თამარ შუკვანი
27.09.2019

 ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი სავარაუდოდ რუსეთის მილიცის ყოფილი მაიორი ვლადიმერ სტეპანოვია, რომელსაც 2005 წელს მოსკოვის სასამართლომ 24 წელი მიუსაჯა და წესით, ამჟამადაც რუსეთის ერთ-ერთ კოლონიაში უნდა იმყოფებოდსე. თუ ის რუსეთში კოლონიაში არ ღამოჩნდა, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ჩეჩნეთის ომის ვეტერანი მილიციის მაიორი რუსებმა საგანგებოდ ხანგოშვილის ლიკვიდაციის დავალებით გამოუშვეს ციხიდან.ამის შესახებ „ნიუ იორკ ტაიმსი" წერს.

კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ხანგოშვილის მკვლელს გარკვეული გარანტიები ჰქონდა - თუკი გამოიჭერდნენ, რუსეთის ხელისუფლება მას დააპატიმრებდა. არეშიძის თქმით, სტეპანოვი ახლა უკვე განწირულია და შესაძლოა ალაპარაკდეს კიდევაც, რის შედეგადაც კრემლს ამ საქმეზე პასუხისმგებლობის აღება საბოლოოდ აუცილებლად მოუწევს.

„ვიცოდი, რომ ის (ხანგოშვილის მკვლელი) სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი იყო, მაგრამ მილიციელი თუ იყო, არ ვიცოდი; ისიც, რომ გერმანიაში დავალებით იმყოფებოდა (სტეპანოვი), ნათელი გახლდათ და გარკვეული წყაროებით დასტურდებოდა კიდეც.

„ოღონდ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი - რამდენადაც ვიცი, მას ჰქონდა გარანტიები, რომ ჩავარდნის შემთხვევაში მას დაიჭერდნენ. ახლა, როგორც ირკვევა, ის განწირულია. აქედან გამომდინარე, ადრე თუ გვიან ლაპარაკს დაიწყებს და ამ ლაპარაკის შედეგად, რასაკვირველია, ყველაფერი ნათელი გახდება.

„რუსეთი იძულებული გახდება პასუხისმგებლობა აიღოს; ის შეეცდება საქმე ჩაფარცხოს. დაიწყოს ვაჭრობა ამის თაობაზე და როგორმე ეს ყველაფერი დამალოს. ასეთი რამ ხდება-ხოლმე. რამდენი შემთხვევა ყოფილა... სკრიპალების საქმე რომ გავიხსენოთ, მართალია, საქმე არ დაიმალა, მაგრამ სკანდალის ჩაცხრობა გარკვეულ დონზე მოახერხეს," - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

პეტერბურგის პოლიციის განყოფილების უფროს ოპერმუშაკ სტეპანოვს მკვლელობა და საბრძოლო მასალების უკანონო შეძენა-შენახვა-რეალიზაცია ედებოდა ბრალად. გამოძიების მასალების თანახმად, ის დანაშაულებრივ დაჯგუფებასთანაც თანამშრომლობდა. აღსანიშნავია, რომ სტეპანოვი ჩეჩნეთის ომშიც იღებდა მონაწილეობას.

„ნიუ იორკ ტაიმსმა" ევროპის პოლიციის წარმომადგენელს, რომელიც სახეების ამოცნობის სპეციალისტია, ორი ფოტო წარუდგინა, რომელიც სტეპანოვის სასამართლოს დროსაა გადაღებული. ექსპერტმა დაადასტურა, რომ 90%-იანი ალბათობით სტეპანოვი და ხანგოშვილის მკვლელი ერთი და იგივე პიროვნებაა.

„რადიო თავისუფლება" წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ, ოფიციალური მონაცემებით, სტეპანოვი ამჟამად რუსეთის ერთერთ კოლონიაში იხდის სასჯელს. გერმანელმა გამომძიებლებმა ოფიციალურად მიმართეს რუსეთის მხარეს, რომ ოფიციალურად დაადასტურონ, არის თუ არა ბერლინში დაკავებული ადამიანი სტეპანოვი, თუმცა მათი მხრიდან პასუხი ჯერ არ ყოფილა.

ოფიციალური ინფორმაციით, სტეპანოვი ამჟამად ყოფილი სამართალდამცავების მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უნდა იმყოფებოდეს, რომელიც ნიჟეგოროდის ოლქში მდებარეობს. სტატიის ავტორი აცხადებს, რომ თუ ის იქ არ აღმოჩნდა, მაშინ ის ვადაზე ადრე გაუთავისუფლებიათ, რათა შეკვეთილი მკვლელობა განეხორციელებინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×