თამარ შუკვანი
26.09.2019

 „რა მოლოდინი უნდა გვქონდეს, ვინმე ზნეობრივი კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს? - ასე არ ხდება. ახლაც თითქოს კრიტიკულ კითხვებს უსვამენ. ეს არის ზემოდან დაშვებული, ოდნავ დაგრძელებული საბელი. როგორც კი დასჭირდებათ, მაშინვე მოჭიმავენ და რა ფერის ღილაკსაც ეტყვიან, იმას დააჭერენ თუ, რა თქმა უნდა, არ აერიათ ფერები," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაწყებული გასაუბრებების შეფასებისას.

გაეროში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის თაობაზე, შეწყალების სკანდალურ საქმეზე, „ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან ზურაბიშვილის კრიტიკაზე და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე „რეზონანსი" ანალიტიკოს გია ხუხაშვილს ესაუბრა.

გია ხუხაშვილი: „ქართულ ოცნებაში" მოსალოდნელი განხეთქილება დიდი ილუზიაა. იმისათვის, რომ ვიღაცა დაშვებულ კრიტიკას გაცდეს და რეალური პროტესტი გამოხატოს, მას სადღაც წასასვლელი მაინც უნდა ჰქონდეს. დღეს „ოცნების" პოლიტიკური ელიტა რა ხალხით არის დაკომპლექტებული? - ესენი ძირითადად არიან მედროვეები, ადამიანები, რომლებიც ძალის ცენტრთან სხვადასხვა ინტერესებით არიან მიბმული.

„იჭუჭყუნებენ", მაგრამ რა ბრძანებაც მოვა, იმ ბრძანებას შეასრულებენ. ერთეული შემთხვევები გამოსარიცხი არ არის, მსგავსი რამ ერთხელ ვიხილეთ უკვე, თუმცა დღევანდელ შემოდგენლობას თუ გადავხედავთ, ვინ არიან ესენი? - „ნაციონალური მოძრაობიდან" პორტირებული ადამიანები, მაჟორიტარები, რომლებიც პარტიიდან პარტიაში გადადიან იმისდა მიხედვით, ვინ არის ხელისუფლებაში და ერთი ჯგუფი, რომელსაც სამომავლოდ თავისი გაურკვეველი ინტერესები აქვს.

„რეზონანსი": გვახსოვს მოსამართლეობის კანდიდატების დეკემბერის სია, რომელიც იმდენად სკანდალური იყო, რომ დეპუტატთა გარკვეულმა ნაწილმა უმრავლესობა დატოვა. დღეს რამდენად არის მოსალოდნელი მსგავსი რამ?

გ.ხ.: ნაკლებად. ერთეულ შემთხვევებს ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ „ქართული ოცნება" უკვე პრაქტიკულად სტელირულია. იქ ცოცხალი აზრის არსებობა ძალიან საეჭვოა.

„რ": გაეროში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას როგორ შეაფასებთ? როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორად იყო დასმული აქცენტები?

გ.ხ.: პრეზიდენტის გამოსვლაზე არ ვაკეთებ კომენტარს, რადგან ამას არავითარი აზრი არ აქვს. პრეზიდენტთან დაკავშირებით სულ სხვა პრობლემები გვაქვს და კიდევაც ვითარდება დიდი სკანდალი.

რას იტყოდა გაეროს ტრიბუნიდან პრეზიდენტი, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ოდნავ პოლიტიკური აურა რომ ჰქონდა, ოდნავ მწვავე გამოსვლა ექნებოდა და ამით მაინც დაამახსოვრებდა ვიღაცას თავს. თუმცა, აბსოლუტურად არაფრის მთქმელი, სტანდარტული ფრაზების კომბინაცია იყო.

დამერწმუნეთ, იქ არც არავის მოუსმენია და თუკი მოუსმინა, ერთი ყურიდან შეუშვა და მეორედან გამოუშვა. არაფრის მომცემი, მთქნარების და სიზმრების ფონზე დაკავებული ტრიბუნა იყო.

„რ": რას ფიქრობთ, მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეზე?

გ.ხ.: ფაქტია, რომ რაღაც არ არის წესრიგში. წინა პრეზიდენტებისგან განსხვავებით, აქ უფრო სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც ერთეულ შემთხვევებზე პრეზიდენტებს ვაკრიტიკებდით ან კითხვებს ვუსვამდით. ამ პრეზიდენტის პირობებში ამან სისტემური ხასიათი მიიღო.

მოკლე ვადაში ძალიან საეჭვო შეწყალებების მთელი სერია ვიხილეთ. ეს დიდი პრობლემაა და კარგია, რომ გამოძიება დაიწყო.

„რ": თქვენი აზრით, ამ საქმეში ფიგურირებს თუ არა მესამე პირი?

გ.ხ.: საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ფიგურირებს, რადგან ამ ტიპის შეწყალებები ძნელად დასაჯერებელია ხდებოდეს ისე, რომ რაღაც სუბიექტური ინტერესი არ იყოს, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მძიმე ბრალდებებთან გვაქვს საქმე, არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმციას და მირჩევნია, გამოძიების შედეგებს დაველოდოთ.

„რ": რით აიხსნება ის ფაქტი, რომ დღეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა აშკარად დაიწყეს „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმაც?

გ.ხ.: აქაც საქმე გვაქვს საბელის დაგრძელებასთან. გაიგეს, რომ ერთი კაცი თვითონაც გაბრაზებულია სალომე ზურაბიშვილზე. ეს არის დაშვებული კრიტიკის ნორმები - საბელის დაგრძელება ხდება დროდადრო. როგორც კი ეტყვიან „შეწყვიტეთ", მაშინვე შეწყვეტენ.

ზურაბიშვილის კრიტიკა ზემოდან არის ბეჭედდარტყმული და ამ დიაპაზონში „ქართული ოცნება" ახდენს თავისუფლების ილუზიის დემონსტრირებას. როგორც კი დაუცაცხანებენ, მაშინვე „მოკეტავენ."

„რ": დღეს არსებული მდგომარეობით, რამდენად რეალურია ზურაბიშვილის იმპიჩმენტი?

გ.ხ.: ამ საკითხს სკეპტიკურად ვუყურებ. გამორიცხული არ არის, თუ გადაწყვეტილების მიმღებმა ცენტრმა რამე სარგებელი დაინახა იმპიჩმენტში - შესაძლებელია, თუმცა ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია.

„რ": რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსული განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში რუსეთის ხელისუფლება საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შემოღებას აპირებდა. გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო და დღე-დღეზე პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება უნდა გამოსულიყო, მაგრამ სერგეი გავრილოვთან დაკავშირებული ინციდენტისა და 20 ივნისის მოვლენების გამო, კრემლმა ამ გადაწყვეტილების მიღება გადაიფიქრა. რამდენად სარწმუნოა სერგეი ლავროვის ეს განცხადება და ამ კუთხით, საქართველოსთვის მომავალში რა შეიძლება შეიცვალოს?

გ.ხ.: ეს არის პოლიტიკური განცხადება. პრობლემა ორ ქვეყანას შორის გრძელვადიან, კონკრეტულ ხასიათს ატარებს, ამიტომაც ვერაფერი შეიცვლება. თუმცა, გამომდინდარე იქიდან, რომ რუსეთს თავისი სტრატეგია აქვს საქართველოსთან მიმართებაში - თავის ორბიტაზე საქართველოს დაბრუნება სურს - დღევანდელი ხელისუფლების პირობებში გაუჩნდა განცდა, რომ ეს შესაძლებელია. მათი მხრიდან ასეთ რევერანსებს კიდევ ვნახავთ.

ისინი, როგორც წესი, ასეთ პოლიტიკას ატარებენ - სადღაც საზღვარს გადმოაცოცებენ, მერე მოგვეფერებიან, ისევ გადმოაცოცებენ, მერე ერთ-ორს გვესვრიან, შემდეგ ისევ მოგვეფერებიან. ის, რომ რუსეთი გაჩერდება და თავს დაგვანებებს, სისულელეა. ე.წ. ფრთხილი პოლიტიკა, რასაც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ეძახიან, ძალიან მიამიტი პოლიტიკაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×