აქციზის გეგმა ზედიზედ მეორე წელია ვარდება. წელს ყველაზე დიდი ჩამორჩენაა. 2019 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრულია 1 მლრდ 287 მლნ ლარის ოდენობით და უკვე ირკვევა, რომ ამ გეგმას მინიმუმ 175 მლნ ლარი დააკლდება. მთავრობა აქციზის გადასახადის მატებით შემოსავალების ზრდას პროგნოზირებდა, ცვლილებამ კი უკუშედეგი გამოიღო. რეკომენდაციის ავტორი, სავალუტო ფონდმა კი ახლა ხელები დაიბანა და ყველაფერს მთავრობას აბრალებს.
2019 წლის პირველ რვა თვეში აქციზის გადასახადიდან მიღებული შემოსავალი 9%-ით არის შემცირებული, კლება დაახლოებით 85 მილიონი ლარია. მონაცემების მიხედვით, 2019 წლის რვა თვეში ბიუჯეტში მობილიზებულმა შემოსავლებმა თითქმის 7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 65%-ია. შემოსავლების ნაწილში ყველაზე დიდი წილი დღგ-ს უჭირავს. შემოსავლების ნაწილის 43% სწორედ დღგ-ზე მოდის, 33%-ია საშემოსავლო გადასახადის წილი, 13,6%-ს აქციზებიდან შემოსული თანხები შეადგენს, ხოლო 9,5%-ს მოგების გადასახადი.
თამბაქოსა და სხვა სააქციზო პროდუქციაზე, აქციზის განაკვეთის გაზრდის შემდეგ ორი წლის განმავლობაში სააქციზო შემოსავლები მცირდება. 2017 წელს აქციზიდან შემოსული გადასახადები საშემოსავლო ნაწილს 16,1%-ს შეადგენდა, იგივე მაჩვენებელი 2018 წელს 15,1%-ით განისაზღვრა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის წარმომადგენელი მის რეკომენდაციას და ამჟამინდელ რეალობას ახლა ასე განმარტავს:
„პრიორიტეტები გამოკვეთილია, მაგრამ ფული ამ ყველაფერს არ ყოფნის. შესაბამისად, საჭიროა, დამატებითი რესურსების მოძიება. ამდენად, მთავრობასთან დისკუსიისას და იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ თავისუფლების აქტი ზღუდავს გადასახადების გაზრდას, სადაც გამონაკლისი აქციზის გადასახადია, ჩვენ ეს რეკომენდაცია გავეცით, როგორც ერთ-ერთი გამოსავალი", - განაცხადა მერსედეს ვერა-მარტინმა.
კითხვაზე - რამდენად გაითვალისწინა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გვერდითი ეფექტები, მათ შორის, ინფლაციის, კონტრაბანდული ან დაჭრილი თამბაქოს მოცულობის ზრდა - ვერა-მარტინის პასუხია, რომ მთავრობამ ახლა სწორედ ამ გვერდით ეფექტებს უნდა მიხედოს.
რასაკვირველია ხელისუფლება ვერავითარ გვერდით მოვლენებს ვერ ებრძვის და ბოლო ორი წელია მხოლოდ იმას ახერხებს, რომ წლის ბოლოსკენ ბიუჯეტს აქციზის ნაწილში ამცირებს. ზოგდად კი მარტოოდენ ამ ტიპის გადასახადის ზრდა მოსახლეობის ფენებს შორის დიფერენციაციას უფრო აღრმავებს. ანალიტიკოს მერაბ ჯანიაშვილის აზრით, ასეთი მიდგომით მდიდარ ადამიანებს გადასახადი შეუმცირდათ, ღარიბებს კი - გაეზარდათ.
,,აქციზის გადასახადი, როგორც წესი, არის იმ პროდუქტებზე დაწესებული, რომლებიც ფასის მიმართ არ არის დიდად ელასტიური და შესაბამისად, გადასახადის ზრდა არ იწვევს ხოლმე ამ პროდუქტის მოხმარების შემცირებას. მართლაც ასე მოხდა თამბაქოზე, თუმცა შეიცვალა მოხმარების მოდელი და მოსახლეობის დიდი ნაწილი გადავიდა თუთუნის მოხმარებაზე, რომელიც სხვაგვარად იბეგრება. მთავარია საგადასახადო დაბეგვრის პრინციპი, რომელიც საქართველოში იმდენად მახინჯადაა საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ნორმებში ჩასმული, რომ ერთადერთი რისი ზრდაც შეუძლია მთავარობას აქციზია. ეს კი არის ყველაზე არასწორი და არაპოპულარული ნაბიჯი რაც კი მთავრობამ შეიძლება გააკეთოს.
სავალუტო ფონდთან ჩვენ ნამდვილად არ გავქვს ახლა მომგებიანი პოზიცია. იმდენი სესხი გვაქვს მათგან აღებული, რომ ყველა რეფორმის შეთანხმება გვიწევს. ეს ეხება როგორც ეროვნულ ბანკს, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებას. ძალიან ცუდია, რომ მათი ყველა რეკომენდაცია 100%-ით ჩვენი რეალობის გათვალისწინების გარეშე სრულდება და ჩვენს ცხოვრებას კიდევ უფრო ართულებს და აძვირებს. ამას აკეთებს ეროვნული ბანკიც და ცენტრალური ხელისუფლებაც.
თავის დროზე აქციხის ზრდის რეკომენდაცია, ალბათ, გამოწვეული იყო აუცილებლობით, რომელსაც ,,თავისუფლების აქტი” აჩენს. მთავრობა შეზღუდულია ეკონომიკური პოლიტიკის განსაზვღრაში. ამის შედეგია, რომ მდიდარ ადამიანებს გადასახადი შეუმცირდათ, ღარიბებს კი - გაეზარდათ. ეს ხდება დღეს და ამის შედეგია ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის კლებაც”, - აღნიშნა,,რეზონანსთან” ჯანიშვილმა.
ბიუჯეტის განმარტებით ბარათში კი ნათქვამია, რომ „გადასახადის დანაკლისი გამოიწვია 2019 წლის მანძილზე თამბაქოს მოხმარების სტრუქტურის მნიშვნელოვანმა ცვლილებამ და შესაბამისად თუთუნის მოხმარების (რომლის დაბეგვრა პრაქტიკაში მინიმალური განაკვეთით ხდება) მნიშვნელოვანმა ზრდამ“.