თამთა ჩაჩანიძე
01.10.2019

 „კატეგორიულად ვაფრთხილებთ, რომ არ გაბედონ მძღოლების დევნა და დაჯარიმების მცდელობა. 100 ათასი ადამიანის მშივრებად დატოვებას ჩვენ მძღოლებთან ერთად მშვიდად არ შევეგუებით და ეს მათ არ გაუვათ. ხელახლა განვაახლებთ საპროტესტო მოძრაობას და ბრძოლას, რომელიც აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" ლეიბორისტული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი თბილისის მერიის მიერ ტაქსების რეგულაციას.

ტაქსების კატეგორიებად დაყოფის მეორე ეტაპი ძალაში დღეიდან შევიდა. მხოლოდ თეთრი ფერის ტაქსებს ეძლევათ საშუალება ისარგებლონ გარკვეული პრივილეგიებით, ხოლო რეგულაციის მიხედვით, დანარჩენი ფერის ტაქსებს ეზღუდებათ სატაქსე ნიშნით გადაადგილება და მგზავრების ქუჩიდან აყვანა.

„რეალურად რომ ვთქვათ, ტაქსების რეფორმა ჩავარდა. თვითონ მერია ადასტურებს, რომ რეალურად გადაღებილია არაუმეტეს ტაქსების 10%-სა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მათ ვერ უნდა გაბედონ და ჩვენ ვაფრთხილებთ, რომ არ გაბედონ დანარჩენი 90%-ის ტაქსის მძღოლების დევნა და დაჯარიმება, იმიტომ, რომ 25 ათასზე მეტი ტაქსის და მათი მძღოლის დევნა ნიშნავს მათი ოჯახების წევრი 100 ათასი ადამიანის მშივრად დატოვებას და ამას არ შეეგუებიან არც მძღოლები და არც ჩვენ, ლეიბორისტები, როგორც მათი მთავარი მხარდამჭერი ძალა>

„თუკი ისინი გაბედავენ ამას ჩვენ ხელახლა განვაახლებთ საპროტესტო მოძრაობას და ბრძოლას, რომელიც აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება .

„რამდენიმე ხნის წინ ჩვენ ტაქსის მძღოლებთან ერთად საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ავტო-საპროტესტო კოლონა დავძარით და ივანიშვილსა და კალაძეს ვანახეთ რამხელა ძალაა ტაქსების მძღოლებში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კეთილგონიერება ეყოფა კალაძე-ივანიშვილს და სატაქსო მონოპოლიის შექმნის მცდელობაზე ხელს აიღებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ძალიან მძიმედ დაუჯდებათ მათ და სავარაუდოდ ხელისუფლების ნაადრევ დაკარგვადაც კი, იმიტომ, რომ ამხელა საზოგადოებრივ თემასთან ჭიდაობა მათ ნამდვილად არ გამოუვათ.

„გამორიცხულია, რომ ადამიანები შიმშილით სიკვდილს წყნარად შეეგუონ. აქედან გამომდინარე, ეს ტაქსებიც ივლიან ქალაქში და მერიას მოვუწოდებ, რომ არ გაბედონ მათზე ნადირობა", - განაცხადა ჩხარტიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×