ნიუ იორკში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა საქართველოს დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციითა და შვეიცარიის შუამდგომლობით შედგა და ეს არ ნიშნავს უმაღლეს დონეზე ორი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენელთა შეხვედრების განახლებას. ასეთ განმარტებებს აკეთებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დავით ზალკალიანისა და სერგე ლავროვის შეხვედრის კომენტირებისას.
ქართული მხარის ოფიციალური ინცორმაციით, საუბრის მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და ოკუპაციის ხაზთან არსებული დაძაბულობა იყო. რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ მხარეებმა „საუბრის დროს განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები“ და „გაცვალეს მოსაზრებები რეგიონალური უსაფრთხოების პრობლემატიკასთან დაკავშირებით“.
ზალკალიანი-ლავროვის საუბარი გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შედგა და ფაქტიურად, ეს იყო საქართველოსა და რუსეთის ამ რანგის წარმომადგენლების პირველი შეხვედრა 2008 წლის შემდეგ.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის თქმით, საქართველოს დელეგაციას ბოლო დღეების განმავლობაში, გაეროში, რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა ჰქონდა, რომელზეც ოკუპირებული რეგიონების პრობლემატიკა მთავარი საკითხი იყო.
„ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან იყო გზავნილი, რომ საჭიროა რუსეთის მხარესთან კომუნიკაცია. ჩვენმა შვეიცარიელმა კოლეგებმა ქართულ დელეგაციას კომუნიკაციის ორგანიზება შესთავაზეს და საბოლოო ჯამში, ეს შეხვედრა შედგა,“ -განაცხადა „რეზონანასთან“ საუბრისას აბაშიძემ.
მისი თქმით, 2008 წლის შემდეგ რუსეთთან დიალოგი მიმდინარეობს, 2009 წელს შეიქმნა ჟენევის ფორმატი, ჩვენი წარმომადგენლები ხვდებოდნენ და ხვდებიან რუსეთის დელეგაციას.
„რუსეთთან დიალოგი ყოველთვის გვქონდა, ყოველთვის ვიყავით კომუნიკაციის მომხრე, თუმცა, უფრო მაღალი დონის შეხვედრებს აზრი მხოლოდ მაშინ ექნება, როდესაც მთავარი პრობლემატური საკითხი - ოკუპაცია გადაიჭრება. ამ ეტაპზე სხვა შეხვედრებისთვის მზადება არ მიმდინარეობს, დანარჩენს მომავალი გვაჩვენებს,“-აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის მრჩეველიც:
„აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე, ჩვენ გვქონდა ძალიან კონკრეტული კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, იმ დაძაბულ ვითარებაზე, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ არსებობს. ამ რეალობას, საერთაშორისო თანამეგობრობაში, ყველა კარგად აღიქვამს,“ - ნათქვამია ირაკლი ჩიქოვანის განცხადებაში.
საპარლამეტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის თქმით, შეხვედრის აუცილებლობა რუსეთის მიერ შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარეობდა:
„წინაპირობა არ არის რბილი, ადვილი და პრიმიტიული, ამ შეხვედრის წინაპირობა არის დაძაბული ვითარება, რომელიც შეიქმნა საოკუპაციო ხაზთან. ამ შემთხვევაში სწორი გზა ერთი მხრივ არის შეიარაღებული დაპირისპირება, თავდაცვა, შეტევაზე გადასვლით და მეორე - მოლაპარაკების გზა, რომელსაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, აშშ და ევროკავშირის ქვეყნები უჭერენ მხარს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ გადაწყვეტილება სწორად მიაჩნიათ საქართველოსთვის, თავადაც დაინტერესებული არიან, რომ სამხრეთ კავკასიაში არ გაჩნდეს კიდევ ერთი ცხელი წერტილი და იმ ქვეყანას, არ შეექმნას პრობლემები, რომელიც მათ დასაყრდენს წარმოადგენს რეგიონში“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“აღნიშნა, რომ მას არ სჯერა, რომ ეს შეხვედრა რაიმე შედეგს გამოიღებს.
„ეჭვი მეპარება, რომ შეხვედრა რაიმე შედეგს გამოიღებს, რადგანაც პირობაა, რომ ჩვენ ნატოსკენ სვლა შევაჩეროთ ან ურთიერთობები ნაკლებად ინტენსიური გავხადოთ. დანარჩენი რუსეთს არ აინტერესებს,“ - აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.
საპარლამენტო ოპოზიციას კი საკომიტეტო მოსმენის ფორმატში ზალკალიანის პარლამენტში დაბარება აქვს გადაწყვეტილი. „ნაციონალური მოძრაობის“ აზრით, ასეთ ფორმატში შეხვედრა არის რუსეთის მცდელობა, ჩაშალოს ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი და დაგვტოვოს მარტო საერთაშორისო მონაწილეების გარეშე.
ხუთშაბათის შეხვედრის შესახებ თავად დავით ზალკალიანმაც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ლავროვთან შეხვედრამდე ქართულ მხარეს თავის დასავლელ პარტნიორებთან ჰქონდა კონსულტაცია.
„მსჯელობის ძირითადი თემა იყო დეოკუპაცია, უკანონო ბორდერიზაცია, ასევე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული ბევრი პრობლემური საკითხი, მათ შორის, რაც არის დაკავშირებული ჟენევის მოლაპარაკებებთან, საქართველოს პოზიციასთან და საქართველოს პოზიციასთან მიმართებით რუსეთის დამოკიდებულებასთან. ბუნებრივია, ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ შეხვედრის შესახებ აუცილებლად ვაცნობებთ ჩვენს პარტნიორებს და გავაგრძელებთ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სიტუაციის დეესკალაციისკენ“, - განაცხადა ზალკალიანმა.