თამარ მუკბანიანი
10.10.2019

 საქართველოს 4 დაცული ტერიტორია - მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები პირველად საქართველოს ისტორიაში, იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაზე მიმდინარე წლის თებერვალში წარადგინეს.  ბოლო ერთი კვირის მანძილზე ტერიტორიებს ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის ექსპერტები სტუმრობდნენ, რომლებიც ადგილზე გაეცნენ ტერიტორიების ბიომრავალფეროვნებასა და უნიკალურ კოლხურ ტყეებს. შედეგად, საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობა პირველად შევა იუნესკოს ნუსხაში. 

კონფერენციაზე კოლხური ტყეებისა და წყალჭარბი ტერიტორიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს ტერიტორიების მართვის მენეჯმენტის გეგმები,  წარადგინეს მოხსენება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ პროექტებზე. 

ინიციატივა 2017 წლიდან ხორციელდება გერმანიის მთავრობის, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა) და მიხეილ ზუკოვის ფონდის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით. დაცული ტერიტორიების მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად ნომინირება უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს ქვეყნისთვის. 

როგორც სპეციალისტები ადასტურებენ, დაცული ტერიტორიებისთვის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის  სტატუსის მინიჭება გააუმჯობესებს ტერიტორიების დაცვის ხარისხს. ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიების ცნობადობის გაზრდას, ეკოტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო მნიშვნელობის ბუნებრივი ობიექტების მართვის გამოცდილების გაზიარებას,  ვიზიტორების დაინტერესებას და მათი რაოდენობის ზრდას, შესაბამისად, შერჩეულ ტერიტორიებზე მაღალკვალიფიციური და თანამედროვე კვლევების წარმოების ალბათობას, ასევე დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მაცხოვრებელ მოსახლეობისათვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები გამოირჩევა მისი უნიკალური ეკო-სისტემებითა და მდიდარი ბიომრავალფეროვნებით. ტერიტორიებზე გავრცელებულია წითელი ნუსხის, რელიქტური და ენდემური სახეობები. განსაკუთრებით აღსანიშნავია: კოლხური ბზა, ლაფანი, კოლხური მუხა, წიფელი, წაბლი, იშვიათი სფაგნუმები, უნგრენის შქერი და პონტოს მუხა. კოლხეთის დაბლობი არის იმ მნიშვნელოვანი სახეობების თავშესაფარი, რომლების გამყინვარების პერიოდს გადაურჩნენ. აღსანიშნავია, რომ ეს საერთაშორისო მნიშვნელობის დაცული ტერიტორიებია და წარმოადგენს რამსარის საიტებს.  

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს იმედი აქვს, რომ შემფასებელი მისია - იუნესკოსა და ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის ექსპერტები, რომლებიც ადგილზე გაეცნენ აღნიშნული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნებასა და უნიკალურ კოლხურ ტყეებს, მომავალ წელს დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

„დღეისათვის, იუნესკოს  მიერ საქართველოდან სამი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია დაცული - სვანური კოშკები, გელათი და მცხეთა. ჩვენ პირველი პრეცედენტი გვაქვს, როდესაც ვსაუბრობთ იუნესკოს მიერ ბუნებრივი მემკვიდრეობის აღიარებაზე. როდესაც ტერიტორია შედის იუნესკოს დაცული ტერიტორიების ნუსხაში, ამით მისი უნიკალურობის ხაზგასმა ხდება, რადგან ეს უკვე საერთაშორისო დონეზე აღიარებაა. ვფიქრობ, ტერიტორიების ეს სტატუსი ეკოტურიზმის შესაძლებლობასა და ცნობადობას გაზრდის, რაც უფრო მეტ მნახველს, ტურისტს, მკვლევარს და მეცნიერს მოიზიდავს. ყოველივე ეს, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ბოლო წლებში, ვცდილობთ დავნერგოთ ის სტანდარტები, რომელიც დაცული ტერიტორიების ეფექტიან მართვას უკავშირდება“, - განაცხადა მინისტრმა.

რატომ არის ქვეყნისათვის იუნესკოს მხირად 4 ტერიტორისს ამ სტატუსის მინიჭება და რამდენად გაზრდის ცნობადობას, ასევე, რა სარგებელს მიიღებს ადგილობრივი მოსახლოება, ამასთან დაკავშირებით ,,რეზონანსთან” დეტალურად ისაუბრა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თომა დეკანოიძემ. 

,,საქართველოს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან, მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები და იდგმება არაერთი ნაბიჯი, დაცული ტერიტორიების გაძლიერებისა და პოპულარიზაციის კუთხით.  თვითონ ფაქტი, რაც ეხება იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მისაღებად, უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს, ბუნების დაცვის მოსფლიო ფონდთან და ზუკოვის ფონდთან ერთად და მიმდინარე წლის თებერვალში, საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი იქნა იუნესკოში, 4 დაცული ტერიტორია. წარდგენის მიზანია, ამ ტერიტორიების უნიკალურობა აღიაროს მსოფლიომ. მესამეული, ბოლო გამყინვარების შემდეგ, მანამდე არსებული კოლხური ფლორა, შემორჩენილია და გადაურჩა გამყინვარებას. იმ პერიოდიდან დღემდე, უწყვეტი ჯაჭვია, მცენარეული და მათ შორის, ცხოველთა სამყაროს თანაცხოვრება. 

პირველი ეტაპი იყო წარდგენა და იუნესკოს საბჭომ მიიღო ჩვენი განაცხადი. შედგომი ეტაპია, როცა ექსპერტები უშუალოდ ჩამოდიან ველზე და ნომინირებულ ტერიტორიებს აფასებენ 10 კრიტერიუმით. ამ ათი კრიტერიუმიდან 6 არის კულტურული მემკვიდრეობის  ძეგლებთან, ხოლო 4 ბუნებრივ ტერიტორიებთან. იმ შემთხვავაში თუ 4 კრიტერიუმიდან ერთს მაინც აკმაყოფილებს ტერიტორია, ეს არის საწინდარი, მიიღოს სტატუსი, იუნესკოს დაცვის შესახებ. 

ჩვენი ტერიტორიები კი აკმაყოფილებს 2 კრიტერიუმს, შესაბამისად, ეს გვაძლევს იმედს, იმისა, რომ ნამდვილად მოვიპოვებთ სტატუსს. 

აღიარების შედეგ, მთელი მსოფლიოსათვის გახდება ცნობილი, თუ რა მნიშვნელოვანია ეს ადგილები და იგი უზრუნველყოფს, რომგორც ამ 4 ტერიტორიის ასევე ქვეყნის ცნობადობას. ეს კი ბუნებრივად არის მეტი ვიზიტორის და დამთვალიერებლის საწინდარი. 

ვფიქრობ, ძეგლებისათვის სტატუსის მინიჭება, უზრუნველყოფს, გარშემო მცხოვრები მოსახლეობის დამატებით სარგებელს და ეკონომკურ განვითარებას”, - განმარტავს თომა დეკანოიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×