„თითოეულ ჩვენგანს აქვს თავისი სახე, საკმაოდ ღირსეული შემადგენლობით ვართ წარმოდგენილი და თითოეულ ჩვენგანს აქვს თავისი აზრიც, ხედვაც და ქვეყნის სიყვარულიც. ამას არ უნდა ღრმა მოწოდებები და გულში მჯიღის რტყმები", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა კობალაძე, დეპუტატ ეკა ბესელიას მოწოდებას „ქართული ოცნების" წევრებისადმი, რომ გაემიჯნონ ვანო ზარდიაშვილის განცხადებებს.
ბესელიასა და ზარდიაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენისას მოხდა.
„ეს ეხება იმ ძელ თანამებრძოლეს, ვინც გუნდში დარჩა - ან გაემიჯნონ ამ საზიზღრობას, რასაც ისმენდნენ, ან თქვან რომ ასეთი ადამიანის გვერდით იბრძვიან", - თქვა ბესელიამ ამ ინციდენტთან დაკავშირებით ზარდიაშვილი განცხადების კომენტირებისას.
კობალაძის თქმით, მისთვის მიუღებელია ინციდენტისას როგორც ვანო ზარდიაშვილის, ისე ეკა ბესელიას ქცევა.
„როგორც ერთი, ისევე მეორე მხრიდან ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო ეს ფაქტი. შეიძლება რაღაც მომენტში გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა მამაკაცს ეკისრებოდეს, მაგრამ იმ გარემოში მანდილოსნის მოქმედება ჩემთვის არანაირად მისაღები არაა.
„ეს ჩემთვის საყურებლად საკმაოდ მძიმე სურათი იყო, და ამ განცდებს ნაღდად არ უნდა არც შენთება და არც ნაკვერჩხლებზე შეგდება", - განაცხადა კობალაძემ.