რუსული მედიის ცნობით, ნიუ იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრის გეგმები ბოლო წუთამდე ყველასათვის გასაიდუმლოებული იყო. ამავდროულად გამოცემა „კომერსანტი" თავის წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ინიციატივა ქართული მხარიდან მოდიოდა.
ამავე წყაროს ცნობით, შეხვედრის ეს უჩვეულო ფორმატი - შევეიცარიელების შუამდგომლობა - სწორედ საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით იქნა შერჩეული - „მათ ჩათვალეს, რომ თავისი შიდაპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, რუსეთთან პირდაპირი კონტაქტი უხერხული იქნებოდა.
„კომერსანტი" იმავე წყაროზე დაყრდნობით ამ შეხვედრის აქამდე უცნობ დეტალებსაც აღწერს. მაგალითად, ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრა გაიმართა არა რუსული დელეგაციისათვის განკუთვნილ ოთახში, არამედ ნეიტრალურ ტერიტორიაზე - გაეროს სამდივნოს ერთ-ერთ თავისუფალ ოთახში.
პროტოკოლით შეთანხმებული იყო, რომ ოთახში ქართველ და რუს მინისტრებს უნდა დახვედროდა შვეიცარიის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში იურგ ლაუბერი. მას უნდა წარმოეთქვა მისასალმებელი სიტყვა და შემდეგ დაეტოვებინა ოთახი, შეხვედრის დასრულების შემდგომ კი უნდა გაეკეთებინა ოფიციალური განცხადება, რომ ეს შეხვედრა შედგა.
რუსული მედია წერს, რომ მინისტრების მოლაპარაკებაში მონაწილე რუსმა დიპლომატმა რომელმაც ანონიმურობა მოითხოვა, განაცხადა, რომ შვეიცარიის წარმომადგენელმა მისასალმებელი სიტყვის შემდგომ ოთახიდან გასვლისას მინისტრებს მაგიდაზე დატოვებულ შვეიცარიულ შოკოლადზე მიუთითა და თქვა, რომ მისი შუამავლობის მისია დასრულებული იყო, რის შემდეგაც ოთახი დატოვა.
შეხვედრა, მასში მონაწილე ერთ-ერთი რუსი დიპლომატის ცნობით, დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.
რუსული მედია საუბრის დეტალებზე რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა ზოგადად შეფასებები პოზიტიურია.
„საგარეო უწყებების მეთაურთა ეს პირველი შეხვედრა მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების სრული გადატვირთვის თუ არა, მნიშვნელოვანი დათბობის მაჩვენებელი ნამდვილად არის", - წერს იგივე კომერსანტი.