
დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გრძელდებოდა. კომიტეტში თამარ ალანიას შემდეგ 24 სექტემბერს მერაბ გაბინაშვილს უსმენენ. არ არის გამორიცხული, რომ 20-კაციანი სიიდან ბევრმა მოსამართლემ მხადაჭერა ვერ მიიღოს. ეს ეჭვები, სავარაუდოდ, „ოცნებაშიც“ არსებობს და შეიძლება სია საერთოდ ჩავარდეს კიდეც.
მერაბ გაბინაშვილი სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლეა. ის უმაღლეს ინსტანციაში მსურველი კანდიდატების პირველი 10-კაციანი სიის წევრიც იყო. მას კითხვებს როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები, ასევე ოპოზიციის წევრებიც უსვამენ.