თამარ შუკვანი
05.10.2019

 „თქმა იმისა, რომ მათ „ეს (აქციები) უნდოდათ და ამიტომ ააგორეს"... ნებისმიერ შემთხვევაში და ნებისმიერ თემაზე ოპოზიცია თუ შეძლებს - საპროტესტო აქციას ააგორებს. ქუცნაშვილის ლოგიკა არ მესმის. თვითონაც, როდესაც ოპოზიციაში იყო, პროტესტის აგორება უნდოდათ, მაგრამ ამას საბაბი სჭირდება. საბაბად გამოიყენეს ის მომენტი, რომ გავრილოვი პარლამენტის სპიკერის სავარძელში აღმოჩნდა," - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ყოფილი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადების კომენტირებისას.

ქუცნაშვილმა სამთვიანი დუმილის შემდეგ, 4 ოქტომბერს განცხადება გააკეთა და „ფეისბუკზე" საკმაოდ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა. ყოფილმა დეპუტატმა 20 ივნისის მოვლენები ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუკავშირა.

მისი თქმით, ოპოზიციამ, კერძოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ" და „ევროპულმა საქართველომ" წინასწარ იცოდნენ, რომ ივლისში სტრასბურგის სასამართლო „რუსთავი 2"-ს ქიბარ ხალვაშს დაუბრუნებდა, რის გამოც მათ აქციების აგორება გადაწყვიტეს. როგორც კი შანსი მიეცათ, პროვოკაცია მოაწყვეს და გავრილოვის ამბებზე აქციები მოაწყვეს.

ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია ყოველთვის მიმართულია იმისკენ, რომ აქციები მოაწყოს და ამ შემთხვევაში მთავარ საკითხს ის წარმოადგენს, თუ რა გახდა ამ აქციების დაწყების საბაბი.

„ოპოზიცია, და მითუმეტეს ქართული ოპოზიცია, ყოველთვის მომართულია იქითკენ, რომ აქციები ააგოროს და პროტესტი გამოხატოს. თქმა იმისა, რომ ეს რაღაც არაორდინალური და ახალია, არ იქნება სწორი, რადგან ჩვენთან ოპოზიცია, ტრადიციულად, ამას აკეთებს. საქმე ის კი არაა, ოპოზიციამ შემდეგ რა გააკეთა, არამედ ის, თუ ამის საბაბი რა იყო.

„ხელისუფლებამ იმის საშუალება მისცა, რომ ოპოზიციური პროტესტი გამოხატულიყო. თუ არ იქნებოდა ის პროცესი, რაც „გავრილოვის ღამის" მიზეზი გახდა, „ევროპული საქართველო" და „ნაციონალური მოძრაობა" ამას ვერ გამოიყენებდა," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×