ეროვნული ბანკი საკუთარ მიდგომას 180 გრადუსით ცვლის. წლის დასაწყისიდან კომერციული ბანკებისათვის დოლარში 5%-ით გაზრდილ სარეზერვო მოთხოვნას კვლავ ამცირებს. ამით ბანკებს 700 მლნ დოლარის რესერუსი გამოუთავისუფლდებათ. შედეგად მთავრობა ლარის გამყარებას ელის, თუმცა არავინ საუბრობს იყო თუ არა აქამდე არსებული პოლიტიკა არასწორი და ვინ არის პასუხისმგებელი გაუფასურებულ კურსზე.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნის 30%-დან 25%-მდე შემცირების გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. ამ გადაწყვეტილებით დოლარზე მოთხოვნა, გარკვეულწილად, დაბალანსდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია კურსის დასტაბილურებისა და სამომხმარებლო ფასების ზრდის შეჩერების მიმართულებით.
ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ გაუფასურების ტენდენციას ინარჩუნებდა, ეროვნულმა ბანკმა უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე, პირიქით, დარეზერვების მოთხოვნის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. აპრილში აღნიშნული კოეფიციენტი 25%-და 28%-მდე გაიზარდა, ხოლო მაისში 30%-მდე. მაშინ მთავრობა და კომერციული ბანკები, ეროვნულო ბანკის ამ ნაბიჯს ერთხმად იწონებდნენ, ახლა კი აღმოჩნდა, რომ ეს მცდარი ნაბიჯი იყო.
„ჩვენ სრულად გვესმის და ვიაზრებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაცვლითი კურსი და მასთან დაკავშირებით ფასების ზრდა. ის ნაბიჯი, რაც დღეს ეროვნულმა ბანკმა გადადგა, კერძოდ, უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირება, მთავრობა ამ ნაბიჯს სრულად მიესალმება და მხარს უჭერს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, კურსის დასტაბილურება ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის კოორდინაციით განხორციელდება.
გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს ეკონომიკის მინისტრიც, რომელიც ამბობს, რომ სებ-ი სრულად ფლობს ყველა აუცილებელ ბერკეტს, რათა საჭირო დროს მოახდინოს გარკვეული კორექცია.
„ეროვნული ბანკის დღევანდელი გადაწყვეტილება ცალსახად დადებითად აისახება ლარის კურსზე და ასევე დადებითად საშუალოვადიან პერსპექტივაში ეკონომიკაზე, რადგან ეს არის 700 მლნ დოლარის რესური, რომელიც ისევ ჩვენს ეკონომიკას, ბიზნესს მოხმარდება და იმავდროულად გაამყარებს ლარის კურსს“, – განაცხადა თურნავამ.
არც სამთავრობო გუნდს, არც კომერციული ბანკის წარმომადგენელს და არც თავად დღევანდელი ცვლილების ავტორს, არაფერი უნთქვამთ, იყო თუ არა დღედე სებ-ის მეირ გადადგმული ნაბიჯები შეცდომა. რა ნეგატიური გავლენები იქონია ქვეყანის ეკონომიკაზე და ეროვნულ ვალუტაზე და ვინ იღებს პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე.
"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ეხმაურება. წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებებზე არც მას უსაუბრია და ცვლილების მხოლოდ სამომავლო გავლენები შეაფასა.
„ეროვნული ბანკის დღევანდელი გადაწყვეტილებით ქვეყანაში გაჩნდება უცხოური ვალუტის დამატაბითი რესურსი, რაც საბანკო სექტორს საშუალებას მისცემს ბიზნეს და იპოთეკურ სესხებზე უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთი შესთავაზოს მომხმარებელს. უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემა, კი თავის მხრივ გაზრდის უცხოურ ვალუტის მიწოდებას, შეამცირებს ლარზე წნეხს და ხელს შეუწყობს ლარის გამყარებას", - განაცხადა ბუცხრიკიძე.
ფაქტია, რომ ეროვნულ ბანკს, მოუწია საკუტარი გაცხადებული პოლიტიკის გადახედვა და უკან დახევა. ასე აფასებს ,,რეზონანსთან” ფინანსისტი, მიხეილ თოქმაზიშვილი სებ-ის მხრიდან, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის შემცირებას.
,,ეროვნული ბანკი მივიდა იმ კულმინაციურ წერტილზე, როდესაც იძულებული გახდა უარეყო მისი წინა პოლიტიკა, როცა ის ცდილობდა ლარიზაციას და სწორედ ამ თვალსაზრისით ზრდიდა კომერციული ბანკების მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნებს. დღეს კი უკვე სულ სხვა ვითარება შეიქმნა, სიტუაცია მივიდა კოლაფსამდე, შესაბამისად, ახლა ცდილობენ, გაუმკლავდნენ ლარის კურსს და მაღალ ინფლაციას. სწორედ ეს არის ერთერთი მიზეზი, რის გამოც ეროვნულ ბანკს მისი გაცხადებული პოლიტიკის დათმობა მოუწია, რომელიც გაუზარებლად უნისონში მოდიოდა მთავრობასთან.
დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ კრიტიკულ წერტილში ვართ და მარეგულირებელი ცდილობს დოლარის მოცულობა გაზარდოს ბაზარზე, ეს კი დღეს შეიძლება დაგვიანებულიც კი იყოს, რადგან სპეკულაციური გავლენა გამოიწვიოს ეროვნული ბანკის შემდგომ ინტერვენციებზე.
რა თქმა უნდა ეს არის ახალი პრემიერის გავლენა”, - აღნიშნა "რეზონანსთან" თოქმაზიშვილმა.