მარიამ ბოლქვაძე
06.10.2019

 მოძრაობის: „სირცხვილია" ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიგა მაქარაშვილი ზაქარია ქუცნაშვილის განცხადების გამო, რომ 20 ივნისს სერგეი გავრილოვის პარლამენტში მოხვედრისთვის გარკვეულწილად პასუხისმგებლობა შესაძლოა გიგა მაქარაშვილის მამას - ნუკრი მაქარაშვილსეკისრებოდეს, მის წინააღმდეგ სასამართლოში ცილისწამებისთვის ჩივილს არ აპირებს. მისი შეფასებით, ქუცნაშვილი უბრალოდ კომიკურ პერსონაჟად გადაიქცა, რომელიც პირადად მისგან და მისი ოჯახისგან მეტი კომენტარის ღირსი არც არის.

„მამა მუშაობს პარლამენტში და ის მუდმივად იმყოფება პარლამენტის დარბაზებში. მასთან ერთად მუშაობს კიდევ ხუთი ადამიანი და ამ ექვს ადამიანს ევალება, რომ ყველა, მათ შორის, სხდომათა დარბაზში, ბიუროებში, კომიტეტებში მიკროფონები და დინამიკები გამართულად მუშაობდეს.

„ზოგადად, ქუცნაშვილი განსაკუთრებული პოლიტიკური ლიდერი არასოდეს ყოფილა და, შესაბამისად, არც არასოდეს მიფიქრია, რომ მაღალი „აი-ქიუ" ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნებიდან", ფაქტობრივად, გააგდეს, მთელი გუნდი დაუპირისპირდა და გააკრიტიკა.

„ბევრი იფიქრა, დათვალა ასი დღე და მეასე დღეს მოიფიქრა, რომ თურმე გავრილოვის პარლამენტში მიყვანა მამაჩემის ბრალი ყოფილა, კაცის, რომელიც 22 წელია პარლამენტში მუშაობს და უბრალოდ ევალება, რომ მიკროფონები და დინამიკები გამართულ მდგომარეობაში იყოს.

„ზაქარია ქუცნაშვილი კომიკურ პერსონაჟად იქცა. როცა მმართველი გუნდი და მისი წევრები ამ დონემდე ეშვებიან, ამას ეწოდება სრული აბსურდი. ეს იმის ნიშანია, რომ „ქართულ ოცნებას" პოლიტიკურად, ძალიან დიდი კრიზისი უდგას, რაც, ბუნებრივია, ქვეყანას არაფერს კარგს არ უქადის. რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ ზრუნვა იმაზე, რომ არსებული ხელისუფლება დროულად შევცვალოთ,"-განაცხადა „რეზონანასთან" საუბრისას, ანტისაოკუპაციო აქციის „სირცხვილია" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა.

შეკითხვაზე, აპირებენ თუ არა მაქარაშვილები ქუცნაშვილს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლონ, მან თქვა, რომ სასამართლოს ისედაც უამრავი საქმე აქვს და ვერაფერს ვერ იძიებს, ნორმალური გადაწყვეტილებები ვერ გამოაქვს და ქართული სასამართლოს მიმართ მას არავითარი ნდობა არ გააჩნია.

„არ ვაპირებ, რომ ამაზე დრო დავხარჯო. ქუცნაშვილი ჩემი და ჩემი ოჯახისგან მეტი კომენტარის ღირსიც კი არ არის," - დაამატა მაქარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს, ზაქარია ქუცნაშვილმა ასეთი განცხადება გააკეთა:

„პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში როგორ აღმოჩნდა გავრილოვი - მიკროფონი ჩაურთო და შეიძლება, სკამიც დაუდო აქციების ერთ-ერთი ლიდერის მამამ. იქნებ, ეგეც მოიკითხოთ", - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×