ელზა პაპოშვილი
25.09.2019

 მკვლელობა თუ თვითმკვლელობა, რა გახდა 16 წალის მოზარდის გარდაცვალების მიზეზი. თბილისში, კალოუბნის 36 ნომერში დატრიალებული უბედურების შემდეგ, დღემდე გაუცემელია კითხვაზე პასუხი, როგორ გადმოვარდა მე-11 კლასელი გიორგი ყუშიტაშვილი ვარკეთილის 9-სართულიანი კორპუსის სახურავიდან. ტრაგედიის დეტალებს სამართალდამცველები ამ დრომდეს ადგენენ.   

ერთ-ერთი ვერსიით მოზარდი სახურავზე მარტო არ იყო და ის 5 თანატოლთან ერთად იმყოფებოდა. კორპუსის მცხოვრები „რეზონანსთან“ იმასაც ამბობენ, რომ პოლიციამ შემთხვევის ადგილას, საიდანაც მოზარდი გადმოვარდა, სხვადასხვა ნივთები იპოვა. მათ შორის სასმელის ბოთლები. გაჩნდა გარკვეული ეჭვი, რომ ადგილი შესაძლოა, ე.წ.  საქმის გარჩევას ჰქონოდა და არც ის არის გამორიცხული, რომ მოზარდმა არა თავი მოიკლა, არამედ გადმოვარდა. 

ადგილობრივები გვიყვებიან, რომ მათ კორპუსთან გარდაცვლილი 5 თანატოლთან ერთად დაინახეს. მაღაზიის გამყიდველი იმასაც გვეუბნება, რომ მან კორპუსში შესვლამდე ხუთ თეთრიანები სთხოვა. მოზარდები საღამოს კორპუსის სახურავზე ადიან, სადაც კარგა ხნის განმავლობაში ჩერდებიან. საღამოს 9 საათზე კი განწირული ყვირილის ხმა ესმით, გარეთ გამოსულებს 16 წლის მოზარდი სახით ასფალტზე დავარდნილი ხვდებათ. 

თბილისის 108-ე საჯარო სკოლაში, სადაც გარდაცვლილი გიროგი ყუშიტაშვილი სწავლობდა, მისი თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ. მათი თქმით, მოზარდი კარგად სწავლობდა, კარგი ყოფა-ქცევით გამოირჩეოდა და სპორტით იყო დაკავებული. მათი ინფორმაციით, ის სწავლის გაგრძელებას სასზღვარგარეთ აპირებდა. სკოლის ადმინისტრაცია ასევე გამორიცხავს, რომ  მას ვინმესთან კონფლიქტი ჰქონოდა. მათივე თქმით, მათაც ის იციან, რომ მოზარდი მარტო არ იმყოფებოდა. ადმინისტრაციაში „რეზონანსს“ დაუდასტურეს, რომ ის კლასელებთან ერთად იყო. თუმცა მათი ვინაობა არ იციან. სკოლაში გვეუბნებიან, რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს და ზუსტდება გარდაცვლილი კონკრეტულად ვისთან ერთად იყო. 

„ათას ჭორებს ყვებიან, ზუსტად რეალურად რა მოხდა არავინ იცის. გამოძიება მიდის და დგინდება ბავშვი კორპუსის სახურავზე კონკრეტულად რომელ თანაკლასელებთან ერთად იყო. ეს კი ვიცით, რომ კლასელები იყვნენ, თუმცა კონკრეტული სახელები და გვარები ჯერ ჩვენც არ ვიცით. რაც მედიით ჟღერდება ის ინფორმაცია გვაქვს. თითქოს ხუთ ბავშვთან ერთად იყო, აქედან სამი ადგილიდან გაიქცა. კლასში მას კონფლიქტი არავისთან ჰქონია. კარატისტი ბავშვი იყო, საუკეთესო ოჯახი. სამი დედ-მამიშვილები არიან. ორი და ჰყავს. მხიარული და უკონფლიქტო. ასევე მას თვითმკვლელობის არანაირი მიზეზი არ ჰქონია“,-განუცხადეს სკოლაში „რეზონანსს“  

„რეზონანსი“ გარდაცვლილი მოზარდის მეზობლებსაც გაესაუბრა, რომლებიც გვიყვებიან, რომ კორპუსი, საიდანაც გიორგი გადმოვარდა, საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე ათეულ მეტრშია.  მეზობლები გვიდასტურებენ, რომ  16 წლის მოზარდი მარტო არ იყო და ის მეგობართან ერთად  კორპუსის სახურავზე ავიდა. მათივე  ინფორმაციით გარდაცვლილ მოზარდს იმ კორპუსში, სადაც შემთხვევა მოხდა, მეგობრები ჰყავს. უბედურ შემთხვევამდე კი მოზარდები კორპუსთან, მოედანზე თამაშობდნენ. მათ შორის რაიმე კონფლიქტს მეზობლები და გარდაცვლილის ახლობლები გამორიცხავენ. რა გახდა 16 წლის ბიჭის  სახურავიდან გადმოვარდნის მიზეზი, მათთვის უცნობია და სავარაუდო ვერსიებზე საუბარიც უჭირთ. გარდაცვლილის ახლობლები და მეზობლები თვითმკვლელობას გამორიცხავენ.  

„დაკითხვაზე ჩვენც ვიყავით და ის ბავშვებიც, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ. რეალურად რა მოხდა, არ ვიცით. გამოძიება სწორედ ამას ადგენს. ფაქტი ერთია, რომ ის ეზოში მეგობრებთან ერთად თამაშობდა, ასევე სახურავზე მათთან ერთად იმყოფებოდა. რა მოხდა იქ და რა შეემთხვა ბავშვს, დეტალურად მხოლოდ მათ იციან. ჩვენ რაც დავინახეთ ის არის, რომ მათ კონფლიქტი არ ჰქონიათ“, - აცხადებენ მეზობლები „რეზონანსთან“. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაკითხა შესაძლო მოწმეები და ისინი, ვისაც შეეძლო რაიმე ინფორმაცია სცოდნოდა მომხდარის შესახებ, მათ შორის ბიჭის მეგობრები და მეზობლები. ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს 115-ე მუხლით „თვითმკვლელობამდე მიყვანა", რაც ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×