ელზა პაპოშვილი
26.09.2019

 დამოუკიდებელი  დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტში მომხდარი დაპირიპირების შემდეგ აცხადებს, რომ მას ბოდიში არავისთვის აქვს მოსახდელი. უფრო მეტიც, ვანო ზარდიაშვილს და მას შორის მომხადრ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას პირადად ბიძინა ივანიშვილს აკისრებს და მას საპასუხო ნაბიჯებით ემუქრება.

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ინციდენტს შესაძლოა სერიოზული გაგრძელება ჰქონდეს, რადგანაც ბესელიას, რომელიც თავის დროზე მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო, დღემდე ჰყავს თანამოაზრეები „ქართულ ოცნებაში“ და მათ შესაძლოა საჯაროდ დაუჭირომ მხარი ბესელიას.

აღსანიშნავია რომ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ფონზე მოხდა. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მომზადებული მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციანი სია გახდა „ოცნებაში“ სკანდალური დაპირისპირებისა და ბესელიას და მისი თანამოაზრეების პარტიიდან გასვლის მიზეზი

მმართველი პარტიის ე.წ. ახლების გუნდის წარმომადგენლები 26 სექტემბრის ინციდენტის შემდეგ რადიკალურ გადაწყვეტილებებს ითხოვენ. დავით მათიკაშვილი და რატი იონათამიშვილი ბესელიას მოუწოდებენ, დეპუტატის მანდატი დატოვოს. 

„ადამიანი, რომელსაც შეუძლია, რომ ასე დაეცეს და ამდენის უფლება მისცეს თავს, ის ნამდვილად იმსახურებს, რომ ქართული პოლიტიკის წარსულში იყოს“, - აღნიშნავს მათიკაშვილი. 

ეკა ბესელია კი ამბობს, რომ  ბოდიში მოსახდელი არავისთან არა აქვს. მისი თქმით, რამდენჯერაც იქნება ასეთი ამორალური პროვოკაცია და თავდასხმა, ის  პასუხს მიიღებს. 

„პირველი რაც მინდა ვთქვა, დღეს იყო იაფფასიანი დაგეგმილი პროვოკაცია. ძალიან შეგნებულად გამოუშვა, როგორც ჩანს, ჩინჩალაძემ და მისმა კლანმა ეს არარაობა, ყოველთვის მათი მონა ზარდიაშვილი პროვოკაციის მოსაწყობად.

„მათ შეხედეს, როგორ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა მათი რჩეული მსაჯული მოსამართლე, რომელიც ვერ უძლებდა კითხვებს, რომელიც მისი მისამართით არსებობდა. კადრები, რომელიც გავუშვით, ააშკარავებდა იმ სურათს, რაც აქვს დაგეგმილი „ქართულ ოცნებას“. აი, ამის გადასარჩენად შემოუშვეს „ქართული ოცნების“ სახედ ქცეული ზარდიაშვილი, რომელმაც მიიღო პასუხი ჩემგან ამ პროვოკაციაზე. მე მასაც და სხვასაც ვაფრთხილებ, არავისთან არ მაქვს ბოდიში მოსახდელი. რამდენჯერაც იქნება ასეთი ამორალური პროვოკაცია და თავდასხმა, მიიღებს პასუხს.

„ვანო ზარდიაშვილი ჩუმად, არაკაცურად ისე ლაპარაკობდა, რომ საზოგადოებას ვერ გაეგო მისი შეურაცხყოფა. მაგრამ მე გავიგე და რამდენჯერაც ამას გაბედავს, მიიღებს პასუხს. 

„ვანო ზარდიაშვილი დღეს „ქართული ოცნების“ სახელით ლაპარაკობს. სწორედ ამიტომ მე ვაკისრებ პირადად ბიძინა ივანიშვილს პასუხისმგებლობას. ეს არის მისი პასუხისმგებლობა, რომ „ქართული ოცნება“ ადეიშვილის ღამის მორიგეების და ღამის ასისტენტების თუ ხელის ბიჭების სახელით ლაპარაკობს.

„თუ ივანიშვილს ჰგონია, რომ ეს მოსამართლეები ასე გავლენ, ან თუ „ქართულ ოცნებაში“ ვინმეს ჰგონია, რომ გაბედავენ და ამ მოსამართლეებს თავზე მოგვახვევენ, ძალიან ცდებიან. ყველა მეთოდს, ყველა ფორმას გამოვიყენებთ, რაც კი კანონით დასაშვებია იმისთვის, რომ ამ პროცესს წინ აღვუდგეთ. ეს იქნება ფიზიკური, მორალური, სამართლებრივი წინააღმდეგობა.

„პირადად ივანიშვილს ვაფრთხილებ - თუ ის ამ მეთოდებით გააგრძელებს ამ ხელის გადაგრეხვის პრინციპს და ჩვენთან ლაპარაკს, უბრალოდ დაელოდოს ჩემს პასუხებს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.  

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ გამორიცხული არაა, რომ ეკა ბესელიას მოსამართლეების კანდიდატურასთან დაკავშირებით პროვოკაცია მოუწყეს. მისივე თქმით, უკვე დიდი ხანია პარლამენტარების კონკრეტულ ჯგუფს ბესელიას პიროვნება აღიზიანებს, ამიტომაც მის წინააღმდეგ მუდმივად შეთანხმებულად მოქმედებენ. 

რაც შეეხება იმას, მოქმედებს თუ არა ზარდიაშვილი ივანიშვილის დავალებით, ძაბირაძე ამბობს, რომ ამის გარკვევა რთულია, თუმცა ფაქტია, რომ ზარდიაშვილს თვისი ქმედებების და განცხადებების არ ეშინია, მას ამისთვის „მწვანე შუქი აქვს ანთებული“.

„ბესელია რომ ამ ახალგაზრდებს ნერვებს უშლის, ეს არახალია. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე საყურებელია, როდესაც დეპუტატები ერთმანეთს შეურაცხყოფას ჯერ სიტყვიერად აყენებენ და ახლა ფიზიკურად. თუმცა გამწარებულ ადამიანს რთულია რამე მოჰკითხო. ფაქტი ერთია, რომ ბესელიას პროვოცირება ამ კონკრეტულ ჯგუფს ყოველთვის სურს და ეს გამოუვიდათ კიდეც. 

„რაც შეეხება იმას, რომ ეს ივანიშვილის პასუხისმგებლობაა და შესაძლოა ზარდიაშვილი მას ავალებდეს რამეს, ცოტა რთული სათქმელია. თუმცა ფაქტი ერთია, რომ ზარდიაშვილს თავისი ქცევის არ ეშინია. ის წახალისებულია და ამ საქციელის გამო ალბათ კიდევ წახალისდება. 

„რაც შეეხება ბესელიას მუქარას, რთული სათქმელია მან რა იცის და რა შეიძლება გააკეთოს. არც ის არის გამორიცხული, თავად „ოცნების“ შიგნითვე გარკვეული დაპირისპირებები წავიდეს. თუმცა, ისიც ვნახეთ, რომ ბესელიასთან მყოფი ფოფხაძე და გაგოჩაიშვილი სხვა გზით წავიდნენ. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, თუმცა ამ დაპირისპირებამ ის ნათლად გამოაჩინა, რომ მოსამართლეების საკითხი ძალიან ბევრ რაღაცას ზემოდ ამოიტანს და კიდევ დაპირისპირებებს უნდა ველოდოთ“, - აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან“.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილს მხოლოდ ვანო ზარდიაშვილი დარჩა და მისი რეალური სახეც ასეთია, როგორიც დპუტატმა გამოაჩინა. მისივე თქმით, ეს ივანიშვილის პირადი ტრაგედია უნდა იყოს, როდესაც მის სახეს ასეთი ადამიანები წარმოადგენენ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ კიდევ უფრო გაუგონარია „ოცნების“ ზოგიერთი დეპუტატის გამოსვლა და იმაზე საუბარი, რომ „ზარდიაშვილი ვაჟკაცია, რადგანაც ბესელიას ხელი არ შეუბრუნა“.

„დიდი ბოდიში, მაგრამ გველივით სისინი და ქირქილი იმ მძიმე ფაქტზე, რაც ბესელიას გაუკეთეს, კაცურ და ვაჟკაცურ საქციელში არ ჯდება. ეს არის აი, ამ დაჯგუფების მორალური სახე. გასაკვირი არ არის და არც არავისთვის არის უცნობი, რომ ამ ახალგაზრდებს მოსამართლეების საკითხი აქვთ ჩაბარებული. ამიტმაც მათგან ახლა გასაკვირი არაფერია. 

„როდესაც ადამიანი სტრესისი ქვეშ არის ძალიან სამწუხარო ფაქტის გამო, შენ კიდევ დგახარ და ქირქილებ, ეს რომელ მორალში ჯდება?! ეს არის ბინძური თემა. აქ კაცობაზე და ღირსებაზე როგორ საუბრობენ?!

„ეკა ბესელიასგან მსგავსი ქცევა გასაკვირი არ არის. ადამიანი მძიმე სტრესშია. რაც შეეხება გამოიწვევს თუ არა მოსამართლეების საკითხი „ოცნებაში“ დაპირისპირებას, არარსებული ამბავია. „ქართული ოცნება“ აღარ არსებობს. ამიტომაც არც არაფერი იქნება“, - აცხადებს ხუხაშვილი „რეზონანსთან“.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×