თამთა ჩაჩანიძე
24.09.2019

 საზოგადოება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზე აქტიურად ალაპარაკდა. იურისტები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი შესაძლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში დადგეს თუ პროკურატურა დააგენს, რომ შეწყალება არა ჰუმანური არამედ სხვა მიზნების გამო მოხდა.

იურისტი ლევან ალაფიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ იმპიჩმენტის პროცედურას აქვს რამდენიმე საფეხური და საბოლოო დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლოს გამოაქვს.

„გამოძიების დაწყება არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტის სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული, ან შესაძლოა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი, ჩვენი პროკურატურის და რეალობის გათვალისწინებით ძნელია ამაზე საუბარი, თუმცა ამ ფაქტზე გამოძიების დაწყება არაა საკმარისი საფუძველი იმპიჩმენტის დაწყებისთვის.

„იმპიჩმეტის დაწყების საფუძველი კონსტიტუციის დარღვევაა, დანაშაულის ნიშნების მქონე ქმედების ჩადენა და შესაბამისად ხდება პარლამენტთან ამ საკითხის ინიცირება, შემდგომ პარლამენტი დასკვნისთვის (თუკი ამ ინიციატივამ მხარდაჭერა მოიპოვა) გადასცემს საკონსტიტუციო სასამართლოს, საკონსტიტუციო სასამართლო დაასკვნის, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია ან ჩაიდინა თუ არა დანაშაული, შემდეგ ამ დასკვნას აბრუნებს პარლამეტში, და იმის მიხედვით თუ როგორია დასკვნა, პარლამენტი უფრო მაღალი კვორუმით აგრძელებს იმპიჩმენტის პროცედურებს,

„მაგრამ, თუკი საკონსტიტუციო სასამართლომ არ დაადასტურა ეს ყველაფერი, ბუნებრივია იმპიჩმენტის პროცედურები აღარ გაგრძელდება. უნდა ავღნიშნო, რომ საბოლოო „ვერდიქტი" პარლამენტს კი არა, საკონსტიტუციო სასამართლოს გამოაქვს, იმპიჩმენტი მხოლოდ ასეა დაზღვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებისგან.

„უბრალოდ დანაშაულის ნიშნებით იმპიჩმენტის პროცედურები არ წარიმართება, მხოლოდ იმ შემთხვევაში წარიმართება, თუკი არსებობს არა მხოლოდ ვარაუდები ან ეჭვები, არამედ ეს გამყარებულია პირდაპირი თუ არაპირდაპირი დოკუმენტებით და მტკიცებულებებით,"- განაცხადა მან.

ალაფიშვილის აზრით, პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი არ დადგება, რადგან მმართველი პარტია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გამოძიება გაწელოს.

„დარწმუნებული ვარ, რომ იმპიჩმენტის საკითხი არ დადგება, ამის დასტურია თუნდაც ის, რომ სასწრაფო წესით დაიწყეს გამოძიება იმისთვის, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას ჰქონოდა მაშველი რგოლი. პარლამენტმა რომ თქვას ან იმპიჩმენტის პროცედურები დავიწყოთ, ან საგამოძიებო კომისია შევქმნათ, მათ ექნებათ სათქმელი, რომ გამოძიება დაწყებულია და მოდით დაველოდოთო და ამასობაში ესყველაფერი გადაგორდება.

„იმ მძიმე მდგომარეობაში, რომელშიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მმართველი პოლიტიკური ძალა ჩააყენა, პროკურატურა და მის მიერ დაწყებული გამოძიება იქცა მის მაშველ რგოლად, თორემ დარწმუნებული ვარ სხვა მოცემულობა რომ იყოს, აქამდე დიდი ხნის დაწყებული იქნებოდა იმპიჩმენტის პროცედურები, იმპიჩმენტის პროცედურების დაწყებაც კი აზარალებს არა სალომე ზურაბიშვილს, არამედ „ქართულ ოცნებას".

„პროცედურების დადგენაზე, კრიტერიუმების შემუშავებაზე და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე, ერთი პასუხისმგებელი პირია და ეს გახლავთ სწორედაც საქართველოს პრეზიდენტი," - განაცხადა ალაფიშვილმა.

„ეს არის გამოსაკვლევი - როგორ მოხდა სია მასთან მაგიდაზე, რამდენად იყო ის ჩართული ამ კონკრეტული პატიმრების შერჩევაში და რის საფუძველზე ამოარჩია და რა მიიღო სანაცვლოდ. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მისი პასუხისმგებლობა ვერ დადგება, თუკი მან უბრალოდ აიღო და თავის შეხედულების მიხედვით შეიწყალა. დღეს ჩვენი კანონმდებლობა მას აბსოლუტურად აძლევს უფლებას, რომ შეიწყალოს ნებისმიერ დროს პატიმარი", - აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური „ინტერპრესნიუსთან".

შეგახსენებთ, რომ 28 აგვისტოს მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 34 პატიმარი შეიწყალა, ამ შეწყალებულ პატიმრებთაგან კი 3 პირი მკვლელობისთვის ნასამართლევი აღმოჩნდა, რამაც ხალხის აღშფოთება და პროტესტი გამოიწვია, საზოგადოება პრეზიდენტისგან კითხვებზე პასუხს ითხოვს თუ რეალურად ვისგან მოხვდა პრეზიდენტის სამუშაო მაგიდაზე აღნიშნული სია.

23 სექტემბერს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ამ საკითხზთან დაკავშირებით საქმის კურსში არ იყო და თვითონაც დაინრტერესებულია თუ რეალურად რა მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×