აღნიშნული ცვლილების შესახებ მეხორბლეებმა და გადამზიდავებმა "რეზონანსისგან" შეიტყვეს
თამარ მუკბანიანი
26.09.2019

 ხორბლის ავტომობილებით შემოტანა აღარ აიკრძალება. სანამ ბიზნესი გასულ წელს ამოქმედებული მორატორიუმის გაგრძელებას ითხოვდა,  აღმოჩნდა, რომ სამინისტროს უჩუმრად მთლიანად ცვლილება აქვს გაუქმებული და ეს ერთი თვის წინ, 2019 წლის 29 აგვისტოს გააკეთა. 

რატომ მიიღო ივანე მაჭავარიანის უწყებამ დიამეტრალურად განსხვავებული გადაწყვეტილება, თანაც სრულიად საიდუმლოდ, ამაზე ყველა დუმს.

ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ ბრძანება რომლის გაუქმებასაც ბიზნესი და იმპოტრიორები ითხოვდნენ, უკვე თითქმის ერთი თვეა ძალაშია. ,,რეზონანსი” წინა კვირას წერდა იგივე თემასთან დაკავშირებით და არკევევდა რა საფრთხეებს შექმნიდა კანონის ძალაში დატოვება ქვეყნისათვის. მაშინ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებთან კომუნიკაცია ვერ მოხერხდა და ვერც პასუხი მივიღეთ, თუ რას გეგმავდა სახელმწიფო, ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც თურმე უკვე განხორციელებულია. 

ჯერ კიდევ 2018 წლის ზაფხულის მიწურულს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლითაც ქვეყანაში ხორბლის, მესლინის, ხორბლისა ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის იმპორტი საავტომობილო გზით აიკრძალებოდა.

შარშან სატვირთო ავტომობილების მძღოლების პროტესტის შემდეგ 1 წლით გადავადდა ნორმის ამოქმედება, რომლის მიხედვითაც საქართველოში ხორბლისა და ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა და გატანა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით იკრძალებოდა. წესით და რიგით ახალი ნორმა 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს უნდა შესულიყო ძალაში.

ფინანსთა მინისტრის ძველი ბრძანებით, რომელსაც ხელს ივანე მაჭავარიანი აწერდა, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორბლის შემოტანა და გატანა ნებადართული იქნებოდა მხოლოდ სარკინიგზო გზითა და პორტების მეშვეობით. ცალკეულ შემთხვევებში კი შემოსავლების სამსახურის ნებართვით ხორბლის შემოტანა და გატანა შესაძლოა, სხვა ტიპის ტრანსპორტითაც განხორციელებულიყო. ამ გადაწყვეტილებას სატვირთო ავტომობილის მძღოლების პროტესტი მოჰყვა. მოგვიანებით იგი შეიცვალა და 1 წლით, ანუ 2019 წლის 1-ელ  ოქტომბრამდე გადავადდა.

ის, რა პრეტენზიაც ბიზნეს ყველაზე ხშირად აქვს ახალ ფინანსთა მინისტრთან და მის უწყებასთან, როგორც ჩანს ისევ ძალაშია - ესაა ცუდი კომუნიკაცია. გუშინ ფინანსთა სამინისტროში ,,რეზონანსს” განუცხადეს, რომ ყველაზე დიდ და ღია საკანონმდებლო პლატფორმაზე, ცვლილება გამოქვეყნდა, შესაბამისად ინფორმაცია იყო საჯარო. ამ დროს ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა.

საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა ,ადასტურებს, რომ ინფორმაცია არ ჰქონია: 

,,რასაკვირველია არ მქონდა ინფორმაცია, რომ გაუქმებულია ეს დადგენილება, თორემ თქვენთან საუბრისას, სულ რაღაც 4 დღის წინ, ხომ არ მოვითხოვდი, რომ მორატორიუმი არათუ უნდა გაგრძელდეს, არამედ ცვლილება საერთოდ უნდა გაუქმდეს-თქო? კარგია, რომ ასე მოხდა, მაგრამ ბიზნესთან ამ საკითხზე კომუნიკაცია სახელმიწფოს არ ჰქონია და დღეს თქვენგან, ჟურნალისტებისაგან ვიგებთ”, - აღნიშნა სილაგავამ "რეზონანსთან" საუბრისას. 

არაფერი იცოდა სახელმწიფოს მხრიდან კანონის გაქუმებაზე, ხორბლის ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა შემომტანმა კომპანია ,,სერვის აგროს” მფლობელმა, ბესიკ ჯიქიამაც.

,,ყველა სახელმწიფო სტრუქტურამ სხვადასხვა შეხვედრაზე დაადასტურა, რომ დადგენილება იყო არასწორი და ეს ძალიან ხმამაღლა და გარკვევითაც თქვა კონკურენციის სააგენტომაც. პირად საუბრებში, ნამდვილად ჩანდა გაუქმების გადაწყვეტილება, მაგრამ დღეს გავიგეთ, რომ თურმე კანონი გაუქმებულია და ამ კარგ ამბავს მალავენ. 

გულწრფელად რომ გითხრათ, მოლოდინი ნამდვილად მქონდა, რომ გადაზიდვას გავაგრძელებდით, მაგრამ ამაზე კომუნიკაცია არავის მხირიდან არ ყოფილა. მაგათ რომ ეს არ გაეკეთებინათ, იგივე მოხდებოდა რაც შარშან და მერწმუნეთ, მე ვიქნებოდი წინ დროშით ხელში. 

პირად საუბრებში, ფინანსთა მინისტრის მოადგილეც ამბობდა, რომ დადგენილება გაუქმდებოდა, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ მთლიანად გაუქმება, სხვა ბევრს ფაქტორთან ერთად, გამოიწვია ყაზახეთიდან ხორბლის მოწოდების ჩავარდანამაც. საქართველოში უკვე ინაწილებდნენ იმ ხორბალს, რომელიც ყაზახეთში საერთოდ არ მოვიდა წელს. ამ ყველაფერმა, როგორც ჩანს, აუცილებელი გახდა კანონის გაუქმება”, - აღნიშნა "რეზონანსთან"  ბესიკ ჯიქიამ. 

როგორც ჩანს, ფინანსთა სამინისტრომ ცვლილბა მხოლოდ ვებ-გვერდზე ატვირთა და საჭიროდ არ მიიჩნია საქმის კურსში ის დაინტერესებული მხარეები მაინც ჩაეყენებინა, რომლებსაც სარჩელი სასამართლოში ჰქონდათ შეტანილი. 

ერთ-ერთი ვინც აღნიშნულ კანონს აპროტესტებდა ,,კოდა” იყო. დღეს ,,რეზონანსთან” საუბრისას კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ სიახლე გადამზიდავებისაგან შეიტყო და სახელმწიფო უწყებების მხრიდან კომუნიკაცია არ ყოფილა. 

,,ახლახან გადამზიდავებისაგან გავიგეთ, რომ 1-ლი ოქტომბრის შემდეგაც ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებდით მუშაობას და არ გაგვიძვირდებოდა პროდუქცია, არ აიკრძალებოდა სამანქანო გზით შემოტანა“, - აცხადებს ზურა ჭუჭულაშვილი.

შეგახსენებთ, აკრძალვის მიზეზად გასულ წელს მთავრობა ფიტო სანიტარულ შემოწმებას ასახელებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×