თამარ შუკვანი
25.09.2019

 რუსეთში ძებნილი დაღესტნელი აქტივისტის, მიკაილ კადიევის ადვოკატი მალხაზ პატარაია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შოთა გეწაძის განცხადებას „აღმაშფოთებელ ტყუილს" უწოდებს და აცხადებს, რომ ის პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს. კადიევი რუსეთში 2009 წელს ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით იძებნება, რასაც თავად უარყოფს.

გეწაძემ 25 სექტემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ „კადიევი პოლიტიკურ აქტივობას იბრალებდა, თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით."

„ეს უკვე გონივრულობის არცერთ ფარგლებში არ ჯდება; ძალიან არაკორექტული შეფასებაა კადიევის მიმართ, რადგან საქმეში არსებული დოკუმენტაცია სულ სხვა რამეზე მეტყველებს; არცერთი ფაქტი კადიევის პოლიტიკური საქმიანობის, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, გადაწყვეტილებაში გაანალიზებული და შეფასებული არ არის. ბატონმა შოთამ შეცდომაში შეიყვანა დეპუტატები.

„იბრალებდა რას ნიშნავს? - თვითონაც ძალიან კარგად იცის, როგორ არის გადაწყვეტილება მიღებული. ვფიქრობ, სასამართლო მიუკერძოებელი არ იყო და გავლენის ქვეშ გახლდათ. ახლა თავის გასამართლებლად ასეთი აღმაშფოთებელი ტყუილი თქვა," - განუცხადა „რეზონანსს" კადეივის ადვოკატმა.

„საქმე დღემდე მიმდინარეობს სასამართლოში თავშესაფრის თაობაზე; პირველად, როდესაც კადიევმა სასამართლოს მიმართა, პირველი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოსი იყო ის, რომ დევნილთა სამინისტროს ხელახლა გამოეკვლია ის მასალები, რაც წარადგინა. გარდა ამისა, მისცა მთელი რიგი სავალდებულო მითითებები, რომელთაგან არცერთი არ შესრულდა; კერძოდ, უნდა განეხილა კადიევის აქტივობებისა და სამედიცინო შემოწმების შესახებ საკითხები. ეს სააპალაციო სასამართლოს არსებითი დავალება იყო, რადგანაც კადიევი აცხადებდა, რომ წამების მსხვერპლი იყო.

„მეორე განხილვისას სამინისტრომ სასამართლოს სავალდებულო მითითებები არ შეასრულა და სასამართლოს ხელახლა მივმართეთ; პირველი ინსტანცია მოვიგეთ და საქმე გეწაძესთან მივიდა, რომელიც კოლეგიის ერთ-ერთი წევრი იყო. მათ გააუქმეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კადიევის თავშესაფრის მინიჭების შესახებ.

„სავალდებულო სამედიცინო შემოწმება მას სახელმწიფომ არ ჩაუტარა. ადამიანი რომ აცხადებს თავს „კაგებეს" მსხვერპლად, ე.ი. ამ თვალსაზრისით მისი მასალები უნდა იქნას შესწავლილი. არსებობს გაეროს სტამბულის პროტოკოლი, რომელიც ძალიან სოლიდური რეკომენდაციაა და მთელ მსოფლიოში აღიარებულია ნომერ პირველ დოკუმენტად. როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ წამების მსხვერპლია, სწორედ ეს არის მისი მონათხრობით წარმოდგენილი დოკუმენტაცია, სადაც სამედიცინო შემოწმების მასალებიც უნდა იყოს შეჯერებული. მასში მონაწილეობენ მსოფლიოში ცნობილი ბევრი არასამათავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ექსპერტები და სახელმწიფოს წარმომადგნელები. თუმცა ამ დოკუმენტს აქ არ იყენებენ.

„მას შემდეგ, რაც ბატონმა გეწაძემ და ორმა სხვა მოსამართლემ დაადგინეს, რომ თურმე არ ყოფილა სავალდებულო სააპელაციო სასამართლოს მიერ ერთხელ შესწავლილი საკითხი განსახილველი, ჩვენი ძალებით მივმართეთ არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათიას" და სწორედ ამ არასამთავრობო ორგანიზაციამ გააკეთა საკმაოდ სოლიდური დასკვნა. გარდა ამისა, მას წამების შედეგად ავადმყოფობები აღმოაჩნდა.

„ამ ეტაპზე, ეს სოლიდური დოკუმენტი სამინისტროს წარვუდგინეთ, თუმცა სამინისტრომ ეს საკითხი საერთოდ არ განიხილა. სასამართლოში დავა მიდის იმის თაობაზე, განხილულ იქნეს თუ არა ამ საერთაშორისო დოკუმენტზე დაყრდნობით შედგენილი საექსპერტო დასკვნა, რომ კადიევი წამების მსხვერპლია," - აღნიშნა პატარაიამ.

ადვოკატის თქმით, კადიევის პოლიტიკური აქტივობის შესახებ საკმაოდ სოლიდური დოკუმენტი დევს და მისი გადაცემა რუსეთისთვის კადიევისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია.

„კადიევის სამოქალაქო ატივობის თაობაზე საქმეში საკმაოდ დიდი და სერიოზული მასალა დევს; ის იყო უფლებადამცველთა ჯგუფის წევრი და ხუთი წევრიდან ოთხი დღეს ცოცხალი აღარ არ არის. ისინი რუსებმა მოკლეს დაღესტანში მუხანათურად, როგორც იციან-ხოლმე. კადიევის აქტივობების შესახებ დაღესტანში სათანადო მასალებია. გარდა ამისა არის დაღესტნის არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ამ კაცს თავშესაფარი მიეცეს და არ იქნეს რუსეთისთვის გადაცემული.

„ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, თავდაპირველად კადიევი დღისით, მზისით მოიტაცეს. უნდოდათ საზღვარზე გადაეყვანათ უკანონოდ და რუსეთისთვის გადაეცათ, მაგრამ მან გაქცევა მოახერხა, ჩვენ სამართალდამცავებს გაექცა. შემდეგ ის მოათავსეს ციხეში ყალბი ბრალდებებით და ახლა მიმდინარეობს ეს სამართლებრივი პროცედურა. თუმცა საექსტრადაციო პროცედურა ჯერ არ დაწყებულა, რადგან თავშესაფრის პროცედურა აჩერებს, მაგრამ მასალები უკვე მოსულია.

„ახალი კანონით საერთაშორისო დაცვის შესახებ, საექსტრადაციო მასალები შეიძლება იქნას განხილული სამინისტროს მიერ ამ თავშესაფრის მიცემის ფარგალში. რადგან ეს აშკარად ყალბი საქმეა. სამოქალაქო აქტივისტებს ან მათთვის არასასურველ პირებს უცებ შერაცხავენ-ხოლმე ტერორისტებად ან რადიკალური რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლებად. დაახლოებით ამ რიგის არის ის ყალბი საქმე, რომელიც მოსულია დიპლომატიურ გარანტიასთან ერთად. ვიცით რუსეთი როგორ იცავს ადამიანის უფლებებს, როგორც მთელ ქვეყანაში, ისე კონკრეტულად ჩრდილოეთ კავკასიაში. რუსეთისთვის ამ ადამიანის გადაცემა არ შეიძლება. თუმცა ჩვენი ხელისუფლების ხელში გამორიცხული არაფერია. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ კადიევი დავიცვათ ამ ბოროტმოქმედებისგან, რომ ის არ წაიყვანონ რუსებმა, რადგან შესაძლოა ფიზიკურად გაანადგურონ.

„ხშირად არის საუბარი გარანტიებზე, რომ რუსეთი გარანტიას იძლევა. საერთოდ ასეთი ტიპის გარანტია არის ყველა ქვეყნის განცხადების ექსტრადაციის მოთხოვნის თანამდევი დოკუმენტი. თუმცა ასეთი მნიშვნელობა ამ დოკუმენტს არ აქვს. არსებითი მნიშვნელობა აქვს გამოკვლევას იმისა, თუ რა მდგომარეობაა ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით," - განაცხადა მალხაზ პატარაიამ.

ცნობისათვის, უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატმა, შოთა გეწაძემ პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ კადიევი იბრალებდა პოლიტიკურ აქტივობას, თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით.

„საქმის მასალების თანახმად ოდნავადაც არ იკვეთებოდა მისი პოლიტიკური საქმიანობა. ჩემი აზრით, იგი იბრალებდა პოლიტიკურ აქტივობას თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით. ჩვენ ეს არ გამოგვეპარა," - თქვა გეწაძემ.

კითხვაზე, რუსეთში არსებული მდგომარეობის გათვალისწინების მიუხედავად, რატომ არ მიიღეს მოსამართლეებმა კადიევისთვის თავშესაფრის მიცემის გადაწყვეტილება, უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატმა ასე უპასუხა:

„რაც შეეხება საპატიმრო დაწესებულებას, იქ არსებულმა მდგომარეობამ და ინდივიდუალურმა გარემოებებმა უნდა მიაღწიოს იმ ზღვარს, რომ ამაში დარწმუნდეს მოსამართლე. ამ ზღვრამდე ვერ მივედით."

შეგახსენებთ, რომ რუსეთი კადიევს 2009 წელს ხასავიურტის რაიონის ხელმძღვანელის მკვლელობაში ადანაშაულებს. ის საქართველოში წითელი ხიდის გავლით 2011 წელს შემოვიდა. 2013 წელს საქართველოს პოლიციამ ტერორიზმის ბრალდებით დააკავა, თუმცა ოფიციალურ ბრალდებად იარაღის უკანონო ტარება წაუყენეს და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ციხიდან 2015 წელს გამოვიდა, თუმცა საქართველოს დატოვებას ვერ ახერხებს, რადგან ინტერპოლით იძებნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×