თამთა ჩაჩანიძე
26.09.2019

 „ამ შემთხვევაში მან ნორმალურად წარმოადგინა თავის ქვეყანა, მან თითქმის ყველა პრობლემა ჩამოთვალა, აფხაზეთზე საკმაო არგუმენტები მოიყვანა. ვერ ვიტყვი, რომ ეს ორატორობის მწვერვალი იყო, მაგრამ რა დროც ჰქონდა, მგონი საფუძვლიანად გამოიყენა", -ასე შეაფასა „რეზონანსთან" საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების" წევრმა ნუკრი ქანთარიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა გაეროში.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 25 სექტემბერს გაეროს ტრიბუნიდან ძირითადი აქცენტები მშვიდობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე გააკეთა. მისი თქმით, მშვიდობის მისაღწევად ყველას ჩართულობაა საჭირო.

ზურაბიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ აფხაზური იდენტობა განადგურების ზღვარზეა, აფხაზი ერის დემოგრაფიული მდგომარეობა კი კატასტროფულია. მისივე თქმით, აფხაზური ენის, იდენტობისა და ტრადიციების დაკარგვა სამყაროსათვის აღუვსებელი დანაკლისი იქნება.

„სამწუხაროდ, პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლას მხოლოდ თვალი გადავავლე. მთელი დღე ოზურგეთში საკონსტიტუციო განხილვაზე ვიყავით და არ მქონდა საშუალება, რომ თავიდან ბოლომდე მომესმინა და რასაც თვალი გადავავლე, ვფიქრობ, რომ ნორმალური გამოსვლა იყო. შეიძლებოდა უფრო მეტად თემებების სიღრმეებში შესვლაც, მაგრამ არ მგონია, რომ დასაწუნი გამოსვლა იყო ამ შემთხვევაში", - განაცხადა ქანთარიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა პრეზიდენ ზურაბიშვილის გამოსვლა კრიტიკულად შეაფასა, სესიაშვილის თქმით, ზურაბიშვილის გამოსვლაში შეიძლებოდა, „სხვა ფორმით, მწვავედ თუ რბილად, უფრო მეტი თქმულიყო".

ქანთარიას ფიქრობს, რომ არ იყო აუცილებლობა იმისა, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი სიმწვავეში შესულიყო, თუმცა, მისი თქმით, სესიაშვილმა შესაძლოა ამ გამოსვლას სიღრმისეულად შეხედა და ასეთი დასკვნაც ამიტომ გამოიტანა.

„მე რასაც თვალი გადავავლე, არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ იქ აუცილებლად უნდა შესულიყო სიმწვავეში და რაღაცა ჩხუბი დაეწყო. მან ნორმალურად ჩამოაყალიბა პრობლემები და ალბათ სესიაშვილს აქვს რაღაც არგუმენტები, რადგან მან უფრო სიღრმისეულად შეხედა", - განაცხადა ქანთარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×