რეზონანსი
01.10.2019

 საქართველოს ბრიტანელი ღვინის პროფესიონალების 11-კაციანი ჯგუფი ეწვია, რომლის შემადგენლობაში სომელიეები, ღვინის იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები შედიოდნენ. ღვინის ექსპერტების ვიზიტს ორგანიზება გაუწია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორმა კომპანიამ - swirl wine group. 

swirl wine group-ი ცნობილი ბრიტანელი ღვინის მაგისტრის - სარა ებოტისა და ღვინის მწერალ რობერტ ჯოზეფის ერთობლივი კომპანიაა, რომელიც ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და, შესაბამისად, ექსპორტის ზრდას სხვადასხვა ღონისძიებების საფუძველზე.

ღვინის ტურის ფარგლებში სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და მცირე მარნებს ქართლსა და კახეთში ეწვივნენ და ადგილზე დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინოები. ამასთან ერთად, თბილისში ჩატარდა დეგუსტაცია, სადაც ღვინის მწარმოებელ 27 კომპანიას შესაძლებლობა მიეცა, საკუთარი პროდუქცია ღვინის პროფესიონალებისთვის წარედგინა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ბრიტანელ პროფესიონალებს კახეთში, ერთ-ერთ ღვინის კომპანიაში შეხვდა. როგორც მან აღნიშნა, დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ბაზარია და მსგავსი ღონისძიებები ქართული ღვინის ბაზრის დივერსიფიკაციისკენაა მიმართული.

`დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. წელიწადის ამ საუკეთესო დროს, რთველის პერიოდში, მათი საქართველოში ვიზიტის მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაა. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ ქართული ღვინის კულტურას და უნიკალურ ქართულ ღვინოებს, რომელზეც მოთხოვნა, სხვა საერთაშორისო ბაზრებთან ერთად, დიდ ბრიტანეთშიც მზარდია,~ - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

ბრიტანელი პროფესიონალების შეფასებით, საქართველო გამოირჩევა ღვინის კულტურის მდიდარი ისტორიით, ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებით, ღვინის დაყენების ტრადიციებითა და უნიკალური ღვინოებით.

`ორ წელიწად ნახევრის წინ ვიყავი საქართველოში და აღფრთოვანებული დავრჩი არაჩვეულებრივი ჯიშების მრავალფეროვნებით, ამიტომ მინდოდა, კიდევ უფრო მეტი გამეგო ქართული ღვინის შესახებ. ჩემი აზრით, საქართველო ბევრად უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე სხვა ქვეყნები, რაც ჩემთვის ყველაზე მეტად აღმაფრთოვანებელია. შემონახული ისტორია და ტრადიციები, ქვევრის დამზადების პროცესი, ეს ყველაფერი ჩემთვის წარმოუდგენლად საინტერესოა. მომწონს ადამიანებთან შეხვედრა, ღვინისა და საკვების შეხამება, ჭაჭაზე დადუღებული ღვინის ნაირსახეობა, რომელსაც არაჩვეულებრივი არომატები აქვს.

კახეთის რეგიონზე მეტის გაგების სურვილი მაქვს, კერძოდ კი, მინდა, გავეცნო ქარვისფერ ღვინოებს, ჭაჭაზე დადუღებულ ღვინოებს, როგორებიცაა ქისი, ხიხვი, რადგან ბრიტანეთში ბევრჯერ გამისინჯავს რქაწითელი, მაგრამ ადგილწარმოშობის სახეობები იშვიათად გვხვდება. საინტერესო იყო იმ ადამიანების გაცნობაც, ვინც უშუალოდ ჩართულია ამ ჯიშების ღვინის მომზადების პროცესში,~ - აღნიშნა სომელიე ემილი ჰერმანმა.

ბრიტანელი სტუმრების ვიზიტი კახეთში რთველის მიმდინარეობას დაემთხვა. რამდენიმე ღვინის საწარმოში მათ ყურძნის გადამუშავების პროცესის გაცნობის შესაძლებლობაც მიეცათ. წელს კახეთში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. რთველის პროცესი შეუფერხებლად მიდის და, 30 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში უკვე 180 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული.

ამ კვირაში საქართველოს ღვინის პროფესიონალები ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც ეწვევიან. ჯგუფს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია `მარქ ენერჯის~ დირექტორი ჯული პეტერსონი ხელმძღვანელობს. ამერიკელი სტუმრები რთველის პროცესსა და ღვინის მარნებს კახეთში, ქართლსა და იმერეთში გაეცნობიან, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისკენ აშშ-ის სტრატეგიულ ბაზარზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×