თამარ შუკვანი
27.09.2019

 „დარწმუნებული ვარ, შვეიცარია არაერთხელ ცდილობდა მოესინჯა ნიადაგი, რათა სადმე ნეიტრალურ ზონაში ამ ტიპის შეხვედრა შემდგარიყო. შესაძლოა წინასაწარ მზადდებოდა, მაგრამ გადაწყვეტილება სპონტანური იყო. იმაში, რომ ამ ტიპის შეხვედრა ადრე იქნებოდა ჩაფიქრებული, ეჭვი არ მეპარება და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. კარგიც კია, მითუმეტეს წნელისი-ჩორჩანას კონტექსტიდან გამომდინარე," - აცხადებს „რეზონანსთან" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ნიუ იორკში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ საუბრისას.

დავით ზალკანიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა, ქართული მხარის ოფიციალური ინფორმაციით, დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციითა და შვეიცარიის შუამდგომლობით შედგა.

საქართველოს საგარეო საქმე სამინისტრო აცხადებს, რომ განხილვის მთავარი თემა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპაციის ხაზთან არსებული დაძაბულობა იყო. რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ მხარეებმა „საუბრის დროს განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები" და „გაცვალეს მოსაზრებები რეგიონალური უსაფრთხოების პრობლემატიკასთან დაკავშირებით".

ზაქარეიშვილის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები ორ ქვეყანას შორის ხშირად უნდა იმართებოდეს. ამ შეხვედრის ერთ-ერთ მიზეზად კი წინასაარჩევნო სვლას ასახელებს.

„როდესაც ასეთი ფორუმია გაეროში, წინასწარ შეუთანხმებელი და მოულოდნელი შეხვერდებიც კი ტარდება. შვეიცარია დიდი ხანია, რაც შუამავალია საქართველო-რუსეთს შორის და მათ დიპლომატიური ურთიერთობებს აგვარებს. მგონი, რუსეთი უფრო ეძებდა ასეთ შეხვდრას და ქართული მხარე თავს მეტად იკავებდა შიდა პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე - ოპოზიცია როგორ გააკეთებდა ამაზე რეაგირებას. წინასაარჩევნო კამპანიის კონტექსტი უფრო წამყვანია, რადგან შემდეგი ამ დონის შეხვედრა შეიძლება ერთი წლის შემდეგ მოხდეს, როდესაც გახურებული წინასაარჩევნო კამპანია იქნება.

„ვფიქრობ, თბილისში უკვე იცოდნენ ამ ტიპის შეხვედრის შესახებ. დარწმუნებული ვარ, მოლაპარაკებები იყო. წინასაარჩევნო კონტექსტიდან გამომდინარე, ჩათვალეს საჭიროდ მოეზიდათ იმ ამომრჩევლთა ხმები, რომლებიც თვლიან, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება საჭიროა. დღეს ამ მიმართულებით საქართველოში ორი პარტია მუშაობს - „პატრიოტთა ალიანსი" და ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო".

„ვინაიდან საზოგადოებაში არსებობს განცდა, რომ ბურჯანაძის და ინაშვილის პარტიები ცდილობენ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას და ამით „ოცნებას" აკლებენ ხმებს, „ქართულმა ოცნებამ" სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ამ ხმების მობილიზაციაც მოინდომა. აშაკრაა, რომ პრობლემები აქვთ, ხმები სჭირდებათ და გადადგა სერიოზული, თამამი ნაბიჯი," - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

თუკი მოსალოდნელი შეხვედრა დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა, ამის შესახებ ინფორმაციას რატომ მალავდა, როგორც ქართული ასევე რუსული მხარე? ზაქარეიშვილი თვლის, რომ საბოლოო პასუხი შვეიცარიისთვის ალბათ უცნობი იყო, თუმცა ინფორმაციის დამალვის ფაქტი შესაძლოა იმითაც აიხსნას, რომ შეხვედრა შესაძლოა ჩაშლილიყო, თუნდაც მესამე ძალის ჩარევის გამო, რაც ამ ეტაპზე თავიდან იქნა აცილებული.

„არსებობს ხელოვნური დაძაბულობა წნელისი-ჩორჩანის ტყესთან. არ გამოვრიცხავ, რომ სპეციალურად მოხდა დაძაბულობა, რათა ამ ტიპის შეხვედრა მომხდარიყო. შესაძლოა რუსეთმა მხარი აუბას ამ კონცეფციას და განმუხტოს სიტუაცია „გამყოფი ხაზის" გასწვრივ. თუ ასე მოხდა, ჩავთვლი, რომ ეს წინასწარ კარგად დაგეგმილი, ვითომ სპონტანური შეხვედრა იყო, რასაც მივესალმები.

„მიმაჩნია, რომ ხშირად უნდა ტარდებოდეს ასეთი შეხვედრები, სულ ცოტა წელიწადში ერთხელ მაინც. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც კარასინი-აბაშიძის ფორმატი დაიხურა და ჯერ არ დაწყებულა სხვა ფორმატი - აბაშიძე-ივანოვის, როგორც მოსალოდნელია.

„მაშინ, როდესაც არანაირი პირდაპირი კონტაქტები არ იყო საქართველო-რუსეთ შორის, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჟენევაში რუსები არ თვლიან, რომ ისინი ელაპარაკებიან საქართველოს. ისინი მიიჩნევენ, რომ ჟენევაში აფხაზები და ოსები ქართულ მხარეს ელაპარაკებიან.

„შესაძლოა ეს შეხვედრა ბოლო მომენტში არ შემდგარიყო; როგორც წესი, ასეთი რამ ხდება ხოლმე. შეიძლება საბოლოო პასუხი არ იყო შვეიცარიისთვის მიცემული, ამიტომ წინასაწარ ვერ მოხდებოდა დაანონსება. ბოლო მომენტში „გამყოფ ხაზთან" შეიძლება რაღაც მომხდარიყო და შემდეგ ჩაშლილიყო. არსებობს ძალები, რომელთაც შეიძლება არ მოსწონებოდა დაანონსებული შეხვედრა და რაღაც მომხდარიყო.

„მოვლენის ასეთი დაფარვა ჩვეულებრივი რამაა და არაერთხელ გამიკეთებია, როცა ხელისუფლებაში ვიყავი, რომ ყურადღება არ მიეპყრო და საქმე არ გაფუჭებულიყო - ამაში გარკვეულ ლოგიკასა და გონივრულ ნაბიჯს ვხედავ," - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×