თამარ შუკვანი
25.09.2019

 თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე „პატრიოტთა ალიანსის" წევრ ირმა ინაშვილის შეჭრისა და კონფერენციის ჩაშლის მცდელობაში ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ კრამერი ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს. კრამერის თქმით, გიორგი გახარიასა და ბიძინა ივანიშვილის რუსული კავშირები შეიძლება გამოდგეს იმის ასახსნელად, თუ რატომ აღმოჩნდნენ ის და ჯონ მაკკეინი საქართველოში პროსამთავრობო მედიისა და პოლიტიკოსების კრიტიკის ობიექტი.

„ბიძინა ივანიშვილმა ქონება რუსეთში დააგროვა, გიორგი გახარიას, ახალ პრემიერს კი ღრმა ფესვები აქვს იქ. ეს შეიძლება გამოსადეგი აღმოჩნდეს იმის ასახსნელად, რატომ მომართეს ბრაზი ჩემზე, ჯონ მაკკეინსა და საქართველოს დასავლური ინტეგრაციის სხვა მხარდამჭერებზე პროსახელისუფლებო მედიამ და პოლიტიკოსებმა, როგორიცაა ირმა ინაშვილი, პრორუსული პარტიის ლიდერი, რომელიც კამერების თანხლებით კონფერენციაზე შემოიჭრა იმ სესიაზე, მე რომ მიმყავდა," - წერს დევიდ კრამერი „ვაშიგნტონ პოსტში" გამოქვეყნებულ წერილში, რომელსაც შემოკლებით „ტაბულა" ავრცელებს.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „ვაშინგტონ პოსტში" აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის დევიდ კრამერის მიერ გამოქვეყნებულ წერილზე საუბრისას აცხადებს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული კავშირი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარესა და „პატრიოტთა ალიანსს" შორის შესაძლოა ვიპოვოთ. თუმცა, სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე ამ ფაქტს ივანიშვილს არ უკავშირებს და დევიდ კრამერს „თავხედურ ქცევაში" ადანაშაულებს. მისი თქმით, კრამერმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისგან თავი უნდა შეიკავოს.

კონფერენციაზე მომხდარი ფაქტსა და ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის განცხადებას, რომელიც საქართველოს ალიანსში შესაძლო მიღების ვარიანტს გულისხმობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მე-5 მუხლი გავრცელების გარეშე, ნიკა ჩიტაძე ერთმანეთს უკავშირებს.

„კონფერენციაზე ინაშვილის მისვლა, ეჭვი მეპარება, ივანიშვილის ინიციატივა გახლდეს. ეს ინაშვილის ინიციატივა იყო, რომელიც დაემთხვა იმას, რომ დილით, ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა რასმუსენმა განაცხადა საქართველოს ალიანსში შესაძლო მიღების შესახებ, თუკი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მე-5 მუხლი არ გავრცელდება. შესაძლებელია ივანიშვილს ამ დროს დაებადა იდეა, „როგორ გვართმევს დასავლეთი აფხაზეთსა და ცხინვალს." შესაძლოა დირექტივა რუსეთისგან ჰქონდა მიღებული.

„პირადად მე ეჭვი მეპარება, რომ ივანიშვილმა ინაშვილს მითითება მისცა, თუმცა რაც შეეხება გარკვეულ კავშირს ივანიშვილსა და „პატრიოტთა ალიანსს" შორის, არსებობს გარკვეული საკითხები, სადაც მათი ინტერესები ემთხვევა," - აღნიშნა „რეზონანსთან" საუბრისას ჩიტაძემ.

ვალერიან გორგილაძე ამბობს, რომ აშშ-ში კრამერი „მარგინალურ ფრთას წარმოადგენს" და ის მფარველობას უწევს ოპოზიციურ პარტია „ევროპულ საქართველოს."

„ეს არის თავხედი, თავგასული ვიღაც მოღვაწე, რომელიც დღესდღეობით თანამედროვე აშშ-ში მარგინალურ ფრთას წარმოადგენს. დენ ფრიდი, ამ ტიპის სხვა პერსონები და გიგა ბოკერიასთან დაკავშირებულ ჯგუფები, „ევროპულ საქართველოს" დახმარებას უწევენ. ამდენად ეს არის თავხედური შეფასებები, თანაც საქართველოს სუვერენულ საქმეებში ჩარევას წარმოადგენს. სწორედ ამისკენ უნდა იყოს მიმართული მედიის და საზოგადოების შფოთი. ის პროცესები რაც საქართველოში მიმდინარეობს, კრამერის შესაფასებელი არ არის. მას საერთოდ არავინ არაფერს ეკითხება.

„კრამერმა თავხედურად იმოქმედა, როდესაც იმ დღეს ირმა ინაშვილს ლამის ფიზიკურად შეეხო და მისი განდევნა მოითხოვა დარბაზიდან. ეს წარმოუდგენელი თავხედობაა და მიკვირს, რატომ არ გამოხატა შეშფოთება პოლიტიკურმა სპექტრმა, იმისდა მიუხედავად რა იარლიყებს იკერებს და რა იდენტობები აქვს. არ უნდა მისცე მსგავსი მოქმედების და ქცევების საშუალება.

„რაც შეეხება კრამერის შეფასებას, საერთოდ არ მაინტერესებს და არც კომენტარს გავაკეთებ. ის რაც ხდება საქართველოში, არის საქართველოს სუვერენული საქმე და კრამერს, დენ ფრიდს, ბრაიზას არავინ ეკითხება თუ როგორ წარიმართება პოლიტიკური პროცესი საქართველოში," - განაცხადა გორგილაძემ.

ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ მომხდარი ფაქტი კარდინალურ გავლენას ვერ მოახდენს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე.

„ის ამერიკელი მოღვაწეები, ვინც ამ კონფერენციაზე იყვნენ, ტრამპის ადმინისტრაციასა და თავად ტრამპს აკრიტიკებდნენ. ისინი მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენლები იყვნენ და ვიცით, რომ მაკკეინი გარკვეულწილად ტრამპს უპირისპირდება. ამერიკის მხრიდან ეს ფაქტი რადიკალურად ცვლილებას არ მოახდეს საქართველოს ურთიერთობაში.

„საქართველოს მხრიდან, შესაძლოა გახარია გარკვეულწილად იძულებული გახდეს გარკვეული რუსული ინტერესები გაითვალისწინოს, თუმცა აქ პირდაპირი საუბარი არ არის იმის შესახებ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა პრორუსული გახდება. მგონია, რომ „ქართულ ოცნება" მაინც აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევების შედეგად საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ვალერიან გორგილაძე ამბობს, რომ დღეს აშშ-ს არც საქართველოში მიმდინარე პროცესებისთვის და არც სხვა მოვლენებისთვის „არ სცალია," რადგან დაკავებულია შიდა პოლიტიკური ვითარებით, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხს შეეხება.

„მაქვს ეჭვი, რომ ოფიციალურ ვაშინგტონს საერთოდ არ სცალია სხვა პროცესებისთვის; კონგრესის ქვედა პალატა იწყებს იმპიჩმენტის პროცედურას. აშშ-ის შიდა პოლიტიკური ბრძოლა გამწვავებულ ფაზაში შედის. უნდა ვივარაუდოთ, რომ იმპიმენტი წარმატებულად ვერ დამთავრდება, მაგრამ სწორედ იმ ძალებს, რომლებიც ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას ცდილობენ, წარმოადგენენ ფრიდი, კრამერი, ბრაიზა, მაკკეინის ინსტიტუტი და სხვა მარგინალური პერსონალიები, რომლებიც ასე აქტიურად ერევიან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში და ზურგს უმაგრებენ გიგა ოკერიას და „ევროპულ საქართველოს," - განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.

ცნობისათვის, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო „რუსმში" მიმდინარეობდა გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი; ტელეკომპანია „ობიექტივის" გადამღებ ჯგუფთან ერთად „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიერი ირმა ინაშვილი მივიდა, რომელსაც სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს.

ამასთან, „ობიექტივის" ჟურნალისტი აპროტესტებდა, რომ კონფერენციაზე არ მისცეს უფლება, კითხვა დაესვა. ცოტა ხნის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერთან დევიდ კრამერი მივიდა, რომელმაც ჟურნალისტებსა და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.

15 სექტემბერს „პატრიოტთა ალიანსმა" აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართა; აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერის „არაეთიკური ქცევის" შეფასება და მისი პერსონა ნონ გრატად გამოცხადება იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×