თამთა ჩაჩანიძე
11.10.2019

 კრემლის იდეოლოგიის გამტარებელი ორგანიზაცია „უკვდავი პოლკი", რომელმაც 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილ ღონისძიების პარალელურად თბილისის ცენტრში ღიად აქცია-მსვლელობა ჩაატარა, სამი დღის წინ იუსტიციის სამინისტრომ ოფიციალურად დაარეგისტრირა. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან ამბობს, რომ ეს „მთლად სასიამოვნო არაა", თუმცა „ამის დაშვება შეიძლება".

„თუ ესაა ორგანიზაცია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისგანაა დაკომპლექტებული და ისინი არეგისტრირებენ ამას, ამაში სახიფათო არაფერია და მიუხედავად იმისა, რომ მთლად სასიამოვნო არაა, ამის დაშვება შეიძლება.

„ეს კონკრეტული ძალა ის ძალა არაა, რომელსაც შეუძლია განსაკუთრებული ამინდი შექმნას საქართველოში. იმდენი გავლენის აგენტურა ჰყავს რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე, რომლებიც არ ჩანან, რომ ასე ღიად დაფიქსირებული ამ ტიპის ორგანიზაცია განსაკუთრებულ ამინდს ვერ შექმნის.

„მეორეხარისხოვან საკითხს აქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას. ეს ის ორგანიზაცია არაფერი ისეთი არ არის, რომელსაც შეუძლია სიტუაცია შეცვალოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის კრემლის ოდეოლოგიის გამტარებელი, იმ ნაწილში რომელსაც ჰქვია მეორე მსოფლიო ომში რუსეთის გამარჯვება და აქედან გამომდინარე ამ გამარჯვების მუდმივი პედალირება. ამ გამარჯვების მუდმივი მედროშეა ეს ორგანიზაცია", - განაცხადა არეშიძემ.

ორგანიზაცია „უკვდავი პოლკის" ქართული დანაყოფის ხელმძღვანელები რევაზ გოგიძე და მისი მეუღლე ანჟელიკა ზახაროვა არიან. არეშიძე ამბობს, რომ ეს ადამიანები იმიტომ ცდილობენ ოფიციალურად დარეგისტრირებას, რომ უფრო მეტი დაფინანსება მიიღონ.

„ეს ადამიანები ამას აკეთებენ თავისი ინიციატივით იმისათვის, რომ გრანტები მიიღონ, ზახაროვა, ეს არის ადამიანი, რომელიც მუდმივად ცდილობს, რომ როგორმე მოხვდეს იმ ორგანიზაციების სიაში, რომელსაც კრემლი აფინანსებს. ასეთი ორგანიზაციები, რასაკვირველია, საქართველოში არის. ეს ორგანიზაციები ფინანსდებიან „რუსკი მირ"-ის პროგრამის მიხედვით.

ამ ორგანიზაციებში შიგნით ძალიან სერიოზული დაპირისპირებაა ამ დაფინანსების გამო. როგორც ჩანს, ვიღაცამ მოინდომა უფრო „ბრენდული ორგანიზაციის" ქოლგის ქვეშ ყოფნა იმისათვის, რომ უფრო მეტი დაფინანსება მიიღოს. ეს ორი ადამიანი აქ რომ ამინდს ვერ შეცვლის, ხომ ვხვდებით. ეს სხვა რამისთვისაა გაკეთებული. ჩემი აზრით, ეს გაკეთებულია იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი დაფინანსება მიიღონ", - აცხადებს არეშიძე.

აღსანიშნავია, რომ ახლახანს მოსკოვის ცენტრში „უკვდავი პოლკის" აქცია გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც დაესწრო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×