ელზა პაპოშვილი
26.09.2019

 საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა. მის მიერ 27 წუთიან წარმოთქმულ სიტყვაში ადგილი საქართველოს ოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიებსაც დაეთმო. მან გაეროს ტრიბუნიდან მსოფლიოს ლიდერებს ის ვითარება გააცნო, რომელიც ოკუპირებულ და ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზეა. 

სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ქვეყნის შიგნით არსებულ საფრთხეებზეც ისაუბრა. მან ქვეყანაში არსებულ ჯანდაცვის სისტემაზეც გაამახვილა ყურადღება. ხაზი ჯანდაცვის დადებით მხარეებსაც გაუსვა, თუმცა დასძინა, რომ წამლებზე ფასების მატება მოსახლეობას ტვირთად აწვება. ზურაბიშვილმა ქვეყანაში ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემაზეც ისაუბრა და მის თანამდევ პროცესებზეც ყურადღება გაამახვილა. 

პრეზიდენტის გამოსვლას საქართველოში კრიტიკული შეფასებები უკვე მოჰყვა. პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ზურაბიშვილის გამოსვლა უფრო მწვავე და საყურადღებო უნდა ყოფილიყო. მათი აზრით, როდესაც რუსეთის დელეგაცია მისი საუბრის დროს მოსმენასაც არ კადრულობს, ესე იგი იმ მნიშვნელოვან პრობლემაზე არ საუბრობ, რასაც ოკუპაცია და რუსეთის მხრიდან ჩვენი მიწების მიტაცება ჰქვია. პრეზიდენტმა კრიტიკა „ოცნების“ ზოგიერთი დეპუტატისგანაც დაიმსახურა. 

„სიმართლე გითხრათ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან გაეროს ტრიბუნიდან მეტს ველოდი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა ყოველთვის ღირებულია და თავისი მნიშვნელობის მატარებელია.

„სიმართლე გითხრათ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან მეტს ველოდი. უფრო სწორად, შეიძლება, უფრო მეტის მოსმენა მსურდა, თუმცა ძირითადი აქცენტები გააკეთა. შეიძლება ჩემთვის მნიშვნელოვანი სხვა აქცენტებიც ყოფილიყო. 

„საერთო ჯამში, სალომე ზურაბიშვილმა ყველა გამოწვევაზე ისაუბრა, რაც ქვეყნისა და მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე არსებობს, მაგრამ როცა საქმე ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეხება, შეიძლება, სხვა ფორმით, მწვავედ თუ რბილად, უფრო მეტი თქმულიყო, რაც დამაკლდა",  - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს გაეროს ტრიბუნის გამოყენება, უფრო მწავავე განცხადებების გაკეთებისთვისაც შეეძლო გამოეყენებინა. ჩიტაძე ამბობს, რომ გასაგებია პრეზიდენტი ოკუპაციის საკითხს რომ შეეხო და თქვა, რომ ქვეყნის 20 % ოკუპირებულია, მაგრამ უფრო მეტი სიახლე უნდა ყოფილიყო. 

„საქართველოს ოკუპაციის საკითხს კონკრეტიზაცია აშკარად ეკლდა. საქართველო რომ ევროპის და ევროატლანტიკურ  სტრუქტურებში ისწრაფვის, ეს სიახლე არ არის და ისედაც ყველამ იცის. გაეროს ტრიბუნა ყველაზე დიდია, სადაც 193 ქვეყანაა  გაერთიანებული. ამიტომაც, ამდენ ქვეყანასთან საუბარი რომ შეგიძლია და ამას მაქსიმალურ დონეზე არ იყენებ, ძალიან ცუდი ფაქტია. 

„მხოლოდ და მხოლოდ იმაზე საუბარი, რომ ქვეყნის 20% ოკუპირებულია, გასაგებია, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ საკმაოდ მძიმე  სიტუაციაა მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით და უფრო კონკრეტულად უნდა მოეყოლა, თუნდაც ბოლო დროს ჩორჩანაში მიმდინარე სიტუაცია. 

„ყურადღება ასევე პუტინის, მსუბუქად რომ ვთქვათ, ტყუილზე უნდა გაემახვილებინა, სადაც მან თქვა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში არასდროს ყოფილა. ამიტომაც ეს ტრიბუნა იმისთვის უნდა იყოს გამოყენებული, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა მსოფლიოს ის ისტორიული სამართლიანობა აუწყოს, რომლის მიხედვით ეს ოკუპირებული ტერიტორიები მუდმივად ჩვენს შემადგენლობაში შედიოდნენ. ზურაბიშვილის გამოსვლა იყო ზოგადი, ნაკლებად ემოციური და კონკრეტულ პრობლემებზე აქცენტის გაკეთება არ ყოფილა“, - აცხადებს ჩიტაძე „რეზონანსთან“ საუბრისას.

საქართველოს ყოფილი საგარეო  საქამეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გაეროში რიგით 74-ე გამოსვლის დროს, სწორი და ზუსტი აქცენტები გააკეთა. მისივე თქმით, პრეზიდენტის მიმართ რაიმე სერიოზული შენიშვნა არ აქვს. 

მენაღარიშვილი ფიქრობს, რომ მან განცხადებები ქვეყნის მთლიანობასთან დაკავშირებით გააკეთა. ასევე, ყურადღება საერთაშორისო თანამეგობრობაზე და მათ მნიშვნელობაზეც გაამახვილა. ამიტომაც ყოფილი მინისტრი ფიქრობს, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს თემაზე, რასაც ოკუპაცია ჰქვია, ზურაბიშვილმა შეძლებისდაგვარად ისაუბრა. 

„აქ არა მარტო პრინციპული, არამედ პოლიტიკური გემოვნების საკითხია. ამა თუ იმ თემის შესახებ განცხადებას ყველა სხვადასხვანაირად გააკეთებს. რა თქმა უნდა, შეიძლება ოკუპაციის თემა გაეროს ტრიბუნიდან უფრო მწავავედაც გაჟღერებულიყო, თუმცა ზურაბიშვილმა ამ ფორმით აირჩია.

„აქ კამათის საფუძველს საერთოდ ვერ ვხედავ. ჩემი შეხედულება ამ შემთხვევაში იმას ეფუძნება, რომ ოკუპაციის  თემა გაეროს ტრიბუნიდან უნდა გაცხადებულიყო და გაცხადდა. ახალ ვიღაცას უფრო ყვირილით, ან ლანძღვით თუ უნდოდა - ეს სხვა საკითხია“, - აცხადებს მენაღარიშვილი „რეზონანსთან“.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×