საქართველოს თებერვალსა და აგვისტოში თითქმის ერთი და იგივე ოდენობის დენის იმპორტი დასჭირდა. გაზრდილი მოხმარებიდან გამომდინარე, მზარდი იქნება შესყიდვის აუცილებლობა ზამთრისათვის. ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ საჭიროება დაახლოებით 2 მლრდ კვტ/სთ-ს შეეხება.
წლიდან წლამდე იზრდება დენის მოხმარება ქვეყანაში და შესაბამისად, ელექტროენერიგიის იმპორტიც საოცარი ტემპით მატულობს. მიმდინარე წლის განმავლობაში, თებერვალსა და აგვისტოში თითქმის ერთი და იგივე ოდენობის დენის შესყიდვა გახდა საჭირო, რაც საგანგაშო მაჩვენებელია. თუ თებერვალში, ანუ კრიზისულ პერიოდში 142.5 მლნ კვტ/სთ-ის იმპორტი მოხდა, აგვისტოში ქვეყანას 137.5 კვტ/სთ-ს შემოტანა დასჭირდა.
რთულია მდგომარეობა თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულ ენერგიასთან დაკავშირებითან. აპრილში თბოსადგურებმა 158.5 მლნ კვტ/სთ, ხოლო აგვისტოში 137.7 კვტ/სთ გამოიმუშავეს. ყველაზე დამაფიქრებელი ისაა, რომ ზაფხული პერიოდში მათი მუშაობა არ შეწყვეტილა.
ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ანზორ ჭითანავა აცხადებს, რომ არსებული ენერგოდეფიციტი, უფრო მეტად ხდის ნათელს იმ შეცდომებს, რასაც ხელისუფლება ენერგეტიკაში უშვებს. მიუხედავად იმისა, რომ წელს წყლის დონე კაშხლებში ნორმალურ ნიშნულზეა, საქართველოს 2 მლრდ კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიის შესყიდვა მოუწევს.
,,მზადყოფნა, პირველ რიგში, უნდა გამოიხატებოდეს იმაში, რომ სარეზერვო მოცულობები რომლებიც ჩვენ გვაქვს, მარეგულირებელ წყალსატევებში, უნდა იყოს, მაქსიმალურ ნიშნულზე. ამ მხრივ მდგომარეობა სტაბილურია, რადგან წყალსატევების შევსების მაჩვენებელი აკმაყოფილებს იმ ნორმას რომელიც ახლა უნდა იყოს. მთავარი საზომი მზადყოფინისათვის მაინც არის 1-ლი ნოემბრისათვის გათვალისწინებული ნიშნულის მოცულობა.
როგორც წესი, აქ სულ არის ხოლმე სიძნელეები. წელს თბოსადგურების მხრივ დადებითი ტენდენცია იკვეთება, რადგან ახალი სიმძლავრეები შევიდა ძალაში, თუმცა ამითი მსჯელობა არ შეიძლება. ეს არის სისტემის გამართულობა, მაგრამ თუ იგი უზრუნველყოფილი არ არის ენერგომატარებლით (წყლით, გაზით, ნახშირით) ის გამოუყენებელი რჩება. ზამთარში ჩვენ, ყოველთვის გვიჭირს და დენს ვყიდულობთ მეზობელი ქვეყნებიდან, მაგრამ ბოლო პერიოდში უკვე ზაფხულშიც გვიჭირს.
ეს მაჩვენებელი, გაზრდილი მოხმარების გამო, გაცილებით მაღალი იქნება წელს, ვიდრე იყო შარშან. შესყიდვის პარამეტრები იქნება 2 მლრდ კვტ/სთ-ს ფარგლებში, თუ მეტი არა. ეს ძალიან მძიმედ დაწვება ელექტროსისტემას და გარკევული კორექტირების შეტანა გახდება საჭირო. 12 მლრდ-იან მოხმარებაში 2 მლრდ კვტ/სთ-ს შესყიდვა ნიშნავს რომ 1/6 არის საყიდელი. თუ ამას არ გავაკეთებთ, გვექნება ეკონომიკური სტაგნაცია", - აცხადებს ჭითანავა.
რაც დრო გადის, უფრო ცხადად ჩანს შეცდომები, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება უშვებს ენერგოუზრუნველყოფასთან და სიმძლავრეების დაბალანსებასთან დაკავშირებით.
ამ ფონზე წელს არც ერთი ახალი ჰესი არ შეემატება ენერგოსისტემას. სატესტო რეჟიმში კი ერთადერთი რებილიტირებული ჰესი გაეშვება. ქვეყანაში ჰესების მშენებლობის მიმართ ნეგატიური განწყობა, ნებისმიერი მასშტაბის ახალი ჰესის მშენებლობის დაანონსებისთანავე იწყება. გაჩერებული მშენებლობების განახლებას რომ ხელისუფლება საარჩევნო წელს არ დაიწყებს, ენერგეტიკოსებმა და ანალიტიკოსებმა დიდი ხანია იციან. გამოდის, რისი განახლებაც წლის ბოლომდე ვერ მოესწრება, მინიმუმ 2021 წლამდე გადაიწევს.
ამ ეტაპზე კი წყლის დონე კაშხლებში დამაკმაყოფილებელია, ასეთია, "ენგურჰესის" დირექტორის ლევან მებონიას ,,რეზონანსისთვის” მიწოდებული ინფორმაცია. მისივე ცნობით, შარშანდელთან შედარებით, წელს, მდგომარეობა ოდნავ უკეთესია.
,,წელს შემოდგომაზე წყალი ცოტა ნაკლები იყო, მაგრამ მდგომარეობა მაინც დამაკმაყოფილებელია. ზუსტი მონაცმემის თქმა ამ ეტაპზე ალბათ გამიჭირდება, თუმცა შარშანდელი წელი რომ ავიღოთ შესადარებლად, ცოტა უკეთესი მდგომარეობაც კია, დაახლოებით, 1 მეტრით მაღლაა წყლის დონე”, - აღნიშნა მებონიამ.