„რას მოუტანს (ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრა) „ქართულ ოცნებას", ჯერჯერობით გამოკვეთილი არ არის, მაგრამ მცდელობა, რომ რუსული ორიენტაციის პარტიების ხმები დაისაკუთროს, ნათლად ჩანს," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ნიუ იორკში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ საუბრისას.
ძაბირაძის განცხადებით, მმართველი გუნდი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იმ ამომრჩეველთა ხმების მობილიზებას ცდილობს, რომლებიც პრორუსული განწყობის არიან, თუმცა საბოლოოდ ეს არჩევნების შედეგზე არსებით გავლენას ვერ მოახდინოს.
„ქართული ოცნება" რეიტინგს და ამომრჩეველს რომ კარგავს, ეს სიახლეს არავისთვის წარმოადგენს, მითუმეტეს მმართველი გუნდისთვის. 2020 წლის არჩევნებისთვის „ოცნება" ალბათ იმ ამომრჩეველზე იმუშაოს, რომელიც პრორუსული განწყობისაა. ეს იმ პოლიტიკური ძალების ხარჯზე იქნება, რომლებიც საქართველოში ნეიტრალიტეტზე და რუსეთთან აუცილებელ თანამშრომლბაზე ლაპარაკობენ. ჯერჯერობით ასეთი ორი პოლიტიკური სუბიექტია - „პატრიოტთა ალიანსი" და ნინო ბურჯანაძის „დემოკრატებია."
„როგორც ჩანს, ამ სეგმენტზე იწყებს მუშაობას „ქართული ოცნება". რამდენად მოახერხებს ამ სეგმენტის მობილიზებას და მიმხრობას, ეს ცალკე თემაა, მაგრამ მცდელობა ამისა ნამდვილად არსებობს.
„არ მგონია, ამან დიდად შეცვალოს „ქართული ოცნების" რეიტინგი, მაგრამ ვითარება ისეთია, რომ თუკი 2020 წლისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემაზე მოხდა სრული გადასვლა, თითოეულ ხმასა და მანდატს დიდი მნიშვნელობა აქვს," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
ცნობისათვის, 26 სექტემბერს დავით ზალკანიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა, ქართული მხარის ოფიციალური ინფორმაციით, დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციითა და შვეიცარიის შუამდგომლობით შედგა.
საქართველოს საგარეო საქმე სამინისტრო აცხადებს, რომ განხილვის მთავარი თემა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპაციის ხაზთან არსებული დაძაბულობა იყო. რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ მხარეებმა „საუბრის დროს განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები" და „გაცვალეს მოსაზრებები რეგიონალური უსაფრთხოების პრობლემატიკასთან დაკავშირებით".