თამარ შუკვანი
26.09.2019

 ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში რუსეთის ხელისუფლება საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შემოღებას აპირებდა, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ „რეზონანსს" დაუდასტურა. თუმცა, მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება რუსებმა 20 ივნისის მოვლენების გამო შეცვალეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსული „კომერსანტისთვის" მიცემულ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო და დღე-დღეზე პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება უნდა გამოსულიყო, მაგრამ რუს დეპუტატ სერგეი გავრილოვთან დაკავშირებული ინციდენტისა და 20 ივნისის მოვლენების გამო, კრემლმა ამ გადაწყვეტილების მიღება გადაიფიქრა.

აბაშიძის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გრიგორი კარასინმა მასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ განიხილებოდა სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით გარკვეული ნაბიჯების გადადგა და პროცესის გამარტივება, მაგრამ გადაწყვეტილების შეცვლა 20 ივნისის მოვლენებმა გამოიწვია.

„საქმე სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ მისი გასაკეთებელი გააკეთა და ჯერ კიდევ 2011 წელს, წინა ხელისუფლების დროს, მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნების მოხსნის შესახებ. რუსეთი როგორ სავიზო რეჟიმს შეარჩევს საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს რუსული მხარის გადასაწყვეტია. მათ გარკვეულწილად შეარბილეს სავიზო მოთხოვნები 2015 წლიდან, თუმცა შემდეგ გვესმოდა განცხადებები იმის თაობაზე, რომ კიდევ მორიგი ნაბიჯის გადადგმას აპირებდნენ.

„მათი მხრიდან საჯაროდ განცხადებები კეთდებოდა, რომ რუსეთი სავიზო რეჟიმის გამარტივებას აპირებდა ან მოხსნას. მსმენია მისგან (კარასინისგან) ასეთი კომენტარები, რომ ისინი სავიზო რეჟიმის თვალსაზრისით რაღაც ნაბიჯების გადადგმას აპირებდნენ. შემდგომ ამას რეალურად შესაბამისი ნაბიჯები არ მოჰყოლია," - აღნიშნა მან.

კითხვაზე უკავშირდება თუ არა გადაწყვეტილების შეცვლა 20 ივნისის მოვლენებს განაცხადა: „რა თქმა უნდა, ასეა. ბატონმა ლავროვმა ამაზე მიანიშნა კიდევაც გარკვევით."

მორიგ კითხვაზე, კარასინის შემცვლელის ვინაობა არის თუ არა ცნობილი - თუ ვინ გააგრძელებს ზურაბ აბაშიძიესთან მოლაპარაკებებს პრაღის ფორმატში, მან აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ ქართულ მხარეს არ აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×