გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, უძველესი მარანი, ქვევრები და მხედრულ წარწერებიანი ბაზალტის ქვა აღმოაჩინეს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სპეციალისტის, თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, აღმოჩენა ერთ-ერთი კერძო პირის კუთვნილ მიწის ნაკვეთში მოხდა.
„ველისციხეში, ერთ- ერთმა ადგილობრივმა, მიწის სამუშაოების დროს, ბაზალტის მოზრდილი ქვა იპოვა, მხედრული წარწერებით. ამ ქვაზე დაშენებული იყო ძველი მარნის ერთ-ერთი კედელი. აღმოჩენილია აგრეთვე, 2 ტონამდე ტევადობის ქვევრები. გარედან ქართული აგურით მოპირკეთებული.
წარწერებიანი ქვა შესაძლოა, უცნობი პიროვნების საფლავის ქვას წარმოადგენდეს", - განაცხადა თამაზ მარკოზაშვილმა.
იმის დასადგენად, ისტორიის რომელ პერიოდს განეკუთვნება, ქვევრები, მარანი და წარწერებიანი ქვა, მათი დეტალური შესწავლა მიმდინარეობს.
წყარო: პრაიმტაიმი