შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში 26-27 სექტემბერს ქართულ-რუსულ-შვეიცარიული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც როკის გვირაბთან და მდინარე ფსოუზე შვეიცარიელი მებაჟეების განთავსების დეტალებზე იმსჯელეს. შესაბამის შეთანხმებას საქართველოსა და რუსეთს შორის 2011 წელს მოეწერა ხელი, თუმცა მისი ამოქმედება უკვე 8 წელია ჭიანურდება. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ამას შეთანხმების არაორდინალურობით ხსნის.
ცნობა ბერნის შეხვედრის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ შეხვერდა შვეიცარიული მხარის თავმჯდომარეობით მომდინარეობდა და მას ქართული და რუსული დელეგაციების გარდა, ტვირთების მონიტორინგისთვის შერჩეული ნეიტრალური კომპანია „ეს-ჯი-ესის" წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
„რუსულმა და ქართულმა დელეგაციებმა განაგრძეს შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული გადაიწყვეტელი საკითხების განხილვა. მათ მიაღწიეს შეთანხმებას შემდგომი ურთიერთქმედებების შესახებ შვეიცარიის დახმარებით წინ წაწევის გზების მოსაძიებლად. „ეს-ჯი-ესის" წარმომადგენლებმა მხარეებს მიაწოდეს ინფორმაცია მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ. სამუშაო ჯგუფის შემდეგი შეხვედრა 2019 წლის დეკემბერშია დაგეგმილი", - ნათქვამია რუსეთის საგარეო სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი გეგმის თანახმად, შვეიცარელ მებაჟეებს ფსოუზე და როკოს გვირაბთან სატესტო რეჟიმში 2018 წლის ბოლოს უნდა დაეწყოთ მუშაობა, 2019 წლის გაზაფხულიდან კი ხელშეკრულება სრულად ამოქმედდებოდა. თუმცა, როგოც ამ ბოლო ინფორმაციიდან ჩანს, ეს ყველაფერი მინიმუმ 2020 წლისთვის გადაიდო.
„ამ თემაზე მუშაობა მიმდინარეობს. მორიგი შეხვედრა შედგა," - აცხადებს „რეზონანსთან" რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე.
მისი თქმით, ამ კონკრეტული შეხვედრისა და ზოგადად, ქართულ-რუსულ-შვეიცარული სამუშაო ჯგუფის მუშაობაზე მას ინფორმაცია არ აქვს და შესაბამისად, ვერ ისაუბრებს, თუ კონკრეტულად რა დეტალებზე ვერ ხერხდება ჯერჯერობით შეთანხმება
კითხვაზე, შეთანხმების იმპლემენტაციის ასეთი გაჭიანურება ხომ არ აჩენს ეჭვს, რომ ოფიციალური მოსაკოვი შეთანხმების საერთოდ ჩაშლას ცდილობს, აბაშიძე უარყოფითად პასუხობს.
„ეს დროში იწელება იმიტომ, რომ არაორდინალური, პრინციპში უპრეცენდენტო სახის შეთანხმება და პროექტია. ანალოგიური გამოცდილება სხვა ქვეყანაში არ არსებობს. ამიტომ, ბევრი კითხვაა, ბევრი დეტალია, ბევრი ნიუანსია...
„წინსვლა ნამდვლად არის იმ თვალსაზრისით რომ, კონტრაქტები შვეიცარიულ კომპანიასთან შარშან გაფორმდა. საქართველომ და რუსეთმა თანხებიც გადაიხადეს," - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.