თამთა ჩაჩანიძე
29.09.2019

 სამი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრების დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის ნიუ იორკში არაოფიციალური შეხვედრა შედგა, თუმცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტულ ხელისუფლებებს ამაზე  „ოფიციალური"  განცახდებები არ გაუკეთებიათ. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე კი „რეზონანსთან" ამბობს, რომ სოც-ქსელში ამ საკითხზე აფხაზური საზოგადოება უფრო აქტიურობს და ძირითადად აქვთ შიშის განცდა, რომ რუსეთი მათ საქართველოს დაუბრუნებს.

„შემიძლია სოციალური ქსელების მეშვეობით ვიმსჯელო. განსაკუთრებული „ოფიციალური" პოზიცია არც აფხაზეთის მხრიდან და არც ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხრიდან არ ყოფილა. რაც შეეხება საზოგადოებას, სოციალურ ქსელში საზოგადოებაში გაჩნდა ასეთი ინტონაციები, და განსაკუთრებით აფხაზები აქტიურობენ, რომ რუსეთს როგორც ყოველთვის სჩვევია, გაგვყიდის და ა.შ.

„ასეთი კრიტიკული შეფასებაც გადაჭარბებულია, რადგან რუსეთი აფხაზეთის ტერიტორიას არ დათმობს. რუსებს ფეხებზე ჰკიდიათ აფხაზი ხალხი, მაგრამ ტერიტორია სჭირდებათ. ასე რომ, დათმობებზე ასე მარტივად არ წავა.

„როგორც ჩანს აფხაზურმა და ოსურმა მხარემ „ოფიციალური" განცხადებები იმიტომ არ გააკეთეს, რომ ერთის მხრივ აჩქარება არ მოინდომეს იმიტომ, რომ ჯერჯერობით ნათელი არაფერია და მეორეს მხრივ, არ არის გამორიცხული, რომ მოსკოველმა კურატორებმა მათ შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს დაახლოებით ასეთი - „დააყენეთ ერთი ადგილიო", - განაცხადა არეშიძემ.

მისი აზრით, ისეთი რეაქცია, როგორიც ამშეხვედრას საქართველოში მოყვა, გადაჭარბებულია,რადგან ეს შეხვედრა მომავალი შეხვედრებისთვის მოთელვას გავდა.

„ისეთი რეაქცია, როგორიც აქ მივეცით, გადაჭარბებული იყო, ერთის მხრივ დადებითობის და მეორე მხრივ უარყოფითობის თვალსაზრისით. შეხვედრა, მართალია, მოულოდნელი და უჩვეულო იყო, თუმცა მე განსაკუთრებული მოლოდინი არ მქონდა და ვფიქრობ, რომ ეს იყო პირველი ნაბიჯი სხვა შეხვედრებისკენ.

„არ მომეწონა დავით ზალკალიანის გადაჭარბებული შეფასება და მითუმეტეს არ მომეწონა ლავროვის აგდებული ლაპარაკი. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ იქ ლაპარაკი იყო გარკვეულ საკითხებზე - რაიმეზე შეთანხმება კი არა, არამედ მოთელვა. ლავროვის ეპატაჟური საუბარიც გათვლილი იყო ჟურნალისტებზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ამასთან დაკავშირებით ბევრად უფრო სწორი იყო", - განაცხადა არეშიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა 26 სექტემბერს ნიუ იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×