
(რეზონანსი) გურიაში ავტო საგზაო შემთხვევის შედეგად, პატრულის მანქანა ძროხას დაეჯახა. შედეგად საპატრულო ეკიპაჟმა პირუტყვის მეპატრონე 100 ლარით დააჯარიმა.
"საპატრულო ეკიპაჟი დაეჯახა ჩემს კუთვნილ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ადგილზე მოკლა და მე დამაჯარიმა, გთხოვთ დამეხმაროთ უსამართლოდ მექცევიან, მჩაგრავენ სამი საპატრულო ეკიპაჟი იყო, დაიწყეს ვაჭრობა, რომ ვერ შევთანხმდით მერე მე დამაჯარიმეს“ - განუცხადა „გურიის მოამბეს“ ფერმერმა სოფელ მერიიდან, თემურ ქამადაძემ.
მისივე განცხადებით, შემთხვევა დაახლოებით სოფელ მერიაში, ადგილობრივ ბენზინგასამართ სადგურთან მაშინ მოხდა, როცა ის სოფელ ნაღობილევიდან, სადაც მას პატარა ფერმერული მეურნეობა აქვს, საკუთარ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვებს სოფელ მერიაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიერეკებოდა.
პირუტყვის მეპატრონის თქმით, საპატრულო ეკიპაჟის თანამშრომლები მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ.
პირუტყვის მეპატრონე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 127-ე მუხლის მესამე ნაწილით დააჯარიმეს. სამართალდარღვევა ქვეითად მოსიარულის ან საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილის მიერ მოძრაობის წესების დარღვევა, აგრეთვე საავტომობილო გზის გასწვრივ პირუტყვის ძოვების წესების დარღვევას გულისხმობს.