„თუ „ურთიერთობების თვალსაჩინო გაუმჯობესებაში" დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა იგულისხმება, ალბათ, ეს ხმამაღლა უნდა ითქვას. რუსეთთან ურთიერთობა შეუძლებელია ღია ტექსტების გარეშე... ავიამიმოსვლა ჩვეულებრივი ამბავი იყო, ხოლო დღეს უკვე რაღაცაც ითხოვენ", - ასე შეაფასა „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტიკურმა ექსპერტმა, ვახტანგ ძაბირაძემ, რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსის, დმიტრი პრესკოვის განცხადება, რომელიც საქართველოსთან ავიამიმოსვლის პირობას ასახელებს და ამბობს, რომ ეს მხოლოდ „ურთიერთობების თვალსაჩინო გაუმჯობესების" შემდეგ მოხდება.
რუსული მედიის ინფორმაციით, პესკოვმა აღნიშნა , რომ საქართველოს მიმართულებით ფრენები მხოლოდ მას შემდეგ განახლდება, როცა მოხდება ქვეყნებს შორის ურთიერთობების თვაკსაჩინოდ გაუმჯობესება და როცა ცხადი გახდება, რომ „აგრესიულ კალაპოტში" დაბრუნება უკვე აღარაა მოსალოდნელი.
მისივე თქმით, უკვე რასებობს ამის პირველი მაგალითი - ნიუ-იორკში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. ამჟამად კი რუსეთის ხელისუფლება საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვით დაზარალებულ ავიეკომპანიებთან კომპენსაციის საკითხს განიხილავს.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ დმიტრი პესკოვი, სავარაუდოდ, საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერობების აღდგენაზე მიანიშნებს, მაგრამ მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში არანაირი კონკრეტიკა არ შეიმჩნევა:
„(ურთიერთობების) თვალსაჩინო გაუმჯობესებაში კონკრეტულად ვინ რას გულისხმობს, არის სრულიად გაუგებარი და გაურკვეველი. ვერ ვიტყვით, რომ ხელისუფლების მხრიდან რუსეთის დიდი კრიტიკა მიდის. მეორე მხრივ, ხელისუფლება ოპოზიციას ვერ დაუშლის შეფასებებს.
„თუ „ურთიერთობების გაუმჯობესებაში" დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა იგულისხმება, ალბათ, ეს ხმამაღლა უნდა ითქვას. სავარაუდოდ, ეს იგულისხმა პესკოვმა, სხვა რაზე შეიძლება, რომ ყოფილიყო საუბარი?! მე რამდენადაც ვიცი, საქართველოს მთავრობას რუსეთის წინააღმდეგ კარდინარული ნაბიჯები არ გადაუდგამს.
„სხვათა შორის, მინდა აღვნიშნო, რომ ავიამიმოსვლის აკრძალვა იყო მიზეზი იმისა, რომ ეს ნაბიჯი გადადგმულიყო, შესაბამისად, თუ ამ შემთხვევაში საუბარია დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე, ეს უნდა გახდეს ფართო საზოგადოებრივი მსჯელობის სეგმენტი.
„არა მგონია, რომ რაღაც სერიოზული ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ. როგორც ხედავთ, 20-21 ივნისამდე საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლა ჩვეულებრივი ამბავი იყო, ხოლო დღეს უკვე რაღაცას ითხოვენ ამასთან დაკავშირებით. ეს ასე იქნება და ყოველთვის ასე იყო. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს გამოიწვია ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრამ გაერო-ში", - ამბობს ძაბირაძე.
მისივე თქმით, რუსეთი მანიპულირებს ავიმიმოსვლის აღდგენის საკითხით, რადგან ამ შემთხვევაში საშუალება მიეცა, რომ საკუთარი პირობები წამოაყენოს და ამის სანაცვლოდ ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება:
„რუსეთთან ურთიერთობა შეუძლებელია ღია ტექსტების გარეშე. ნებისმიერმა ხელისუფალმა, რომელიც რუსეთთან რაიმე ურთიერთობას დააპირებს, ეს უნდა გააკეთოს ღიად და საზოგადოებისთვის თვალსაჩინოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ნახევრად გასაიდუმლოებული შეხვედრები ყოველთვის იქნება გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ.
„არ ვიცი პესკოვი, რას ფიქრობს და რა ინფორმაცია აქვს, მაგრამ საქართველოში 2008 წლის ომის პირობებშიც კი არ ყოფილა აგრესია და რუსოფობიური განწყობები, მით უმეტეს, დღეს არ არის - ეს სრულიად არასწორი ინფორმაციაა, ანუ შეგნებულად ამძაფრებს ვითარებას.
„პესკოვის სიტყვები შედეგია ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრისა: „გინდათ ფრენები აღვადგინოთ? მაშინ, დავუშვათ, ნუ ლაპარაკობთ იმაზე, რომ რუსეთი ოკუპანტია; ნუ აპროტესტებთ ბორდერიზაციას..." - მინიმუმ ეს იქნება. მაქსიმუმი, რა თქმა უნდა, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე დაიწყება საუბარი", - განმარტა ვახტანგ ძაბირაძემ.