თამთა ჩაჩანიძე
30.09.2019

 ფუტკრების გადაშენებით არა მხოლოდ მათ მიერ გადამუშავებული პროდუქტები ქრება, არამედ ამან შესაძლოა დედამიწაზე გარკვეული სირთულეებიც წარმოშვას და ადამიანის სიცოცხლესაც კი შეექმნას საფრთხე,მათ გაქრობას კი ნებსით თუ უნებლიედ, თავად ადამიანები ვუწყობთ ხელს.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ მწერის თუ ცხოველის გადაგვარების, ან მთლიანად გაქრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კლიმატის ცვლილებაა, კლიმატის ცვლილება კი თავად ადამიანისვე საწარმოო საქმიანობის შედეგად გამოწვეული გლობალური პრობლემაა.

წარმოვიდგინოთ დედამიწაზე ფუტკრების გადაშენების ყველაზე მსუბუქი ფორმის სცენარი - ამ სცენარის მიხედვით, ფუტკრის მიერ დამზადებული პროდუქტები: თაფლი, სანთელი,ცვილი და ამ პროდუქტებისგან დამზადებული ტკბილეული, ბუნებრივი ანტიბიოტიკები თუ მედიკამენტები, საერთოდ ქრება.

მებაღეობა და მემცენარეობა დიდწილად დამოკიდებულია მცენარის ყვავილის დამტვერვაზე, მცენარის დამტვერვას კი თავად ფუტკარი ახდენს, აქედან გამომდინარე, მათ ადამიანების კვებით ჯაჭვში დიდი ფუნქცია აკისრიათ, კვებით რგოლში დაახლოებით 30-40 % უკავიათ. ამ დასკვნის საფუძველზე ყველაზე ცუდი სცენარის მიხედვით კი, ფუტკრების გაქრობა კაცობრიობის აღსასრულს გვაახლოვებს.

ბრაზილიაში ბოლო სამი თვის განმავლობაში 500 მლნ-ზე მეტი ფუტკარი დაიხოცა, ამის შესახებ ინფორმაცია BBC-მ გაავრცელა, მეცნიერ-მკვლეცარები ფიქრიბენ, რომ ბრაზილიაში ფუტკრების დახოცვის მთავარი მიზეზი მცენარისთვის მავნებელი მწერების მოსაშორებელი ქიმიური ნივთიერებების, პესტიციდების მოქმედება იყო.

აშშ-ში ბოლო 100 წლის განმავლობაში ფუტკრების რაოდენობა 80%-ით შემცირდა, ამის გამო ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომ თაფლში და ცვილში 6 სახეობის შხამქიმიკატი იყო.

ინდოელი ექსპერტები კი ამბობენ, რომ ფუტკრებზე ასევე ცუდად მოქმედებს, ორიენტაციას უკარგავს და თითქმის მომაკვდინებელ შედეგს იძლევა ელექტრომაგნიტური ტალღები, რომლებიც ფიჭვური კავშირის ანძები და მობილური ტელეფონები ასხივებენ, იმის გამო, რომ ინდოეთში მასობრივად გადამცემი ანძები განალაგეს, ამან თითქმის ფუტკრების გადაშენება გამოიწვია.

საქართველოს „მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ მფუტკრების მასიური ხოცვა მხოლოდ ქიმიური ნივთიერებების ბრალი არ არის, მისი თქმით, ამ ოდენობის განადგურება კლიმატის ცვლილების ბრალია.

„ზოგადად, ძალიან ბევრ შემთხვევაში ფუტკრების ხოცვას კლიმატის ცვლილებებს უკავშირებენ ხოლმე, ამ შემთხვევაში, ბრაზილიაში შესაძლოა იყოს სულ სხვა მოვლენის შედეგი, შესაძლოა ეს იყოს გამოწვეული იმით, რაც მოხდა ამაზონის ტყეებთან მიმართებაში.

„იმ შემთხვევაში, როდესაც აქცენტი ძალიან დიდ ოდენობაზეა, ეს მხოლოდ პესტიციდების ბრალი არაა, თუმცაღა, გამორიცხული არაა, რომ პესტიციდები იყოს, მაგრამ, ამას უფრო დეტალური კვლევები სჭირდება" - აცხადებს ეკოლოგი.

იგი იხსენებს, რომ მსგავსი მოვლენა საქართველოშიც იყო.

„ჩვენ დაახლოებით 90-იან წლებში გვქონდა ასეთი მოვლენა, რაღაცა პერიოდი საქართველოს ტერიტორიიდან მასიურად ძალიან ბევრმა დაკარგა საკუთარი ფუტკარი, როგორც ამბობდნენ, გაფრინდნენ, მაგრამ ეს მაშინ იყო სერიოზული პრობლემა.

„კლიმატის ცვლილების ფონზე ჩვენ შეიძლება ფუტკრების რაღაცა სახეობები დავკარგოთ, ან სახეობები ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ,ან დაიწყოს ხოცვა, ანუ წინასწარი თქმა იმისა, რომ ფუტკრების ხოცვა ხდება პესტიციდებით თუ ბუნევრივი კატაკლიზმებით, ჩვენ არ ვიცით, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ეს კარგად იყოს შესწავლილი" - აცხადებს იგი.

ჩხობაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ფუტკრები გადაშენების რისკის ქვეშ დადგნენ, არსებობს მწერების სხვა სახეობები, რომლებიც მინიმუმ ერთ წელიწადში ჩაანაცვლებენ.

„არსებობს კიდევ სხვა სახეობები, რომლებსაც შეუძლიათ ჩაანაცვლონ და არ მოხდება კარგვა, რაღაცა-რაღაცას ჩაანაცვლებს, დაახლოებით ერთ წელიწადში მოხდება ჩანაცვლება და შეავსებენ კვებით ჯაჭვს" - განაცხადა ჩხობაძემ.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ბოლო პერიოდში მსოფლიოში ფუტკრების მასიურად დახოცვის ფაქტი საქართველოშიც დაფიქსირდა, უამრავ სოფელში ფერმერებს ფუტკრები უცნაურად და დიდო ოდენობით დაეხოცათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×