ეროვნული ბანკი უკვე საოცარი მონდომებით ცდილობს გაამყაროს ლარი, რეფირანსირების განაკვეთის 1%-იანი ზრდის შემდეგ სავალუტო აუქცონზე დღეს 40 მლნ დოლარი გაიყიდება. ნაჩქარევი ნაბიჯები ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის გარდა, სავარაუდოდ, სავალუტო ფონდის ბოლო მითითებებს უკავშირდება, რადგან აქამდე ცენტრალური ბანკის წრამომადგენლები ამბობდნენ, რომ კურსი შოკებს შთანთქავს და რეზერვების გაყიდვა ფლანგვაა.
ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული დონე კვლავ მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას ქმნის. ამ ზეწოლის გასანეიტრალებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 25 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა.
გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედების გასაძლიერებლად, ეროვნული ბანკი 27 სექტემბერს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ თანმიმდევრულად გამოიყენებენ მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
ინფლაციის მაღალი დონის და ლარის გაუფასურების ახალი რკორდების მიუხედავად, აქამდე ცენტრალურ ბანკს, მსგავსი გადაწყვეტილებები არასოდეს მიუღია. იგი ჯიუტად იცავდა მცურავი გაცვლითი კურსის პოლიტიკას, მაგრამ ბოლო დროს გვენეტაძია უწყებამ რადიკალურად იცვალა პოზიცია.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ პრესრელიზშია განმარტებული, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გასულ სხდომაზე ეროვნულმა ბანკმა დაიწყო პოლიტიკის გამკაცრება, რაც გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას ისახავს მიზნად. აქამდე არსებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და ორი თვის წინ უცვლელად შენარჩუნებული პროცენტი რომ შეცდომა იყო, ნახტომისებურმა ზრდამ უკვე დაადასტურა. ბოლო სამი კვირის განმავლობაში, რეფინანსირების განაკვეთი 1%-ით გაიზარდა. შემდეგი სხდომა კი 23 ოქტომბერსაა ჩანიშნული და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება კვლავაც მოსალოდნელია.
საბანკო სფეროს ექსპერტი გოჩა თუთბერიძე "რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ეს თანხა არ ეყოფა სავალუტო ბაზრის დასტაბილურებას და სხვა ნაბიჯებია გადასადგმელი.
"40 მილიონი ლარი არ არის ის თანხა, რომელიც სავალუტო ბაზარს დაასტაბილურებს, ამიტომ ეს იქნება ტყუილად რეზერვების ფლანგვა, რეალურად ახლა ეროვნულ ბანკზე არის ზეწოლა, რომ კურსი გაამყარონ, თუმცა ამ ფორმით დასტაბილურება ვერ მოხდება, შეიძლება მცირედი სხვაობა იყოს უბრალოდ და ესეც დროებითად. ეროვნულმა ბანკმა უნდა იმუშაოს საქართველოს მთავრობასთან ერთად, რომ იყოს რეალური შედეგი სახეზე. ცალ-ცალკე მუშაობით ამ შედეგს ჩვენ ვერ მივიღებთ. მკვეთრი ნაბიჯების გადადგმის დროა, თუმცა ეს საქართველოს მთავრობას არ აწყობს. ეკონომიკა არ იმართება ეკონომიკური მეთოდებით, რადგან პოლიტიკა დომინირებს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას გოჩა თუთბერიძემ.
ცენტრალურმა ბანკმა ბოლო სამი კვირის განმავლობაში მონიტარული პოლიტიკა ნახტომისებურად გაამკაცრა. რეფრირანსირების განაკვეთი გეგმიურ და არაგეგმიურ სხდომებზე ჯამურად 1%-ით გაიზარდა. ამიტომაც ჩნდება კითხვა რატომ შეცვალა მთავარმა რეგულატორმა ქცევის მოდელი და დგამს იმ ნაბიჯებს, რაზეც წლების მანძილზე კატეგორიულ უარს ამბობდა?
სებ-ის ბოლოდროინდელ ნაბიჯებს სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს უკავშირებს საბანკო სფეროს სპეციალისტი ვაჟა კაპანაძე. მისი აზრით, უმჯობესი იქბნებოდა ეროვნულ ბანკს რეზერვები ნაწილ-ნაწილ გაეყიდა. "ეროვნული ბანკის ნაბიჯები განპირობებულია, იმით, რომ ჩიხში შევიდნენ, აღარაფერი იძლეოდა ეფექტს. გარკვეულწილად თქვენი მედიის დამსახურებაცაა, რომ საკუთარი ნაბიჯების სრულ სიმცდარეში დარწმუნებულიყვნენ. დიდი როლი ითამაშა სავალუტო ფონდის მითითებამ. კობა გვენეტაძე ხომ მათი ფრიადოსანი მოსწავლე და აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციის გამთვალისწინებელია.
სამწუხაროდ, სიტუაცია უკვე იმგვარია და ინფლაციური პროცესებიც ისეთია, რომ აუცილებელი გახდა სავალუტო რეზერვების მასობრივი გაყიდვაც კი. ამას ვამბობდით ყოველთვის, რომ ფონდთან შეიძლება მოლაპარაკებები თუ ჩვენი მხრიდან იქნება კვალიფიციური და მოწოდების სიმაღლეზე მყოფი პროფესიონალთა გუნდი, რომ რისკები განისაზღვროს წინასწარ და არა პოსტ-ფაქტუმ.
ჩემი აზრით, უფრო ეფექტური იქნებოდა, რომ რეზერვები ნაწილ-ნაწილ 10-10 ან 20-20 მილიონად გაეყიდათ. გარდა ამისა, ირკვევა, რომ ფინანსთა სამინისტროს მხრიდან 60 მილიონი სახაზინო ვალდებულებები გაიყიდა. ესეც, გარკვეულად, დადებითად მოქმედებს კურსზე, რადგან თავისუფალი ლარი ამოდის ბრუნვიდან. მიუხედავად ამდენი ნაბიჯისა, ჯერჯერობით მე ვერ ვხედავ, რამე ახალი წონასწორობის კურსის ჩამოყალიბების პერსპექტივას", - განუცხადა "რეზონანსს" ვაჟა კაპანაძემ.