(რეზონანსი) ახალი დეტალები თბილისში მომხდარ დაჭრაზე - არსებული ინფორმაციით, 41 წლის გოჩა ვეფხვაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან 4 ტყვია ესროლეს.
თავდამსხმელებმა გულმკერდის და ფეხის არეში მძიმედ დაჭრილი მამაკაცი საბურთალოს ტერიტორიაზე მიიყვანეს, ქუჩაში დატოვეს და შემდეგ ადგილიდან მიიმალნენ.
„რუსთავი 2"- ის ცნობით, თვითმხილველის ინფორმაციით, კონფლიქტი გახოკიძის 3 ნომერში დაიწყო, მას შემდეგ რაც ეზოში ლუდის დასალევად შეკრებილ 6 მამაკაცს გოჩა ვეფხვაძე მეგობართან ერთად შეუერთდა. როგორც ცნობილია, კონფლიქტი ლისის ტბაზე გაგრძელდა, სადაც სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა.
მომხდარის სავარაუდო მოტივად ანგარიშსწორება სახელდება. ახლობლების ინფორმაციით, ვეფხვაძეს წარსულში გარკვეულ პირებთან დაპირისპირება ჰქონდა, რის შემდეგაც ქვეყნის დატოვება მოუხდა.
პოლიციის თანამშრომლებმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღეს.
საქმე 236-ე მუხლის, მე-3 და მე-4 ნაწილით, 117 და 143-ე მუხლითაა აღძრული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ტარებას, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.