რეზონანსი
30.09.2019

 საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტი და მოხმარება მცირდება. მიუხედავად იმისა, რომ ავტოპარკი იზრდება და სატრანზიტო გადაზიდვები, ასევე ინფრასტრუქტურული და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები გააქტიურებულია,  ამ ფაქტორს დიზელის იმპორტზე გავლენა არ მოუხდენია. 

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარატვენ, გარკვეულწილად იმპორტის შემცირებაზე იმოქმედა საქართველოდან თურქეთში სატრანსპორტო საშუალებებით დიზელის გადატანის შემცირებამ, რაც თურქეთში ლირის ინფლაციას უკავშირდება.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 676,8 ათასი ტონა, რაც 56,4 ათასი ტონით ანუ 7,7%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (733,2 ათასი ტონა).

მათ შორის, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში ბენზინის საწვავის იმპორტმა 349,1 ათასი ტონა შეადგინა. კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, იმპორტმა ამ მიმართულებით 13,5 ათასი ტონით ანუ 3,7%-ით იკლო. რაც შეეხება დიზელის საწვავის იმპორტს, 327,7 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 42,9 ათასი ტონით ანუ 11,6%-ით  არის ნაკლები.

საწვავის კატეგორიების მიხედვით, 2019 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 231,8 ათასი ტონა ანუ 66,4%-ია; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინის იმპორტმა 109,7 ათასი ტონა ანუ 31,4% შეადგინა, A-98 სუპერი მარკის ბენზინის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 7,6 ათას ტონას ანუ მთელი იმპორტის 2,2%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ იმპორტის დიდი წილი კვლავინდებურად რუსეთზე მოდის. ამ ქვეყნიდან 2019 წლის იანვარ-აგვისტოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 197,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 190,5 ათასი ტონა (28,1%), აზერბაიჯანი - 122,4 ათასი ტონა (18,1%), თურქმენეთი - 69,6 ათასი ტონა (10,3%); ბულგარეთი - 60,3 ათასი ტონა (8,9%), საბერძნეთი - 35,4 ათასი ტონა (5,2%) და სხვ.

როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს,  განსაკუთრებით შემცირებულია დიზელის საწვავის იმპორტი კეძოდ: 2019 წელს, პირველი 8 თვის განმავლობაში დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 327,7 ათასი ტონა, რაც 42,9 ათასი ტონით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (370,6 ათასი ტონა, 11,6%) შედარებით.

ცნობისათვის: დიზელის საწვავზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალების რიცხვი მთლიან რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებების წილში (1 321 569 ერთეული) შეადგენს დაახლოებით 30%-ს. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების გარკვეული წილი არის მხოლოდ რესგისტრირებული და ფაქტობრივად ისინი არ შეიძლება ჩაითვალოს მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებად.

დიზელის საწვავზე მომუშავეა ასევე საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატვირთო სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა რიცხვიც სტატისტიკური მონაცემების მიხედვით 2019 წლის პირველი8 თვის განმავლობაში - 169 326 ერთეული, რაც 40 377 ერთეულით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (128 949 ერთეული 23,8%).

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი აღნიშნავს, მიმდინარე წლისიანვარ-აგვისტოში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საქართველოში გზების მშენებლობის მოცულობა, რისი დასტურიცაა საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტის სტატისტიური მონაცემები. კერძოდ, 2019 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 110,5 ათასი ტონა, რაც 52,4 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (58,1 ათასი ტონა 90.2%).

,,ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტი და მოხმარება მცირდება იმ პირობებში, როცა იზრდება ავტოპარკი, სატრანზიტო გადაზიდვები, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება. გარკვეულწილად იმპორტის შემცირებაზე იმოქმედა საქართველოდან თურქეთში სატრანსპორტო საშუალებებით დიზელის გადატანის შემცირებამ, რაც დაკავშირებულია თურქეთში ლირის ინფლაციასთან.

მეორეს მხრივ კი, ჩვენი ინფორმაციით გაზრდილია სატრანსპორტო საშუალებების მიერ ავზებით აღურიცხავი დიზელის საწვავის შემოდინება აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან ლაგოდეხისა და წითელი ხიდის გავლით და ირანის ისლამური რესპუბლიკიდან და ასევე ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტიდან, როდესაც ხორციელდება საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან ავტომობილებით ხორბლის იმპორტი", - აღნიშნავს ვანო მთვრალაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×