თამარ შუკვანი
05.10.2019

 „მურუსიძე შევიდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე, ამოიკითხოს მოსამართლე წევრების გვარები, მიამატოს თავისი და ჩინჩალაძის გვარი, თუ უნდა ვინმე დაამატოს - არც ამის წინააღმდეგი ვიქნები - მინიმუმ ესენი არიან „კლანი," - აცხადებს „რეზონანსთან" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლე ლევან მურუსიძის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც თქვა, რომ საბოლოოდ დაიდოს სია, თუ ვინ არის „კლანის" წევრი.

მოსამართლე ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სასამართლო სისტემაში „კლანის" არსებობა, აბსურდია. მისი თქმით, თუ დღეს გადავხედავთ, ვინ საუბრობს სასამართლო „კლანზე" ტელევიზიებში, „სულ ბრუნავს 30 ადამიანი, რომლებსაც ტელევიზიებში ექსკლუზივი აქვთ, რომ სასამართლოში კლანია".

„დაიდოს სია, ვინ არის „კლანის" წევრი - ხომ შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ეს თემა?" - აცხადებს მურუსიძე.

ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მურუსიძეს ეტყობა არ ესმის „კლანის" განმარტება და მოუწოდებს, ჯერ ამ ტერმინის სიზუსტეში გაერკვეს.

„ყველა ძალიან კარგად ამჩნევს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენებს და განვითარებულ პროცესებს - უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევის დროსაც კი, თუ ვინ ვის ლობირებდა, ვინ ვის უჭერდა მხარს და ა.შ. სია, ეს არის პირველ რიგში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხალხი, თვითონ და ჩინჩალაძე. დანარჩენი მხარდამჭერები, აქტიური ჰყავს თუ პასიურები, უკვე თვითონ გამოვიდეს და ილაპარაკოს. ისე გამოვიდა, თითქოს ხალხს ამით პასუხს უბრუნებს „კლანზე", რომ სია დაიდოს.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები არიან „კლანის" წევრები. თვითონაც „კლანის" სათავეშია - მდივანი იყო - და თავისი მეგობარი ჩინჩალაძეც. რამე გაუგებარია? მაშინ ჩაიხედოს რას ნიშნავს „კლანი" და შემდეგ დასვას ეს კითხები," - აღნიშნა ჯანეზაშვილმა.

მურუსიძეს მიაჩნია, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხარისხი დღეს რომ არის, ასეთი საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა, რაზეც ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში გადაგზავნილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სია „სხვა რამეზე მეტყველებს".

„ზუსტად ორი დღის წინაც ნატო-სთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოში გაიმართა, ძალიან მაღალი თანამდებობის მქონე პირები საუბრობდნენ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. ლევან მურუსიძემ დღეში ასჯერო რომ გაიმეოროს სასამართლო დამოუკიდებელიაო, ამით სასამართლო დამოუკიდებელი ვერ გახდება. ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. თუნდაც ის სია, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნა უზენეს სასამართლოსთან დაკავშირებით, სხვა რამეზე მეტყველებს.

„დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაში ასეთი სამარცხვინო სია ვერ შედგებოდა. დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაში იქნებოდნენ გამორჩეული იურისტები და არა ჩინჩალაძის გვერდით კაბინეტებში მსხდომი მოსამართლეები. ამ სიაში უმრავლესობა არის ისეთი ადამიანი, რომელიც ჩინჩალაძის სასამართლოში მუშაობს, უშუალოდ სააპელაციოში. სიის შემადგენლობა მეტყველებს იმაზე, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და ის „კლანის" მეშვეობით იმართება," - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×