პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხი მსოფლიოს დღის წესრიგში ბრუნდება, ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძეც ეთანხმება. მისი თქმით, ის, რაც საქართველოს პრეზიდენტმა გაეროში ვიზიტის შეჯამებისას თქვა, სიმართლეა -ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი აქტუალურობას სულ უფრო მეტად იძენს.
„ეს პრობლემა დღის წესრიგიდან არასოდეს მოხსნილა, უბრალოდ, აქამდე ეს საკითხი ისე მწვავედ, როგორც უკრაინის პრობლემა, არ დასმულა. ეს იქიდან გამომდინარე ხდებოდა, რომ უკრაინაში ყოველთვის მიმდინარებოდა მეტ-ნაკლებად აქტიური საბრძოლო ქმედებები. საქართველოში კი ამ მხრივ, გარკვეულწილად, სიმშვიდე იყო,“ - განაცხადა მან „რეზონანასთან“ საუბრისას.
ანჯაფარიძის თქმით, პრობლემის გამწვავებასთან ერთად, მისი მნიშვნელობაც დროდადრო იზრდებოდა. მან მაგალითად ბორდერიზაციის პროცესის გამწვავება და საგუშაგოებთან დაკავშირებული კრიზისული მდგომარეობა მოიყვანა, როდესაც საკითხის აქტუალურობა გაიზარდა და მედიაც მას აქტიურად აშუქებდა.
„ამ ყველაფრის მიუხედავად, საჭიროა რეალობას თვალი გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ საქართველოსთან შედარებით, უკრაინის საკითხი, მთელი რიგი ფაქტორებიდან გამომდინარე, უფრო მსუყედაა წარმოდგენილი, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის გაეროში გამოსვლის შემდეგ, მიუხედავად იმ კრიტიკისა, რომელიც ოპონენტებისა თუ „ქართული ოცნების“ ცალკეული დეპუტატების მხრიდან გაისმა, ეს, ჩემი აზრით, დიპლომატიურად გაწონასწორებული განცხადება იყო, რომელიც, ერთი მხრივ, მსოფლიოს საქართველოს პრობლემას შეახსენებდა, მეორეს მხრივ კი, რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებას არ გამოიწვევდა,“ - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.