რეზონანსი
30.09.2019

 მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტი წარადგინა და ისეთი მოულოდნელი ხარჯები დაგეგმა, რომ ჯერჯერობით ყველა გაკვირვებულია. მომავალი წლის ბიუჯეტი მკვეთრად იზრდება და უამრავი ვალდებულება იქნება შესასრულებელი. რაც ყველაზე მთავარია ყველა მიმართულებით მატულობს ანაზღაურება და სოციალური გასაცემელი, რაც პირდაპირ საარჩევნო წელს უკავშირდება. 

პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით 2020-ში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობათ ბავშვებს, პენსიონერებს, ღვაწლმოსილ მოხუცებს, მასწავლებლებს, ექიმებს, სამართალდამცველებსა და ჯარისკაცებს. ყველა მათგანი ბიუჯეტის ხარჯზე გაზრდილ შემოსავასლ უნდა ელოდოს.

„ბიუჯეტი მთელი ჩვენი გუნდის შრომის შედეგია, მასში ასახულია ის პრიორიტეტები, რომლებსაც ეყრდნობა მთელი ჩვენი პოლიტიკური გუნდი. ამ ბიუჯეტის ეფექტიან შესრულებაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის განვითარება 2020 წელს. 

წარმოდგენილი დოკუმენტი არის სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობით გამსჭვალული და ეკონომიკური განვითარების ბიუჯეტი. იგი მოქალაქეთა საჭიროებებზე დაყრდნობილი და რაც მთავარია, ის ითვალისწინებს ჩვენი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფების სოციალურ პასუხისმგებლობებს. უპირველესად, ეს არიან ბავშვები, ჩვენი პენსიონერები, ღვაწლმოსილი მოხუცები, რომლებზე ზრუნვის უდიდესი ვალდებულება ჩვენ გვაქვს. რა თქმა უნდა, ამ ბიუჯეტში განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიქცეული მასწავლებლებზე, ექიმებზე, სამართალდამცველებსა და ჯარისკაცებზე“, – განაცხადა მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ.

2020 წლის პირველი იანვრიდან ასაკობრივი პენსია 220 ლარი გახდება, ხოლო პირველი ივლისიდან 70 წელს ზევით პენსიონერები 250 ლარს მიიღებენ. პირველი იანვრიდან მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და შშმ ბავშვთა სოციალური პაკეტი 20 ლარით გაიზრდება, ხოლო პირველი ივლისიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობებისა და შშმ ბავშვები კიდევ 30 ლარით გაზრდილ სოციალური პაკეტს მიიღებენ.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია სოციალური მუშაკების და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების თანამშრომლების ხელფასების ზრდაც. ასევ, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, 2020 წლის ბიუჯეტიდან დამატებით 65 მილიონი ლარის გამოყოფაა განსაზღვრული.

„ჩვენი სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. იგეგმება ყველაზე მასშტაბური დაკანონების პროექტის განხორციელება, რომელიც 2500-მდე დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართის დაკანონებას ითვალისწინებს“, –აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

გარდა ამისა, 2020 სასწავლო წლისთვის სკოლის მასწავლებლების ხელფასი 300 ლარით გაიზრდება. იზრდება საბავშვო ბაღის მასწავლებელთა ჯამაგირიც.

„სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება როგორც მიმდინარე, ასევე მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ 2020 სასწავლო წლისთვის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება 300 ლარით.

ასევე მინდა გითხრათ, რომ 2020 სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღის მასწავლებელთა ხელფასი გაიზრდება, საშუალოდ, 100 ლარით“, – განაცხადა პრემიერმა.

მომავალი წლიდან სამართალდამცავების, ჯარისკაცებისა და ექიმების ხელფასების მატებაცაა გათვალისწინებული სახელმწიფო, თავისი ვალდებულებების ფარგლებში, ამ ჯგუფს ხელფასს გაუზრდის მინიმუმ 125 ლარით. 2020 წლის პირველი ივლისიდან ასევე გაიზრდება სოფლის ექიმების ხელფასებიც 100 ლარით. 

`რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ეს არის ის აუცილებელი მინიმუმი, რომლითაც ჩვენ აუცილებლად და ეფექტურად უნდა დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს. ხაზგასმით აღვნიშნავ, უპირველესად იმ სოციალურ ჯგუფებს, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყნის განვითარება და მომავალი, ბავშვები, პენსიონერები, მასწავლებლები, ჯარისკაცები, სამართალდამცავები და ექიმები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×