პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხზე სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა, ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ მის მიმართ არსებული ბრალდებები უარყო და ჟურნალისტებთან საუბრისას მიანიშნა, რომ პრეზიდენტს შესაწყალებელ მსჯავრდებულთა სია ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილმა გადასცა.
დიმიტრი გაბუნიას შესაძლო ბრალეულობის შესახებ, პრეზიდენტის მოსალოდნელ იმპიჩმენტზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე, „რეზონანსი" ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
რამაზ საყვარელიძე: დიმიტრი გაბუნიამ საკმაოდ ლოგიკური პასუხი გასცა ბრალდებას, რომ შეწყალების თემა მუშავდებოდა სპეციალურ დეპარტამენტში და პრეზიდენტს დოკუმენტები სწორედ ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გადასცა, რომელიც ამავე დროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეა.
ასე რომ, თუკი გამოძიებამ რაიმე სხვა სურათი არ შექმნა, ლოგიკურად საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია არ თემასთან არაფერ შუაშია.
„რეზონანსი": ბევრი კითხვა გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მექანიზმით ხელმძღვანელობს პრეზიდენტი დღეს შეწყალების საკითხზე. თქვენი აზრით, როგორ მუშაობს ზურაბიშვილი და ვინ ადგენს სიას?
რ.ს: ფაქტია რომ, პრეზიდენტს თავიდანვე არ უნდოდა ამ საკითხის თავის სივრცეში შემოტანა, თავიდანვე ცდილობდა ეს აერიდებინა. ამიტომ, ვვარაუდობ, რომ პასუხისმგებლობას მთლიანად თავის თავზე არ იღებს და ტვირთი იმ ადამიანებზე გადააქვს, რომლებიც ამ სიას უმზადებენ. რადგან მას არ უნდოდა ამ საკითხში ჩართვა, მგონი ახლაც მინიმალურად ერთვება.
„რ": რამდენად რეალურია მისი იმპიჩმენტის საკითხი დადგეს, რაზეც ბოლო პერიოდში აქტიურად მიდის საუბარი?
რ.ს: თუ დანაშაულის ნიშნები არ იქნება და მხოლოდ გაუგებრობა და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება გამოიკვეთება, იმპიჩმენტის საკითხი იურიდიულადაც და ლოგიკურადაც არ დაისმის.
მაშინაც თუკი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოხდება დანაშაული და პრეზიდენტმა მხოლოდ დაუდევრობა გამოიჩინა, რომ არ შეამოწმა, - აქაც დაუდევრობაა. ასე რომ, პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, სანამ გამოძიება სხვა დასკვნას არ დადებს.
„რ": როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სია „ქართულ ოცნებაში" განხეთქილების საგნად იქცეს და როგორც პირველ შემთხვევაში, დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად უმრავლესობა დატოვონ?
რ.ს: გამორიცხული არ არის, რადგან ბუნებრივია, თუ მუშაობს „კლანი" და დიდი ალბათობით ასეთი „კლანი" არსებობს, ისინი იზრუნებენ იმაზეც, რომ პარლამენტშიც ჰყავდეთ თავიანთი მომხრეები, არა მარტო უმრავლესობაში. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების მომენტში, ასეთი დაპირისპირებები მათ შორის შესაძლოა მოხდეს. ამ ყველაფერს ვერ გამოვრციხავთ, რადგან პირველ შემთხვევაში ამ სიამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.