პირველ ოქტომბერს დაჯარიმებულ ტაქსის მძღოლებს ჯარიმებს გაუუქმებენ. ამის თაობაზე გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა მიიღო, რომელიც ჯარიმების ჩამოწერას ერთჯერადი საკანონმდებლო აქტით გეგმავს.
როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ძალიან კარგი რეფორმა განხორციელდა, რომელიც მორგებულია როგორც მომხმარებლების, ასევე ტაქსის მძღოლების ინტერესებზე.
„გარვკეულმა ჯგუფებმა არასწორი მოლოდინის გაჩენა შეძლეს და შეცდომაში შეიყვანეს ტაქსის მძღოლები 1-ელ ოქტომბერთან დაკავშირებით, მათ ეგონათ, რომ 1-ელ ოქტომბერს არ დაჯარიმდებოდნენ. ამის გამო, ეს ადამიანები ქალაქში გამოვიდნენ და პატრულმა 200-ლარიანი ჯარიმებით დააჯარიმათ. გადავწყვიტეთ, ამ გაურკვევლობის აღმოსაფხვრელად და ფინანსური ჯარიმის მოსახსნელად ქალაქის მერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და უმრავლესობასთან შეთანხმებით, მივიღოთ საკანონმდებლო ერთჯერადი აქტი, რომლის მიხედვითაც, ჯარიმები მოეხსნებათ ტაქსის იმ მძღოლებს, ვინც პირველ ოქტომბერს დაჯარიმდა“, – განაცხადა მდინარაძემ.