თამარ შუკვანი
24.09.2019

 „ოცნების" ყოფილი წევრი და ახლა დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი „რეზანანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ კენჭისყრის დროს, მმართველი გუნდი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ალანიას სავარაუდოდ მხარს არ დაუჭერს, რაც საბოლოოდ გამოიწვევს იმას, რომ მოსამართლეთა საკითხი „ქართულ ოცნებაში" დაპირისპირებისა და განხეთქილების საგნად კიდევ ერთხელ იქცევა.

„ოცნებამ" თამარ ალანიას, წესით, მხარი არ უნდა დაუჭიროს. თვითონ „ოცნების" წარმომადგენლების კითხვებსაც კი ვერ გასცა პასუხი, რომელიც კონკრეტულ საკითხებს ეხებოდა, განსაკუთრებით მუხროვანის თემასთან დაკავშირებით; როგორც გვახსოვს, სწორედ თამარ ალანიამ დატოვა უსამართლო გადაწყვეტილება ძალაში.

„ჩემი ვარაუდით, თამარ ალანიას კანდიდატურას „ქართული ოცნების" ბევრი დეპუტატი მხარს არ დაუჭერს. ეს მაფიქრებინებს, რომ გარკვეული თვალსაზრისით, მომავალში ეს შეიძლება განხეთქილების საკითხი გახდეს, მაგრამ ასე ცალსახად, ყველა პროცესთან დაკავშირებით, ამაზე რთულია საუბარი. თუმცა, კონკრეტულ მოსამართლესთან დაკავშირებით განწყობებს რასაც ვხედავ, ჩემი კოლეგების დამოკიდებულება მის მიმართ უარყოფითია," - აღნიშნა მან.

ცნობისათვის, 23 სექტემბერს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წინაშე ორი კანდიდატი, მერაბ გაბინაშვილი და თამარ ალანია წარსდგნენ. საკანონმდებლო ორგანო მოსამართლეობის ყველა კანდიდატს მოუსმენს, შემდეგ კი კენჭს სათითაოდ უყრის.

პირველი სია, რომელიც პარლამენტს გასული წლის დეკემბერში გადაეგზავნა, იმდენად სკანდალური იყო, რომ ის ჩავარდა, თანაც პროტესტის ნიშნად დეპუტატთა გარკვეულმა ნაწილმა უმრავლესობა დატოვა.

ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, ამ 20-კაციან სიაში არიან ის მოსამართლეებიც, ვინც იმ სკანდალურ, 10-კაციან სიაში იყვნენ;

„ვიცი იმ დეპუტატების განწყობა, ვისთანაც მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს, მაგრამ ეს შეიძლება არ იყოს ის გარდამტეხი რაოდენობა, რომელმაც დიდი ძვრები უნდა გამოიწვიოს. ამ კონკრეტულ მოსამართლესთან დაკავშირებით რაღაც განწყობები შეიძლება ამოვიკითხოთ იმ კითხვებიდან და პათოსიდან გამომდინარე, რაც განხილვის დროს სუფევდა.

„არის რამდენიმე მოსამართლე, რომელიც ადრეც იყო დასახელებული იმ 10-კაციან სიაში, რომლის მიმართაც უარყოფითი დამოკიდებულება იყო. იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნების" უმრავლესობას, ამ უარყოფით დამოკიდებულებას კონკრეტულ მოსამართლეებთან მიმართ შეინარჩუნებს. საუბარი იყო, რომ კონკრეტული კენჭისყრის შემთხვევაში, ისინი მხარს არ დაუჭერდნენ. ეს პროცესი გვანახებს, ვის დაუჭერენ მხარს და ვის არა.

„თუ ის მოსამართლეები გავიდნენ, რომლებიც დაკავშირებული არიან „კლანთან," იმ ჯგუფთან, რომლის გამოც არა მხოლოდ ჩვენ, ვენეციის კომისიასაც ჰქონდა შენიშვნები, სკანდალური იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ ამ მოსამართლეებს უვადოდ ვირჩევთ, ზოგადად პროცესს უნდა დავაკვირდეთ," - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, 20-კაციანი სია პარლამენტს იუსტიციის უზენაესმა საბჭომ 4 სექტემბერს წარუდგინა.

უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლე დასანიშნი კანდიდატები არიან: მაია ვაჩაძე, გიორგი მიქაუტაძე, მერაბ გაბინაშვილი, თამარ ალანია, შოთა გეწაძე, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, ლაშა ქოჩიაშვილი, შალვა თადუმაძე, ზაზა თავაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, პაატა სილაგაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, თამარ ზამბახიძე, ქეთევან ცინაცძე და გოჩა ჯეირანაშვილი.

მათ შერჩევას წინ კონკურსი და გასაუბრება უძღოდა. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური ოპოზიცია მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ნეპოტიზმზე, გარიგებებსა და რიგ კანონდარღვევებზე საუბრობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×