ტატა შოშიაშვილი
28.09.2019

 საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის ნიუ-იორკში გამართული შეხვედრის შემდეგ სკანდალის ახალი ეტაპი დაიწყო. ამჯერად, საქმე ეხება იმას, თუ ვინ იყო შეხვედრის ინიციატორი. სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ შეხვედრა დავით ზალკალიანმა მოითხოვა და ცინიკურად დასცინის თავის კოლეგას. ქართული მხარე ამას უარყოფს. ექსპერტები კი აცხადებენ, რომ ღირსეულმა მინისტრმა თავის კოლეგას ასეთი რამ არ უნდა აკადროს, „თუკი რაიმე განსაკუთრებული არ ხდება".

„რეზონანსი" საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილთან და პოლიტიკურ ექსპერტ რამაზ საყვარელიძესთან შეეცადა იმის გარკვევას, თუ რა მიზანს ემსახურებოდა შეხვედრის დაგეგმვის შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოება და, ფაქტობრივად, რატომ დაადანაშაულა ტყუილში და დასცინა ლავროვმა თავის ქართველ კოლეგას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს განცხადება 27 სექტემბერს გააკეთა, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ბოლო დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე:

„26 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შედგა შეხვედრა, რომლის გამართვაც თავად მოითხოვა. შემდეგ წავიკითხე მისი ვრცელი კომენტარები, რომლებმაც, ჩემი აზრით, იმაზე მეტი დრო წაართვა, ვიდრე თავად შეხვედრამ. სხვა საკითხებთან ერთად, მას აინტერესებდა, როდის იქნება შესაძლებელი ავიამიმოსვლის განახლება. ავუხსენი, რომ ჩვენ არასოდეს ვეძებდით ხელოვნურ მიზეზებს საქართველოსთან საჩხუბრად...

„თუკი საქართველოს ხელისუფლება შეძლებს პასუხისმგებლიანად წასწიოს წინ თავისი პოზიცია რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების სასარგებლოდ და ყურადღებას არ მიაქცევენ რუსოფობებს, რომელთა გამოყენებასაც ახლა, ჩემი აზრით, ძველი პრეზიდენტი ცდილობს რეჟიმთან საბრძოლველად თბილისში, მაშინ, ალბათ, მე პირადად განვაახლებდი საჰაერო მიმოსვლას...

კომენტარები, რომლებსაც თავად ქართველები აკეთებენ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, ჩემს ღიმილსა და გაოცებას იწვევს", - თქვა ლავროვმა პრესკონფერენციაზე ქართულ - რუსული შეხვედრის დეტალებზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

ამ გამნცადებამდე რუსულმა მედია გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრის ინიციატორი ქართული მხარე იყო, თუმცა საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროში ეს ცნობა უარყვეს. სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ შეხვედრა შედგა შვეიცარიის კონფედერაციის ორგანიზებით:

„აღნიშნული შეხვედრის შესახებ მისმა მონაწილე სამივე მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა შვეიცარიის კონფედერაციის ორგანიზებით და ჩართულობით. სხვა დანარჩენი გახლავთ ინსინუაციები თემაზე", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე განმარტავს, რომ შეხვედრის შესახებ შეთანხმების დამალვა გამიზნული იქნებოდა, რადგან შესაძლოა საპროტესტო ტალღას შეეფერხებინა ან საერთოად ჩაშლილიყო:

„რიტორიკული კითხვა გამიჩნდა - ვისთან დამალა? დღეს ოპოზიციაც და დანარჩენებიც ამბობენ, რა კარგია ასეთი შეხვედრა რომ გაიმართაო, მაგრამ კითხვის ნიშნები გვაქვსო. წინასწარ რომ თქმულიყო, შესაძლოა, რომ შეხვედრა აღარც გამართულიყო, რადგან შეიძლება, რომ ძლიერი პროტესტი მოჰყოლოდა საზოგადოების ოპოზიციურ ნაწილში, ან იმ ნაწილში, რომელიც თვლის, რომ არ უნდა დაველაპარაკოთ რუსეთს და ა.შ. ამ დიპლომატიური ნაბიჯით წინასწარ არ საჯაროვდება შეხვედრები თითქმის არც ერთ ქვეყანაში.

„რაც შეეხება იმას, უნდა მოეთხოვა თუ არა ზალკალიანს ამ ტიპის შეხვედრა, ამ საკითხთან დაკავშირებით კამათი უკვე არის. მე ვთვლი, რომ უნდა მოეთხოვა, რადგან ქართული მხარის ინტერესებშია რუსულ-ქართული ურთიერთობების პრობლემის მოგვარება. რუსეთს შენს რეგიონებზე „თათი" აქვს დადებული და შენვე უნდა გინდოდეს, რომ მან ეს თათი აიღოს ან შეარბილოს.

„თუ ქართული მხარის ინტერესებიდან გამოდიხარ, შენმა წარმომადგენელმა დიპლომატიურ არენაზე აგრესორი მოიწვიოს, დიპლომატიისთვის მისაღები ვარიანტია - მტრები ლაპარაკობენ, მაგრამ მერე უკვე ის საკითხი დგება, თუ რას მოიცავს, რა იყო შეთავაზებული და ა.შ. რა შინაარსში აისახა დიპლომატიური პროცესი", - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

ირაკლი მენაღარიშვილის თქმით, სულაც არ არის დარწმუნებული იმაში, რომ სერგეი ლავროვი სიმართლეს ამბობს და შესაძლებელია, რომ ეს პროვოკაცია შეგნებულად იყო წამოწყებული:

„იმაში, რომ ლავროვი სიმართლეს ამბობს, დარწმუნებული სულაც არ ვარ. სულ არ არის გამორიცხული, რომ პროვოკაციულ ნაბიჯთან გვქონდეს საქმე, რადგან, წესით, თუ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული არაფერი ხდება, ქართულ მხარეს არაფერში არ სჭირდებოდა შეხვედრის თხოვნა.

„შვეიცარიის მხარე, როგორც იცით, კარგა ხანია ცდილობდა მსგავსი კონტაქტების გააქტიურებას, რაც ჩემთვისაც იყო ცნობილი. ეს საქმე და ეს საკითხი ჩემთვის ბინდითაა მოცული და ამ დღეებში დამატებითი ინფორმაციის მოკითხვა მინდა, რომ როგორმე გავერკვე იმაში, თუ რასთან გვაქვს საქმე", - აღნიშნავს მენაღარიშვილი.

რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ლავროვი თავისი „მედიდურობის" დემონსტრირებას ცდილობს ამ ხერხით და არ არის გამორიცხული, რომ თავად იტყუებოდეს, რადგან ისევ და ისევ პოლიტიკური თამაშები გრძელდება ამ სიტუაციაშიც:

„ლავროვის ნათქვამში უფრო იმას ვხედავ, რომ მას „ხაზიაინის" (პატრონის) პოზაში დარჩენა უნდა - რუსეთი თვითონ კი არ მიდის მოლაპარაკებებზე, არამედ მას სთხოვენ.

რომ გითხრათ, მჯერა ლავროვის განცხადების-მეთქი, მოგატყუებთ. არ გამოვრიცხავ, რომ იმ საერთაშორისო შეფასებების ფონზე, რაც გაკეთდა, შვეიცარიის მხარეს დასავლელი პარტნიორების ძალისხმევით თვითონ გამოეჩინა ინიციატივა, რომელზედაც წავიდა როგორც ერთი, ასევე მეორე მხარე. ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსეთი დიდი ხანია ამბობს, რომ უმაღლეს დონეზე რუსეთისთვის დასაშვებია შეხვედრა.

„ქართული მხარე არ მიდიოდა ამ შეხვედრაზე. თუკი ლავროვი ამას ადრე აკეთებდა, ახლა რატომ გახდა მისთვის მიუღებელი, რომ შვეიცარიელს გაეკეთებინა?

„ჩნდება კითხვა, თუ რა პრეტენზიები და ამბიციები აქვს რუსეთს. მას აქვს იმის პრეტენზია და ამბიცია, რომ დაივიწყოს თავისი ადრინდელი ნათქვამები და ახლა სიმაღლიდან აცხადებს, რომ უბრალოდ დათანხმდა საქართველოს თხოვნას. ეს ისევ პოლიტიკური თამაშია. მაინცდამაინც ზალკალიანის დადანაშაულება იმაში, რომ მან მოიტყუა, არ მიმაჩნია სწორად, რადგან ტყუილი რუსეთის მოგონილიცაა", - დასძინა საყვარელიძემ.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ლავროვის საქციელი დიპლომატისთვის ყოვლად შეუფერებელი იყო. მენაღარიშვილმა დაამატა, რომ ლავროვი ძალიან გაღიზიანებული იყო, როდესაც ქართული მხარის შეფასებებზე საუბრობდა და ხელიდან არ გაუშვა შანსი იმისა, რომ ცინიკურად მოეხსენიებინა საქართველოს პირველი დიპლომატის მიერ გაკეთებული მოხსენება:

„მე არავის დაცვას არ ვაპირებ, მაგრამ ლავროვის საქციელი იყო უკიდურესად უტაქტო. მაგრამ აქ საუბარი სხვა საკითხზეა - მომეჩვენა, რომ ლავროვი რატომღაც გაღიზიანებული იყო იმ შეფასებებით, რომელიც ქართულმა მხარემ გააკეთა, რაც პირდაპირ თქვა კიდეც. ამის შემდგომ მოაყოლა უცნაური შეფასებები. ამასაც დაკვირვება სჭირდება.

„ლავროვმა თავისი ჭკუით მწარედ იხუმრა კიდეც და თქვა, რომ მინისტრის კომენტარე უფრო გრძელი იყო, ვიდრე თავად შეხვედრაო. ნამდვილად დაცინვა იყო ეს და ვფიქრობ, რომ კოლეგას ღირსეულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ასეთი რამ, წესით, არ უნდა აკადროს, თუ რაიმდე განსაკუთრებული არ ხდება, რაც გასარკვევია", - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

ცნობისთვის, ზალკალიანსა და ლავროვს შორის დახურულ კარს მიღმა გამართული საუბრის მთავარი თემები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი იყო. საუბარი შეეხო არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ პროცესებს, ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ საკითხებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×