„პარლამენტში მსგავსი ფაქტები ორივე მხრიდან მიუღებელია. რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ვანო ზარდიაშვილის კომენტარი პირადს არ ეხებოდა," - აცხადებს „რეზონანსთან" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი პარლამენტში დეპუტატებს შორის 26 სექტემბერს მომხდარი დაპირისპირების შესახებ საუბრისას.
ვანო ზარდიაშვილმა ეკა ბესელიასთან ინციდენტის შემდეგ განაცხადა, რომ მისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და გაიმეორა ის რეპლიკა, რის გამოც პარლამენტში ინციდენტი მოხდა.
ზარდიაშვილმა „ტვ პირველის" ეთერში საზოგადოებას ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ „მსგავსი ფაქტების ნახვა მოუწიათ", შემდეგ კი თქვა: „ეს არ ჯდება ჩემს ხასიათში. მაგიტომ შევეცადე, რომ მას არ ავყოლოდი. ქართული საზოგადოება ნამდვილად არ იმსახურებს საკანონმდებლო ორგანოდან მსგავსი ხასიათის ფაქტების ნახვას".
ინციდენტის შემდეგ ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ასეთი შეურაცხყოფისთვის ყველა პასუხს მიიღებს:
„ძალიან გთხოვთ, ამ არარაობის გამონათქვამებზე კომენტარს ნუ მომთხოვთ. მან მიიღო ის, რისი ღირსიც იყო აქ," - განაცხდა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის პერსონალური პასუხისმგებლობაა ის, რაც ხდება, რადგან დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი მისი პარტიის სახელით საუბრობს.
ცნობისათვის, 26 სექტემბერს პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მირანდა ირემაძეს უსმენდნენ, დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და „ქართული ოცნების" წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ბესელიას ქმედება ზარდიაშვილის რეპლიკას „ბესელიას მორალს" მოჰყვა, რომელიც ზარდიაშვილმა ნეგატიურ კონტექსტში ახსენა.