2020 წელს მანქანების კატალიზატორებით აღჭურვის ვალდებულება დიდი ალბათობით გადავადდება. აშკარაა, რომ მთავრობა მოსალოდნელი ცვლილებისთვის მზად ჯერჯერობით არ არის. საინფორმაციო კამპანია არ დაწყებულა და მძღოლების აბსოლუტური უმრავლესობა მოსალოდნელ ცვლილებასთან დაკავშირებით ელემენტარულ ინფორმაციასაც ვერ ფლობს. ყველაზე მეტი პრობლემა, რის გამოც კანონმდებლებს რეგულაციის დაწესება აშინებთ, კატალიზატორის შეცვლის დიდი ხარჯია, ხოლო არჩევნების გამო ხალხის განაწყენებას მთავრობა მოერიდება.
ეს რომ რეალურად ასეა, ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტები და ტექინსპექტირების ორგანოების წარმომადგენლებიც ადასტურებენ.
დღესდღეობით ყველაზე იაფი კატალიზატორის ფასი დაახლოებით 300-400 ლარია, ევროპული ნაწილის ფასი 800 ლარს აჭარბებს. მოსახლეობისთვის ამ ვალდებულების აკიდებას მთავრობა წინასაარჩევნოდ, უბრალოდ, ვერ გაბედავს. შესაბამისად, 2020 წელს მანქანების კატალიზატორებით აღჭურვის ვალდებულება არ იქნება ან შესაძლოა ეტაპობრივი რეგულაცია დაწესდეს, რომ ახალ სტანდარტზე გადასვლა ნელ-ნელა განხორციელდეს.
,ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილი ,,ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ რეგულაციაზე მთავრობა უარს ვერ იტყვის, თუმცა გარკვეულ დათმობაზე წასვლა მოუწევს.
,,სოციალური პრობლემის გამწვავებას მთავრობა მოერიდება. ცხადია, რომ კატალიზატორის შეზენა საკმაოდ დიდ ხარჯს უკავშირდება, რაც ხელისუფლებაშიც კარგად აქვთ აწონილ-დაწონილი. ამაზე კულუარულ დონეზე საუბრები არის, თუმცა გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღიათ. რამდენადაც ვიცი, რეგულაცია გადაიხედება, მაგრამ მეეჭვება სრულად გადავადდეს.
კანონმდებლობის ძირითადი მოთხონა ჰაერის გაუმჯობესებაა და ეს პრობლემა თუ იგივე დარჩა, ყველა ძალისხმევა უშედედეგოდ ჩაივლის. უნდა გამკაცრდეს გამონაბოლქვზე მოთხოვნა, სულად გადავადება არ იქნება სწორი, მესმის დიდი ხარჯია, მაგრამ ვალდებულებები გარკვეულ ეტაპებად უნდა დაიყოს - ვის შეეხება და ვის - არა, კატეგორიები სწორად უნდა გადანაწილდეს. გადავადება სერიოზულ ეკოლოგიურ პრობლემას გამოიწვევს და ამ თვალსაზრისით რეგულაციის გადავადება არასწორი გადაწყვეტილება იქნება”, - აცხადებს იორდანაშვილი.
კომპანია ,,ავტობანის” ხელმძღვანელი სატრანსპორტო სფეროს ექსპერტი ბაკურ ხუნდაძე თითქმის დარწმუნებულია, რომ კატალიზატორის ქონის ვალდებულება გადავადდება, მაგრამ ამავდდროულად საუბრობს მძიმე შედეგზე, რაც შეიძლება ასეთი გადაწყვეტილების მიღებას მოჰყვეს.
,,მესმის, მძიმე სოციალური მდგომარეობაა, მაგრამ ამის მიუხედავად, ბევრ რამეს ვაკეთებთ ისეთს, როცა ამ ფაქტორს არ ვითვალისწინებთ. ამ ეტაპზეც უამრავი ისეთი ევროპული რეგულაცია შემოდის, რაც ოჯახების ფინანსურ მდგომარეობას შეარყევს - შრომის კოდექსი, სახანძრო უსაფრთხოებები, შრომის უსაფრთხოება და სხვა, ძალიან მდიდარი ქვეყნების მოდელიდან არის გადმოღებული. იძულებით არგებენ ქართულ რეალობას, მაგრამ მაინც შემოაქვთ. კატალიზატორებთან დაკავშირებითაც იგივე ვითარებაა. ის, რომ ეკოლოგიურად სუფთა გარემო გვესაჭიროება, ამაზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება შედეგზე ორიენტირებული რეგულაცია. ამიტომ რამდენედაც ვიცი, მოსალოდენელია, კატალიზატორების ვალდებულებას გადაავადდება, მაგრამ დასათვლელია ზიანიც, რაც ეს გადაწყვეტილება გამოიწვევს”, - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" ბაკურ ხუნდაძე.
კანონმდებლობაში კატალიზატორებტანდაკავშირებით ჩანაწერი გაჩნდა ისე, რომ ამისთვის არათუ მოსახლეობა, მთავრობაც არ იყო მზად, რამაც შეიძლება სამომავლოდ სერიოზული პრობლემა შექმნას და რეგულაციის გადავადება გამოიწვიოს.
ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დათო მესხიშვილი ფიქრობს, რომ მთავრობას შუალედური გზის მონახვა დასჭირდება, რათა რეგულაციები მოსახლეობისთვის ნაკლებად მტკივნეული გახდეს.
,,სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების მთავარი საზრუნავია, რომ ვალდებულება განხორციელდეს ისე, როგორც კანონშია გათვალისწინებული. მესმის, რომ დიდ დანახარჯს უკავშირდება, ათასობით ლარი და მეტიც შეიძლება დაუჯდეთ, მაგრამ ამის გამო არ უნდა გადავადდეს. ეტაპობრივად უნდა მოხდეს გადასვლა, რისთვისაც საზოგადოება უნდა შეამზადონ.
ავტომობილების მფლობელები ამისთვის ჯერჯერობით მზად არ არიან, რაც სერიოზული პრობლემაა. ხშირ შემთხვევაში, ინფორმაციაც არ აქვთ მოსალოდნელ ცვლილებასთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საზღვარზევე უნდა დაიწყოს კონტროლი, რომ ავტომობილი კატალიზატორის გარეშე არ შემოვიდეს. საერთაშორისო ინსპექტირების დოკუმენტაცია უნდა მოეთხოვოს საზღვარზევე, როცა მანქანა შემოყავთ. ახლა საფიქრალი ისაა, როგორ დაინერგოს სტანდარტი ისე, რომ მძღოლებისთვის ნაკლებად მტკივნეული გახდეს და გარემოს გაჯანსაღებაზეც იყოს ორიენტირებული”, - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" დათო მესხიშვილი და დასძენს, რომ ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებითაც მიდგომა შესაცვლელია.
,,არანაკლებ სერიოზული პრობლემაა, რომ დღეს საქართველოში შესაძლებელია ნებისმიერი ავტომობილის იმპორტი, რაც ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ყველანაირი ჯართი შემოდის. მერე ვითხოვთ, რომ ესა თუ ის ავტომობილი საკანონმდებლო ნორმის ქვეშ მოაქციონ. ამისთვის სტანდარტი უნდა დაწესდეს უშუალოდ საზღვარზე, როგორც ეს აზერბაიჯანმა გააკეთა. იქ "ევრო 4"-ის სტანდარტი და უკვე "ევრო-5"-ის სტანდარტზე გადადიან.
ევროპული სტანდარი არ გახლავთ საოცრება, ეს არის ეკოლოგიური ნორმა, რომელიც უკავშირდება გამონაბოლქვს და მავნე ნივთიერებებს. ჩვენთან ნორმასთან შეუსაბამო სატრანსპორტო საშუალებები შემოდის და ეს უნდა აღიკვეთოს, რეგულაციაც გაცილებით მარტივად განხორციელდება.
ქვეყანამ ავტოპარკის განახლებასა და სტანდარტის დანერგვაზე უნდა იზრუნოს. ერთხელ და საბოლოოდ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა. 2017 წლის მთავრობის დადგენილება არსებობს და თუ მართლა გვინდა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება ახალი პარკის ხელშეწყობით უნდა დავიწყოთ. ძველი ავტომობილები ახლით უნდა ჩანაცვლდეს, მაგრამ კანონმდებლობაში ამ მიმართულებით არც ერთი პუნქტი შესრულებული არ არის. მხოლოდ კატალიზატორების კონტროლი ვერ მოახდენს საოცრებებს, საჭიროა თანმიმდევრული პოლიტიკა ავტოპარკის განახლებისთვის”, - განაცხადა მესხიშვილმა.